01.08.2012
ინტერვიუ "ზესტაფონის" პრეზიდენტთან
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა, ილია კოკაიამ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნა, სადაც ატყობინებდა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობის თანხას, 60 ათას ლარს, დროულად ვერ გადაიხდიდა. ზესტაფონელთა გასაკვირად, ეს ამბავი ფედერაციამ საჯარო გახადა. მიუხედავად იმერული კლუბის პრეტენზიებისა, ფედერაციაში განმარტეს, რომ ეს არ იყო შიდა მოხმარების წერილი და სფფ ვალდებული არ იყო, დაემალა დოკუმენტი. გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო "დეილინიუსის" ინტერვიუს "ზესტაფონის" პრეზიდენტთან, რომელიც ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს ეხება ...
- ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბებს აქამდე უნდა "ეყვირათ", ახლა კი ამის დრო აღარაა, თუ 31 ივლისს, 6 საათამდე არ იქნება გადახდილი სამონაწილეო თანხა (ინტერვიუ ჩაწერილია 30 ივლისს), კლუბი ვერ ითამაშებს უმაღლეს ლიგაში.
- თანხას რაც შეეხება, ეს ჩვენი პოზიცია იყო და ფედერაციამ მიიღო კიდეც ეს გადაწყვეტილება, ამდენად ჩვენ ეს წესი უნდა დავიცვათ. არ მითქვამს, არ გადავიხდით-თქო. სფფ ჩავაყენეთ საქმის ყურში, რომ ჩემი აქტივები პასივებს ვერ ფარავს და გვქონდა ეს პრობლემა. ჩემი საფიქრალია, როგორ მოვძებნი ამ თანხას, თუ ვერ მოვიძიებ, უნდა გადავდგე და მოვიდეს სხვა, ვინც ამას გააკეთებს. ამაში კი მართალია ფედერაცია, მაგრამ არის მეორე მომენტიც - მათ მე ვუგზავნი წერილს, რომელსაც აქვეყნებენ.
- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ზესტაფონს" ჰგონია, თითქოს მათთვის გაგზავნილი წერილი შიდა მოხმარებისა იყო... ვის დავუჯეროთ?
- რომ გვდომოდა საჯარო განცხადების გაკეთება, ჩვენც გვაქვს საიტი და დავდებდით იქ. ფედერაციამ უნდა მოგვწეროს, შეგვატყობინოს, თავის პოზიცია დააფიქსიროს და არა საიტებით გველაპარაკოს.
- გავრცელებული ინფორმაციით, იმავე დღეს სფფ-ს პრეზიდენტს "გურიის" ხელმძღვანელობასთან ჰქონდა საუბარი, რომ თქვენს მაგივრად ისინი შემოვიდოდნენ უმაღლეს ლიგაში, ნიშნავს თუ არა ეს მიზანმიმართულად თქვენს წინააღმდეგ მოქმედებას?
- შესაძლოა, ზედმეტად პრინციპული პოზიციის გამოვლენა უნდოდა ფედერაციას ამ საკითხისადმი... არის მიღებული და მიუღებელი ნორმები, ვერაფრით დამაჯერებს ფედერაცია, რომ კლუბებს საიტებით და ტელევიზიებით უნდა ელაპარაკოს. ჩვენ თავად ვართ დაინტერესებულები იმაში, რომ უმაღლეს ლიგაში ისეთი გუნდები თამაშობდნენ, რომელთაც მყარი ფინანსური გარანტიები ექნებათ.
- “ზესტაფონის” წერილმა შოკში ჩააგდო ყველა, შემდეგ იყო განმარტება რომ კლუბი ამ კონკრეტულ დროში ვერ ახერხებდა გადახდას, გქონდათ თუ არა ფედერაციასთან შუამდგომლობა გადავადებასთან დაკავშირებით?
