Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

05.08.2012

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი: გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია გვმართებს

 

 

 

 

 

 

 

 

"ნეფთჩისთან" განცდილი მწარე მარცხი, გუნდური თუ პირადი სამომავლო პერსპექტივები, სანაკრებო იმედი - "ზესტაფონის" ლიდერ ჯაბა დვალს ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ.

ჯაბა დვალი "ლელომ" საქართველოს გასული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და რაკი ამის შემდეგ არ გვისაუბრია, მასთან ინტერვიუ სწორედ ამით დავიწყეთ, მერე კი დვალმა წარმატება უკვე სხვას მიულოცა...


- საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობა ჩემთვის დიდი პატივია და ამ აღიარებისთვის "ლელოს" დიდ მადლობას ვუხდი.
გასული სეზონი ჩემთვის მართლაც წარმატებული გამოდგა - ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, თუმცა ეს უპირველესად, ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. მათი თანადგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი.

აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და თქვენი გაზეთის მეშვეობით ოლიმპიურ ჩემპიონობას მივულოცავ ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს!
ამ 20 წლის ბიჭმა თავისი გულიანი ჭიდაობითა და გამარჯვებით მთელ საქართველოს უდიდესი სიხარული მოუტანა. ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი სპორტსმენი რომ გვყავს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ლაშა ჩვენი ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი არ იქნება.
ქართველი სპორტსმენების გამოსვლას შეძლებისდაგვარად ვადევნებ თვალს და მათ ძალიან ვქომაგობ. ძალიან მიყვარს ძიუდო, სხვა სახეობებიდან კი კალათბურთის მოყვარული ვარ, სადაც აშშ-ის ნაკრებს ვგულშემატკივრობ.

- შევიტყვეთ, რომ ტრავმის გამო ბოლო დღეებია, ვერ ვარჯიშობ. რაიმე სერიოზული დაზიანება ხომ არ გაქვს?
- ისეთი არაფერი, "ნეფთჩისთან" მატჩში კოჭი ვიტკინე, თუმცა ვარჯიშს სამ დღეში განვაახლებ.

- გვერდს ვერ ავუვლით "ნეფთჩისთან" განცდილ მარცხს, რომელმაც გული მხოლოდ ზესტაფონელ ქომაგებს არ ატკინა. მაინც როგორ შეძლო აზერბაიჯანის ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონის ასე დაჯაბნა?
- დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ "ნეფთჩი" "ზესტაფონზე" ძლიერი გუნდი არ არის, პირიქით, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ცუდი შედეგი მივიღეთ. ფაქტია, რომ აზერბაიჯანელებთან შეხვედრებს არასათანადო მზადყოფნით შევხვდით - შეცდომებიც მრავლად დავუშვით და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლაც დაგვეტყო.
რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრდება და ფეხზე დროულად უნდა წამოვდგეთ.

- გადატანილის შემდეგ, შეძლებთ შენ და შენი თანაგუნდელები საქართველოს ჩემპიონატისთვის სათანადოდ განწყობას?
- ამ შეკითხვაზე პასუხს ყველაზე კარგად "ზესტაფონის" შედეგები გასცემს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მობილიზებასა და უკეთ ათამაშებას მოვახერხებთ. ერთი დღით არავინ ვცხოვრობთ.
ვალდებულნი ვართ და შედეგიანი თამაშით შევეცდებით, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია მოვახდინოთ. იმის დამტკიცება გვინდა, რომ პროგრესის გზით სიარული კვლავაც შეგვიძლია და კვლავ საქართველოს ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძოლებთ. შემდეგ კი "ზესტაფონმა" რებილიტაცია ევროტურნირებზეც უნდა შეძლოს.

- "ზესტაფონის" მსგავსად, ევროთასებზე განსაკუთრებულ წარმატებებს ვერც სხვა ქართულმა კლუბებმა მიაღწიეს. ამაში რაიმე კანონზომიერებას ხომ არ ხედავ?
- შარშან ჩვენმა კლუბებმა ევროსარბიელზე გაცილებით მეტს მიაღწიეს და "ზესტაფონსა" და "დინამოს" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე სულ მცირედი დააკლდათ.
სამწუხაროდ, წელს ამდენიც ვერ შევძელით. თუმცა არა მგონია, რომ ეს ქართული ფეხბურთის კატასტროფას ნიშნავდეს.
რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატსა და ქართულ კლუბებს სრულყოფილებამდე ბევრი უკლიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი შეგვიძლია, რასაც წელს მივაღწიეთ. მჯერა, მომავალი ევროსეზონი ქართული კლუბებისთვის გაცილებით წარმატებული გამოდგება.

- ბოლო დროს ინტენსიურად ვრცელდება ცნობები "ზესტაფონიდან" შენი წასვლის შესახებ. გაქვს რაიმე საინტერესო და კონკრეტული წინადადება?
- სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კვლავ "ზესტაფონის" ფეხბურთელი ვარ. თუ კლუბი მიიღებს მისთვის ხელსაყრელ წინადადებას და ეს ტრანსფერი ჩემი ინტერესების შესაფერისიც იქნება, არ დამაბრკოლებენ და ხელს შემიწყობენ.
ჯერჯერობით კი რაიმე რეალურ შეთანხმებამდე საქმე არ მისულა. "ზესტაფონში" თამაშის მოტივაცია ნამდვილად არ დამიკარგავს, მაგრამ ყველა ფეხბურთელს სურს უკეთეს ჩემპიონატში გამოსვლა და გამონაკლისი არც მე ვარ.
ჩემთვის, მაგალითად, დიდი სტიმულია ჩემი მეგობრის, ნიკა გელაშვილის მაგალითი, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში ადაპტაციას გადის და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონს ეფექტურად ჩაატარებს.

- შეიძლება, ამაზე ლაპარაკი შენთვის უკვე დამღლელია, მაგრამ სანაკრებო თემას მაინც უნდა შევეხოთ. ეროვნულ გუნდში მოხვედრის იმედი ხომ არ დაგიკარგავს?
- ბუნებით ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვი. ბუნებრივია, გული მწყდება, კვლავ ნაკრებსმიღმა რომ ვრჩები, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
როგორც ჩანს, თემურ ქეცბაიას მიაჩნია, რომ ამ მომენტში ჩემს პოზიციაზე სხვა ფეხბურთელების თამაში სჯობს. ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ და ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ნაკრებში ჩემი დროც მოვიდეს.

 

ლევან ჯანეზაშვილი, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012