მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ვიცე-ჩემპიონ რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა.
ქვეყნის ბოლო ეროვნული ჩემპიონატის ოქრო-ვერცხლის მფლობელთა დღევანდელი შეხვედრის პირბელი წუთები მასპინძელთა იერიშების თანხლებით კი წარიმართა, მაგრამ ზესტაფონელებმა საკუთარი უპირატესობის გოლში ასახვა მატჩის დებიუტში ვერ მოახერხეს...
სამაგიეროდ, რუსთაველთა პირველივე იერიში იმერელთა კარში გატანილი გოლით დასრულდა - 15 წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან ირაკლი მაისურაძის მიერ მასპინძელთა საჯარიმოში გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა დიმიტრი ტატანაშვილი, რომლის პირველი დარტყმული როინ კვასხვაძემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა. ამაო იყო მასპინძელთა პროტესტიც - გვერდით არბიტრ ბესიკ ჭიჭინაძეს რუსთაველთა ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა არ დაუფიქსირებია...
მასპინძლებმა ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწიეს და რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ რუსთაველთა კარის აღებასთან, თუმცა მატჩის გადარჩენაში მათ ხან საკუთარმა უზუსტობამ, ხანაც სტუმართა ხორვატი გოლკიპერის ივან ხოსმანის საიმედო თამაშმა შეუშალა ხელი. შედეგად, რუსთაველებმა მასპინძლების დამარცხება მინიმალური ანგარიშით 1-0 მოახერხეს.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
კობა ჟორჟიკაშვილი (“მეტალურგი”): “საკმაოდ რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო ჩვენი გუნდი პირველი მატჩის წაგების გამო, მაგრამ შევძელით და ძლიერი მეტოქის ძლევა მოვახერხეთ. გოლის შემდეგ უპირატესობა “ზესტაფონს” ჰქონდა, მაგრამ მოვახერხეთ აქტიური თამაშის წყალობით გამარჯვების მოპოვება. ბიჭები გავაფრთხილე, რომ შენარჩუნებაზე არ ეთამაშათ. “ზესტაფონში” ბევრი ცვლილება მოხდა და გუნდი ხელახლა ყალიბდება, განსაკუთრებით დაცვის ხაზში. ჩვენ შევეცადეთ ეს მომენტი გამოგვეყენებინა”.
გია ჭიაბრიშვილი (“ზესტაფონი”): “რთული თამაში იყო, რომელშიც საწუხაროდ, საკუთარი თავი კარგად ვერ წარმოვაჩინეთ. ბევრი წუნი გვქონდა, თამაშის ხარისხი დაბალი გახლდათ. ვეცდებით, უახლოეს ხანში ეს ხარვეზები გამოვასწოროთ და ხალხს ის “ზესტაფონი” დავუბრუნოთ, რომელსაც პატივს სცემს და უყვართ. მეტოქემ კარგად ითამაშა და საგოლე მომენტიც გამოიყენა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით და წავაგეთ კიდეც”.