14.08.2012
სამზადისი მორიგი მატჩისთვის
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის ახლახან დაწყებული პირველობის მოახლოვებული მატჩებისათვის ემზადება. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში მარგველები ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
ზესტაფონელთა დღევანდელ ვარჯიშს საპატიო მიზეზის გამო ერთბაშად 5 ფეხბურთელი (როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, მამუკა კობახიძე, თორნიკე და თევდორე გრიგალაშვილები) აკლდა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ფეხბურთელები საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ გუნდებში არიან გამოძახებულნი.
რაც შეეხება დღევანდელ ვარჯიშს - ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით გამართული მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი უკვე ბურთით ამუშავა და მოედანზე ძალიან საინტერესო "ორკარა" გაჩაღდა. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დღეს არ უვარჯიშიათ ზურაბ მენთეშაშვილსა და ლუკა გუგუჩიას. აქვე უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღეა, რაც გუნდთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს 27 წლის რუსი ფორვარდი დმიტრი ვასილიევი, რომელსაც კარიერის მანძილზე რუსული პრემიერ-ლიგის სხვადასხვა კლუბებში უასპარეზია. ამ ეტაპზე ეს ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
რუსთავის ”მეტალურგთან” გასამართი ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი შაბათს, 18 აგვისტოს, გაიმართება. ქვეყნის ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.
|