მიმდინარე წლის 11 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა გამართა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
მორიგი ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრის დაწყებამდე გუნდების კაპიტნებმა თორნიკე აფციაურმა და ვალერი იობაშვილმა, ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. უნდა ითქვას, რომ მატჩს უძღვებოდა არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი, რომლისთვისაც დღევანდელი შეხვედრა უმაღლეს ლიგაში გამართული სადებიუტო გახლდათ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა რეფერიმ მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა.
თავად მატჩი, იმის მიუხედავად, რომ მასპინძლებს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზის გამო აკლდათ, პირველივე წუთებიდან ზესტაფონელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ დავით მუჯირი, ოთარ კვერნაძე და თორნიკე გორგიაშვილი, თუმცა ხელსაყრელი მომენტების გამოყენება ვერცერთმა მათგანმა შეძლო. 26-ე წუთზე კი დაუწერელი საფეხბურთო კანონი "ვერ გაიტან, გაგიტანენ" ამოქმედდა. მარტვილელთა ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევა გოლით "ზესტაფონიდან" "მერანში" განათხოვრებულმა საბა ლომიამ დააგვირგვინა. ტაიმიც სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა ...
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა - მარგველები მომენტს მომენტზე ჰქმნიდნენ მარტვილელთა კართან და ამ მომენტებს გასაოცარი ”სტაბილურობით” ანიავებდნენ. თუმცა, 68-ე წუთზე ზესტაფონელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს - მასპინძელთა მრავალსვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით თორნიკე გორგიაშვილმა დაასრულა. ანგარიშის გათანაბრებიდან 6 წუთში წინ უკვე მასპინძლები გავიდნენ - გააზრებული მრავალფაზიანი იერიშის შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე თორნიკე აფციაური აღმოჩნდა და ჯონი შეროზიას აუღებელი დაურტყა. 81-ე წუთზე კი მატჩს ლოგიკური წერტილი იმერული გუნდის გერმანელმა ახალწვეულმა პატრიკ მილხრაუმმა ულამაზესი შეუჩერებელი დარტყმით დაუსვა. ზესტაფონელთა პირველი წარმატება ახალ სეზონში - 3-1.