19.08.2012
ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან
ჩემი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს ...
ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ცენტრალური მცველი, 24 წლის გიორგი ხიდეშელი, რომელსაც როგორც "ზესტაფონის", ასევე საქართველოს ნაკრების მაისურით არაერთი მატჩი ჩაუტარებია, სავარაუდოდ, თვენახევარში დაუბრუნდება მოედანს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგიმ ტრავმა მიიღო და საყვარელ პროფესიას დროებით ჩამოშორდა.
მისთვის უიღბლო გამოდგა მოლდოვის "დაჩიას" ბარიერის დაძლევა, სწორედ ამ გუნდთან განმეორებით მატჩში დაშავდა იმერელთა მცველი. დაახლოებით 4 თვის წინ, გიორგი მოედანს დაუბრუნდა და ფოთის "კოლხეთთან" 2 ტაიმიც მშვენივრად ითამაშა. მომდევნო შეხვედრაში ისევ უიღბლობა და საყვარელ საქმიანობასთან დროებით ისევ განშორება მოუწია. ახლახან "ხიდეშა" ინდივიდუალურ ვარჯიშს შეუდგა. როგორც შევიტყვეთ, თვენახევარში თამაშსაც შეძლებს. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ Geosports.ge გიორგი ხიდეშელს დაუკავშირდა.
- როგორც ვიცით, ინდივიდუალურად ვარჯიშობ. როგორ ჩაიარა მკურნალობის კურსმა და როდის დაუბრუნდები მოედანს?
- გახსოვთ ალბათ, ჯერ ჯვარედინი იოგები დავიზიანე, მერე - გვერდითი. ოპერაცია 3 თვის წინ გავიკეთე და თვენახევარში შევძლებ თამაშს. ახლა სპეციალურად დანიშნულ ვარჯიშებს გავდივარ. იმედი მაქვს, მკურნალობის პროცესი კარგად ჩაივლის. ჩემი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე აღვიდგინო სათამაშო ფორმა.
- ერთი წელია ტრიბუნიდან ადევნებ თვალ-ყურს შენს საყვარელ საქმეს. ალბათ უსიამოვნო შეგრძნებაა...
- ყველაზე რთულია, როცა გარედან უყურებ იმ საქმეს, რაშიც თავად უნდა იყო ჩართული. ერთი წელია ასე ვარ. ოთხი თვის წინ შევძელი მოედანზე გასვლა. ჯერ ფოთის "კოლხეთთან", შემდეგ "დინამოსთან", მაგრამ დანარჩენ მატჩებს ტრიბუნიდან ვუყურე. უსიამოვნო შეგრძნებაა. როცა ფეხბურთელი ხარ და საკუთარი გუნდის თამაშს ადევნებ თვალს, გინდა შენი წვლილი შეიტანო გამარჯვებაში. ახლა ყოველდღე იმის მოლოდინი მაქვს, როდის დავბრუნდები მოედანს და ვითამაშებ.
- "ნეფთჩისთან"თამაშმა გვაჩვენა, რომ გუნდს დაცვის ხაზში პრობლემები აქვს. როგორ შეაფასებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის"თამაშს?
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩემი არყოფნა გუნდს დიდად დაეტყო. საჯაია, კობახიძე - არაჩვეულებრივი მცველები არიან, ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველები. მათი ბრალი ნამდვილად არ არის "ნეფთჩისთან" წარუმატებელი თამაში. გუნდმა წააგო და არა რომელიმე მოთამაშემ, ეს მთელი ჩვენი გუნდის ჩავარდნა იყო. ამ შეხვედრებმა დაგვანახა, რომ აზერბაიჯანში ფეხბურთს მეტი ყურადღება ექცევა. ფინანსები ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია. სწორედ ეს განაპირობებს გუნდის მომავალს. გყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომელთა შენარჩუნებაც შეიძლებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა, ამას თავისი მიზეზები აქვს. ვფიქრობ, "ზესტაფონისთვის" არ იქნებოდა "ნეფთჩი" სერიოზული ბარიერი, ის მოთამაშეები რომ გვყოლოდნენ. მაგრამ ეს ფეხბურთა - ზოგი მიდის, ზოგი რჩება.
- დღეს, ფაქტობრივად, განსხვავებულ შემადგენლობასთან გვაქვს საქმე. რას ფიქრობ, როგორი მიმართულებით მიდის გუნდის განვითარება?
- განსხვავებული შემადგენლობაა... მეტ ახალგაზრდა ფეხბუთელს ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. გუნდში ხდება შერწყმა გამოცდილი და ახალგაზრდა მოთააშეებისა, რაც ჩამოყალიბების პროცესს უწყობს ხელს. გამოცდილი ფებხურთელების შენარჩუნება რომ მომხდარიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ კლუბის გამო არ ხდება. ნებისმიერ მოთამაშეს სურს, უფრო ძლიერ ჩემპიონატში გამოსცადოს თავისი ძალები. ამ შემთხვევაში "ზესტაფონი" ხელს უწყობს მოთამაშეებს, რომ უფრო მაღალი დონის კლუბებში გააგრძელონ ასპარეზობა.
- წლევანდელი სეზონი გაცილებით უფრო საინტერესო იქნება. რამდენიმე კლუბი სერიოზულად გაძლიერდა. ჩემპიონის ტიტულის მოპოვება არც ისე იოლი იქნება. რას ფიქრობ, რა შანსები აქვს წელს "ზესტაფონს"?
- ჩვენი გუნდის მიზანი, ისევე როგორც ნებისმიერი ჩემპიონატის წინ, ჩემპიონობის მოპოვებაა. წელს ბევრად გართულედება ეს ამოცანა, მაგრამ "ზესტაფონი" ამბიციური გუნდია და ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მეორე ტურში "მეტალურგთან" დავმარცხდით, მაგრამ არაუშავს, შემდეგი თამაშები გველის წინ, რომლებსაც აუცილებლად მოვიგებთ, ამის ძალა ჩვენს გუნდს ნამდვილად შესწევს.
- კლუბიდან გამოცდილი ფეხბურთელბი წავიდნენ, მაგრამ გყავთ ახალწვეულები მათ შესახებ რას იტყვი?
- ძალიან კარგი ბიჭები არიან. კარგი ფეხბურთელები წავიდნენ, მაგრამ სასიხარულოა, რომ ასევე კარგი მოთამაშეები შემოგვემატნენ. მილხრაუმი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ასევე ჩვენთან იმყოფებიან ვასილიევი და კიკნაძე, ვფიქრობ, გააძლიერებენ ჩემპიონს.
- როგორც გვითხარი, სავარაუდოდ, თვენახევარში მოედანს დაუბრუნდები. როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- ჩემთვის, ამ ეტაპზე, მთავარი მოედანზე სრულყოფილად დაბრუნებაა. "ზესტაფონთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. მომავალში კლუბის პრეზიდენტთან ერთად განვიხილავთ ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხს. ახლა კი მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომისთვის ვიბრძვი.
|