07.08.2012
გერმანელი ახალწვეული მარგველთა რიგებში
|
პატრიკ მილხრაუმი ”ზესტაფონში” იასპარეზებს
|
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 28 წლის ახალწვეულის სახელია პატრიკ მილხრაუმი. გერმანელი ნახევარმცველი, რომელიც კარიერის მანძილზე ”მიუნხენ-1860”, ”ალემანიაში”, ”აუესა” და ”კარლსრუეში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:
პატრიკ მილხრაუმი - ნახევარმცველი; დაბადებული - 26.05.1984; სიმაღლე - 175 სმ, წონა - 75 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”ვაიჰინგენი” - 1994- 2000, ”შტუტგარტერ კიკერსი” (შტუტგარტი) - 2000-2004, ”მიუნხენ-1860” (მიუნხენი) - 2004-2007, ”ალემანია” (ააჰენი) - 2007-2010, ”ერცგებირგე” (აუე) - 2010-2011, ”კარლსრუე” - 2011-2012.
თავის დროზე პატრიკ მილხრაუმი თავის ქვეყნის ერთ-ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდა სპორტსმენად ითვლებოდა და 2001-2004 წლებში ფეხბურთელმა გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 20-მდე შეხვედრაც ჩაატარა. 2005 წლის 30 მაისს, მიუნხენელი "ლურჯი ლომების" რიგებში ასპარეზობისას, პატრიკმა საქვეყნოდ ცნობილი "ალიანც არენას" გახსნის ისტორიულ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეტიც, სწორედ ზესტაფონელთა ახალწვეულის მიერ "ნიურნბერგის" კარში გატანილი გოლი "ალიანც არენაზე" გატანილი პირველი გოლი გახლავთ.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და პატრიკ მილხრაუმს შორის შრომითი ხელშეკრულებულის გაფორმების საზეიმო ცერემონია 6 აგვისტოს თბილისში გაიმართა. კლუბს ცერემონიაზე კლუბის პრეზიდენტი ბატონი ილია კოკაია და სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდნენ. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაშია 2013 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მასში გათვალისწინებულია თანამშრომლობის გახანგრძლივების პერსპექტივაც.
აქვე აღსანიშნავია, რომ პატრიკ მილხრაუმი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” არსებობის მანძილზე რიგით მე-15 და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე პირველი გერმანელი ლეგიონერია. ზემოიმერელთა ღირსებას ის 26-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
|