Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

17.08.2012

 

 

 

 

 

 

პრევიუ: "ზესტაფონი" - "მეტალურგი"

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე   ტურში ქომაგთა ყურადღება “დინამო არენისკენ” და “დავით აბაშიძისკენაა”  მიმართული. ეს გასაკვირი არაა, რადგან თბილისის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” მასპინძლობს, ხოლო “ზესტაფონი” რუსთავის “მეტალურგს” იღებს.


“დავით აბაშიძეზე” მოედნის საფარის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს და იმ პერსონალმა, ვინც მათ ასრულებს, კლუბის ხელმძღვანელობას თხოვა ერთი დღით გვიან ეთამაშათ. “ზესტაფონმა” ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, რომელიც ყაბულს იყო თამაშის გადადების თუ კლუბები შეთანხმებოდნენ. თუმცა, რუსთაველებმა ფედერაციას შეუთვალეს, რომ “ზესტაფონმა” ჩვენ სტადიონზე ითამაშოს, მაგრამ მასპინძლის სტატუსითო. ცხადია, იმერლებმა ეს წინადადება არ მიიღეს და II ტურში ყველა თამაში შაბათს ჩატარდება...

 

 

 

გასული სეზონის ბოლო ტურში ქართულ ფეხბურთში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. ორივე გუნდს თანაბარი ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის დებულების რბილად რომ ვთქვათ გაუმართაობის გამო, ორივე მათგანმა თავი ოქროს მედლების მფლობელად გამოაცხადა. რუსთაველები გაჩემპიონებას ფოთში აღნიშნავდნენ, ხოლო ზესტაფონელები მშობლიურ “დავით აბაშიძეზე”. ფეხბურთის ფედერაციას ბოლოს და ბოლოს ჩემპიონი უნდა გაერკვია, რასაც 5-საათიანი აღმასკომის სხდომა დასჭირდა. ჩემპიონად “ზესტაფონი” გამოცხადდა და რუსთაველებსაც სხვა რა დარჩენოდა, ვერდიქტს უნდა შეგუებოდნენ.

 


ორივე გუნდი ევროტურნირებს ნაადრევად გამოეთიშა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ “მეტალურგმა” ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი მაინც გაიარა, რაც “ზესტაფონმა” ვერ შეძლო. განვლილ ჩემპიონატში და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში გუნდებმა ერთმანეთში 6 მატჩი ჩაატარეს და “ზესტაფონის” უპირატესობა აშკარაა. იმერულმა კლუბმა 4 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.


სეზონი “ზესტაფონმა” შინ მარტვილის “მერანთან” გამარჯვებით დაიწყო (3:1), ხოლო “მეტალურგი” საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა (0:1). რუსთავში ჩატარებული მატჩის შემდეგ, “მეტალურგის” მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა განაცხადა, რომ შეეცდებოდა სტარტზე წარუმატებლობა მომდევნო თამაშებში აენაზღაურებინა. შაბათს მის შეგირდებს რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევთ...

 

ლაშა თაბაგარი, www.worldsport.ge

 

 

ჩემპიონატის ყოვლად უაზრო სისტემა, დებულებაში გაპარული ლაფსუსები, თანაბარქულიან კონკურენტებს შორის ლიდერად გამოცხადებული "მეტალურგი", რუსთაველთა საჩემპიონო ზეიმი ბოლო ტურში და მეორე დღეს ფედერაციის მიერ ჩემპიონად გამოცხადებული "ზესტაფონი" - ყოველივე ეს გასული სეზონის ფინიშის მოკლე ქრონოლოგია, უფრო ზუსტად კი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია.

ბუნებრივია, ამაში კლუბებს იოტისოდენა დანაშაულიც არ მიუძღვით, მათაც და მათმა გულშემატკივრებიც უდიდესი სტრესი დაუმსახურებლად გადაიტანეს.

ფაქტია, რომ ხელოვნურად დაძაბულმა წინა ჩემპიონატის შემდეგ, "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ბევრი რამ შეიცვალა და მათ შორის გასამართი მატჩის მოლოდინიც გაამძაფრა.

ისე კი, წინა სეზონში ზესტაფონელებმა რუსთაველებს უშუალო ბრძოლაში შთამბეჭდავად აჯობეს - სათასო მატჩების ჩათვლით, "ზესტაფონი" და "მეტალურგი" ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ და აქედან ფეროელებმა ოთხჯერ გაიმარჯვეს, ორი თამაში კი ფრედ დასრულდა.

ბუნებრივია, ეს სტატისტიკა საქართველოს მოქმედ ჩემპიონს დღევანდელი წარმატების გარანტიას სულაც არ აძლევს. "დინამოსთან" განცდილი სასტარტო მარცხის შემდეგ "მეტალურგს" მდგომარეობის გამოსწორება მართებს და წესით, მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

"ზესტაფონმა", შეგახსენებთ, ჩემპიონატი მარტვილის "მერანთან" საშინაო გამარჯვებით დაიწყო და ამჯერადაც საკუთარი მოედნის ფაქტორის სათანადოდ გამოყენებასა და ერთპიროვნულად გალიდერებას შეეცდება...

 

ლევან ჯანეზაშვილი, გაზეთი "ლელო"

 

მომზადებულია სპორტულ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012