- გასაგებია მათი პოზიცია, მაგრამ ამას საიტებით და ტელევიზიებით ლაპარაკი არ სჭირდება, ეს ხდება იქ, სადაც ვიყავით კლუბები შეკრებილები. სხვათაშორის, კლუბებმა ხისტი პოზიცია დაიჭირეს, რადგან ჩვენი ინიციატივა იყო მყარ ფინანსურ გარანტიებზე საუბარი და გამოგვკითხეს, რა გვიჭირს, რა ხდება. ბევრი ინსფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მოგვიწია და გვიწევს. გავივლით ფინანსისტებთან ამ ყველაფერს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “ზესტაფონმა”უმაღლეს ლიგაში ითამაშოს... “ზესტაფონის” პრეზიდენტმა თავის გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და დაპირდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდა და ვერ გავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა, ამის შემდეგ გადადგომა მართლა მინდოდა და დღესაც ვფიქრობ ამის შესახებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბი არ იარსებებს. მთელი ჩემი ცხოვრება, მძიმედ გასახსენებელი იქნება აზერბაიჯანელებთან მარცხი. ჩემთვის ამაზე დიდი სირცხვილი არ არსებობს. ვკითხულობ პუბლიკაციებს და დღემდე მიკვირს, თუ როგორ დამინდო პრესამ და გულშემატკივარმა, რადგან მათ ადგილზე მე არ ვაპატიებდი იმ ადამიანს, ვინც ეს განცხადება გააკეთა. მართალია, 19-ე წუთამდე ამ განცხადებას ვარულებდი, მაგრამ ვერ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო...
- კულუარებში ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ეროვნული ჩემპიონატი "დილას" უკვე მოგებული აქვს. შსს-ს მფარველობის ქვეშ გუნდი ძალიან გაძლიერდა. თასის ფინალიც მწარე მაგალითი იყო. თქვენ ფულის დახარჯვა აღარ გინდათ და განცხადება ფულის არქონასთან დაკავშირებით ამ ვერსიის გამართლება იყო?
- მიზეზები ძალიან ბევრი, ერთ-ერთი მანდაც არის... თუ წესრიგი არ დამყარდება. შეიძლება, მე კი არა, ბევრმა მიატოვოს ფეხბურთი. მივესალმები ამ გუნდის გაძლიერებას, საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები აიყვანეს, არ იმსახურებენ მათ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. ბოლო სხდომაზე “დილას” ერთ-ერთ ხელმძღვანელს შევხვდი და გულით მივულოცე წარმატება. ვუთხარი, ერთადერთი კლუბი ხართ ევროთასებზე შემორჩენილი, ბოლომდე გგულშემატკივრობთ და ამის საშუალებას ნუ მომისპობთ-მეთქი. იქ მიმდინარე პროცესები რისკის შემცველია, თუ არ შეიცვლება მდგომარეობა, თვითონაც კარგად იციან, რაზეც ვლაპარაკობ, ჩვენი დარწმუნება ძალიან გაუჭირდებათ...
2004 წლიდან ვარ კლუბის პრეზიდენტი და ბევრი სიბინძურე ვნახე. ეტაპობრივად ასეთი ხალხისგან იწმინდებოდა ფეხბურთი... შარშანდელი ჩემპიონატი, მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, ყველაზე სუფთა იყო და ამაყი ვიყავი, როცა გუნდი გახდა ჩემპიონი. წლევანდელზე იგივეს ვერ ვიტყვი. თუკი ჩვენ ისევ იქეთ დავბრუნდებით, პირველ ადგილზეც რომ ვიყოთ, პირობას გაძლევთ, დავტოვებთ ეროვნულ ჩემპიონატს.
- მხოლოდ საქართველოშია ასე - ხდები ჩემპიონი და სუსტდები... რატომ არ იაქტიურა “ზესტაფონმა” სატრანსფერო ბაზარზე?
- ეს იყო ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკის ძალიან დიდი შეცდომა, ამაზე პრეზიდენტები თანამდებობას ტოვებენ. მე უნდა ვუზრუნველვჰყო გუნდის გაძლიერება. თუ როგორ, ეს ჩემი საქმეა... გვქონდა ამის რესურსი და არ გამოვიყენეთ...
- დავაკონკრეტოთ, სატრანსფერო ბაზარზე პასიურობა იყო იმის ბრალი, რომ მწვთნელმა არ მოითხოვა თუ ეს თქვენი პრინციპული პოზიცია იყო?
