Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

09.08.2012

 

 

 

 

 

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: "მიზანი კვლავ ჩემპიონობაა"

 

 

 

 

 

 

 

 

რამდენიმე დღეში  ფეხბურთში საქართველოს XXIV ჩემპიონატი აიღებს სტარტს. პრემიერლიგაში სულ 12 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ორი წრის შემდეგ 6-6 გუნდებად დაიყოფიან. მომდევნო ორ წრეში, შესაბამისად, პირველი და მეორე ექვსეულისთვის იბრძოლებენ. "დინამო" ახალი მწვრთნელით დაიწყებს, "დილ" ახალი ფეხბურთელებით, ვიხილავთ დაბრუნებულ საჩხერის "ჩიხურას" და მონატრებულ ბათუმის "დინამოს".

 

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სეზონში გულშემატკივარს საკმაოდ კარგი სანახაობა ელოდება. საინტერესოა, რა გეგმები აქვს ჩემპიონს, გეგმავს  თუ არა ჩემპიონის ტიტულის გასამებას. ამ და სხვა საკითხებზე Geosports.ge  "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს ესაუბრა.

 

 

- როგორ ემზადებით რიგით XXIV ეროვნული  ჩემპიონატისთვის?

- გუნდში კარგი სიტუაციაა. ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით. 29 ივლისიდან ზესტაფონში, კლუბის ბაზაზე გავდივართ წინასაჩემპიონო შეკრებას. გვყავს ახალწვეულები. განწყობა საბრძოლოა, სრულყოფილად მომზადებულები ვხვდებით ახალ სეზონს.

 

- ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდები საკმაოდ გაძლიერდნენ. ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად და რა არის "ზესტაფონის" მიზანი ამ სეზონში?

- ჩვენი მიზანი კვლავ ჩემპიონობაა, ყოველთვის ამისთვის ვიბრძვით და არც წლევანდელი სეზონი იქნება გამონაკლისი. რაც შეეხება გუნდების გაძლიერებას, წელს გაცილებით უფრო რთული შეხვედრები გველის ჩვენს მთავარ კონკურენტებთან  - თბილისის "დინამოსთან", ქუთაისის "ტორპედოსთან", რუსთავის "მეტალურგთან", გორის "დილასთან". არც სხვა კლუბებთან გველის იოლი გასეირნება. საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატი იქნება.

 

- რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩემპიონი გერმანელი ლეგიონერით (პატრიკ მილხრაუმით) გაძლიერდა ასევე აპირებთ  რუსი ფორვარდის დამატებას, რატომ ვერ მოხერხდა ეს ევროტურნირების წინ?

- იმ დროს გაძლიერების აუცილებლობას ვერ ვხედავდით. მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპმა გვაჩვენა, რომ საჭირო იყო ლეგიონერების მოყვანა. სხვა შემთხვევაში ძალიან გაჭირდებოდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა. დავიმატეთ გერმანელი ფეხბურთელი პატრიკ მილხრაუმი. რამდენიმე ფეხბურთელთან კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება. რაც შეეხება რუს ფორვარდს, ეს გახლავთ  დიმიტრი ვასილიევი, ჯერჯერობით სინჯებზეა. თამაშობდა "კრილია სოვეტოვში".

 

- ედიკ საჯაიას წასვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდი შეიძლება კიდევ სხვა ფებხურთელებმაც დატოვონ, ეს კი უფრო ვეტერან ფეხბურთელებს შეეხებოდათ. გეგმავთ გამოცდილი ფებხურთელების გაშვებას და გუნდის გაახალგაზრდავებას?

- როდესაც გუნდი ჩემპიონობას გეგმავს, იქ გაახალგაზრდავებაზე ლაპარაკი ზედმეტია. რა თქმა უნდა, საჭიროა გუნდში ახალგაზრდების ყოფნა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გამოცდილი ფეხბურთელები. დაბალანსება აუცილებელია. სხვაგვარად ვერც წარმატებას მიაღწევს გუნდი და ვერც განვითარდება.

 

- საქართველოს თასის ფინალის შემდეგ თქვით: "ასეთ წაგებას არ ვივიწყებ. მომავალი სეზონიდან "დილას" ეშინოდეს ჩვენი!"... სუპერთასზე სწორედ "დილას" შეხვდებით.

- არასდროს ვივიწყებ ჩემს ნათქვამს. ძალიან კარგად მახსოვს, მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე რაც განვაცხადე. ჩემი გუნდი ყოველთვის მოსაგებად არის მომართული და ყველა მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. სუპერთასი რომ მოვიპოვოთ, "დილა" უნდა დავამარცხოთ. რა თქმა უნდა, ვეცდებით ეს ტიტულით დავისაკუთროთ.

 

- შარშან უცნაური სისტემის გამო კინაღამ დაკარგეთ ჩემპიონობა. წელს სისტემა შეიცვალა, რას ფიქრობთ მსგავს პრობლემებს წელსაც ხომ არ წავაწყდებით?

- ახალი სისტემა გაცილებით სხვაგვარია. გუნდი  საკუთარ თავზეა დამოკიდებული და საკუთარ შედეგებზე.

 

- ჩემპიონატის პირველ თამაშს მარტვილის "მერანთან" მართავთ. შარშან ყველას უჭირდა ამ გუნდთან თამაში. ჩემპიონატის სტარტს დიდი მნიშვნელობა აქვს, თანაც სახლში თამაშობთ.

- ძალიან რთული მეტოქეა "მერანი" და სრული სერიოზულობით ვემზადებით ჩემპიონატის სტარტისთვის. ვეცდებით საკუთარ მოედანზე გამარჯვებით დავიწყოთ ჩემპიონატი.

 

- საუკეთესო ურთიერთობა გაქვთ"ზესტაფონის" გულშემაკტივრებთან, ისინი ამას ყოველთვის აღნიშნავენ. როგორ ახერხებთ?

- ძალიან მაგარი ხალხია. არასდროს არ დამჭირვებია მათთან რამის მოხერხება. ყოველთვის გვერდში გვიდგანან და გვქომაგობენ. ჩვენ კი მათ გასახარად, ყოველთვის 100%-ით დავიხარჯებით.

 

ბაჩანა ცხადაძე, www.geosports.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012