20.08.2012
დუბლიორთა ტურნირის მეორე ტური
2012 წლის 20 აგვისტოს საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე რუსთავის ”მეტალურგის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გაგოშიძე, შალამბერიძე (ეგუტიძე, 66), რობაქიძე, ღონღაძე, კიკნაველიძე, ჭანტურიშვილი, გაჩეჩილაძე, სარდალიშვილი (ხუჯაძე, 60), ღირდალაძე, შარვაძე (ჯუღელი, 90).
პირველ რიგში, უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული გარკვეული პაუზის შემდეგ, ზესტაფონელთა რიგებში კვლავ გამოჩნდა თეიმურაზ ღონღაძე. ზემოიმერელთა მცველმა ტრავმა აზერბაიჯანულ "ნეფთჩისთან" ზესტაფონში გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას მიიღო და მწვანე მინდორს სწორედ დღევანდელ მატჩში დაუბრუნდა.
ზესტაფონელ და რუსთაველ დუბლიორთა შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. შესვენებაზე გასვლის მომენტისათვის მარგველები სამბურთიანი უპირატესობით (4-1) ამარცხებდნენ მეტოქეს - 9-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის მიერ გატანილ გოლს 20-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა მეორეც მოაყოლა, 27-ე და 30-ე წუთებზე ბერდია შარვაძემ ორი გოლიც დაამატა, ხოლო იმ შუალედში, როდესაც ზესტაფონელთა ფორვარდი დუბლს იფორმებდა, თავის გამოჩენა რუსთაველმა ბექა ოქროპირიძემაც მოასწრო.
სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველი ნახევრის ასეთი ანგარიშით დასრულების მიუხედავად, მათ მეორე ტაიმში ფარ-ხმალი არ დაყარეს და მალევე კიდევ ერთი გოლის გატანაც შეძლეს - 62-ე წუთზე ბიძინა მახარობლოძის გოლმა შეხვედრის დასკვნით ნაწილს ინტრიგა შეუნარჩუნა. ამის შემდეგ კი თამაში გაიხსნა და ზესტაფონელთა ბაზის მწვანე მინდორზე ღია და შეტევაზე ორიენტირებული ბურთაობა გაჩაღდა, რომელშიც საბოლოო შედეგის შეცვლის შესაძლებლობები ორივე მხარეს მრავლად მიეცა. ასეთი საფინალო ნაწილის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელებმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს - 4-2.
|