- ჩვენს კლუბში დღემდე ასე იყო და ასე იქნება - რაც ექნება მწვრთნელს მოთხოვნა, ის 100%-ით შესრულდება. ჩვენც და მწვრთნელსაც გვეგონა, რომ შევინარჩუნებდით ფეხბურთელებს, რომლებიც მიდიოდნენ. მაგრამ, საბოლოოდ, ისინი მაინც წავიდნენ... ფეხბურთელის საყიდლად ბაზარში ვერ წახვალ და მას იქ ვერ იყიდი. ქართულ ბაზარზე კი კვალიფიციური ფეხბურთელების მოძიება გაძნელდა, კონკურენტებიც გამოჩნდნენ. წინა პერიოდში ჩვენ მივეჩვიეთ დომინირებას და ვერ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი. შეცდომას ვერავის დავაბრალებ. გვიან მივხვდით ამას... სატრანსფერო აქტიურობა დროულად უნდა დაიწყო... ყველა ადამიანი, ვინც კლუბში მუშაობს, მუშაობს ჩემი ხელძღვანელობის ქვეშ. ვერავინ ვერ მოიყვანს ფეხბურთელს, თუ მე არ გამოვყავი ამისთვის თანხა. ჩვენ სხვა პრიორიტეტები ვამჯობინეთ... ვხედავდით, რომ დასუსტების პროცესი მიდიოდა და არაფერი გავაკეთეთ. სხვა მიზეზს ვერ დავასახელებ.
- ბევრს ვლაპარაკობთ, რომ აზერბაიჯანელებს ვჯობივართ. ჩვენი ჩემპიონი მათ ჩემპიონთან ორი მატჩის ჯამში 5:2 დამარცხდა ...
- კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვენი უდიდესი სირცხვილი... აზერბაიჯანის ჩემპიონის ძლევა, მათი ფანტასტიკური ბიუჯეტის მიუხედავად, უნდა მოგვეხერხებინა. ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ და ეს არაფრის დიდებით არ გვეპატიება. იქ ფეხბურთი საკმაოდ დიდი ნაბიჯებით ვითარდება, რესურსიც აქვთ და მაღალკვალიფიციური ფეხბურთელებიც ჩამოჰყავთ. „ნეფთჩი“ რომ ავიღოთ, იქ 12 ასეთი ფეხბურთელი მოიყვანეს... ჩვენ გვინდა, რომ 25 მილიონს 5-ით ვაჯობოთ, ან ინფრასტრუქტურა უნდა გვქონდეს უფრო მომხიბლავი. რომ მოგვეგო მათთვის, დავამტკიცებდით, რომ მათზე მაღალი დონე ვართ, სამწუხაროდ პირიქით მოხდა და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს...
- ტრანსლირებაზეც მინდა გკითხოთ, ყველა გაკრიტიკებდათ იმ თანხის გამო, რაც აზერბაიჯანულ მხარეს მოთხოვეთ, რის გამოც გულშემატკივარმა ტელევიზიით ამ თამაშის ყურება ვერ მოახერხა, რატომ მოითხოვა ილია კოკაიამ 100 000 ევრო ტრანსლირებაში?
- მოვითხოვე ეს თანხა, ეს ჩვენი სურვილი იყო, მილიონიც რომ მომეთხოვა და ამეღო, დიდი სიამოვნებით ავიღებდი აზერბაიჯანელებისგან. პირადად მქონდა საუბარი პირველი არხის ხელმძღვანელობასთან და ვთხოვე მათ, მოეცათ გარანტია, რომ კოდირებული სიგნალით გაუშვებდნენ, ამ შემთხვევაში ისინი ჩვენგან ყოველგვარი საფასურის გარეშე მიღებდნენ თამაშის ჩვენების უფლებას... სხვათაშორის, ბოლო დღეს აზერბაიჯანულმა მხარემ თანხმობა განაცხადა, მაგრამ ტექნიკურად ვეღარ მოესწრო. რაა ცუდი იმაში, რომ ქართულმა კლუბმა ევროპის თამაშზე აიღოს ფული? რატომ უნდა ვაჩუქოთ ტრანსლირების უფლება, ჩვენ მათ გვაჩუქეს რამე?! მითუმეტეს ასეთი აჟიოტაჟი იყო და აზერბაიჯანს არ უჭირს ამ თანხის გადახდა. სპორტის მინისტრიც ჩაერია იქ და მიღწეული იყო შეთანხმება. ჩვენი პოზიცია ასეთია - გადაიხადეთ და უჩვენეთ. პირველმა არხმა რატომ ვერ შეძლო კოდირებული სიგნალით საქართველოს ტერიტორიაზე ამის გაშვება, ეს ჩემთვის დღემდე უცნობია.
