რამდენიმე დღეა, რაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველ გუნდთან ერთად ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარჯიშობს. ამ ფეხბურთელთა სახელებია გუგა კიკნაძე და ირაკლი კვეკვესკირი. ორივე 1990 წელსაა დაბადებული და ბოლო წლების განმავლობაში ორივე საზღვარგარეთ ასპარეზობდა.
გუგა კიკნაძე თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. რაც შეეხება ირაკლი კვეკვესკირს, მან ფეხბურთის თამაში რუსეთში, კერძოდ მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, შემდეგ კრასნოდარის "ყუბანშიც" ითამაშა, ბოლოს კი მადიარულ "პეჩში" ასპარეზობდა. სწორედ უნგრეთში ასპარეზობისას ირაკლი ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია და მას გუნდში თავის გამოჩენის შანსიც მისცა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” და ზემოთნახსენები ახალგაზრდა ფეხბურთელების სამომავლო ურთიერთობათა საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.