- რა გზით წავა "ზესტაფონი" - დაიმატებთ ფეხბურთელებს და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებთ?
- „ზესტაფონს“ აქვს მხოლოდ ერთი გზა. მთავარია ფეხბურთელების შენარჩუნება და გუნდის გაძლიერება. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, მართლა არაფერი გვესაქმება ჩემპიონატში... უნდა მოვძებნოთ გზები იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, ჩემთან ერთად თუ უჩემოდ, არჩევანი მაინც ერთია - უნდა გავიდეთ და ვიბრძოლოთ არა მხოლოდ საპრიზო ადგილების დასაუფლებლად და ევროპაში მოსახვედრად, არამედ ჩემპიონობის შესანარჩუნებლად...
- სატრანსფერო ფანჯარა თვის ბოლოს იხურება, “ზესტაფონს” ჰყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ამ მხრივ საინტერესოა... პირველ რიგში ეს ჯაბა დვალს ეხება, ვიცი, რომ ჯაბას შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მისი გადაბირება “დინამოსაც” სურს, შეელევა “ზესტაფონი” დვალს?
- ჩვენ დაბა დვალს არ შევუშლით ხელს კარგ ჩემპიონატში გადასვლაში. ფეხბურთს ძალით ვერავის ვათამაშებთ. მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს ჩვენთან, მაგრამ შემიძლია ამ საკითხზე არც ვილაპარაკო. ჩვენ ნებისმიერ ფეხბურთელს გავუშვებთ უკეთესი დონის ჩემპიონატში. მაგალითად, გელაშვილი ძალიან დააკლდა გუნდს, მაგრამ ის მაინც გავუშვით - აღარ შეიძლებოდა მისი აქ გაჩერება. დვალთანაც გვაქვს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, გამეხარდება თუ ის მაღალი დონის ჩემპიონატში გადავა და თუ იქნება ამის საშუალება, ხელს არ შევუშლით. მაგრამ თუ ითამაშებს საქართველოში, მხოლოდ "ზესტაფონში".
- ანუ “დინამოში” გადასვლა არარეალურია?
- ცნობილია, რომ ფულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს... “დინამომ” ისეთი პირობები უნდა შესთავაზოს მასაც და ჩვენც, რომ სისულელე იყოს მისი ჩვენთან გაჩერება...
- თუმცა, თქვენ ხომ პრინციპული პოზიცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით - კონკურენტ კლუბს არ გააძლიერებთ თქვენი ფეხბურთელით?
- ეს ყველა გუნდის პრინციპული დამოკიდებულებაა, მაგრამ თავს ზემოთაც არაა ძალა. ჯაბა უკვე 4 წელია ზესტაფონში თამაშობს. მესმის, რომ ფსიქოლოგიურად ძნელია, ფორმის პიკზეა, მაგრამ ამავდროულად ვუყურებთ, რამდენად სწორი იქნება მისი ტრანსფერი “დინამოში”. ჩვენ ყველა გაშვებულ ფეხბურთელზე ვდარდობთ. იგივე გოცირიძე, რომელიც არ გამოადგა ფეხბურთს, იგივე ლობჟანიძე, რომელიც “დნეპრში” არა, მაგრამ სადაც თამაშობს, რამდენიმეჯერ ტურის სიმბოლურში მოხვდა და ვამბობთ, რომ მისი ტრანსფერი გამართლებული იყო. სამწუხაროდ, ამას ჯერ ვერ ვიტყვი გელაშვილზე - მან უწინდელი კონდიციები დაკარგა, რადგან მოსამზადებელი პერიოდი ჩაუვარდა. თუმცა ჩვენც და მის კლუბსაც იმედი აქვს, რომ გაიხსნება და პოტენციალს სრულად გამოიყენებს. ჩვენთვის არაა მთავარი მხოლოდ ის, რომ ფეხბურთელი გავყიდოთ და ფული ავიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, “ზესტაფონიდან” წასული ფეხბურთელი თავის ახალ გუნდსაც გამოადგეს, იქ მაღალ დონეზე თამაშობდეს და იქაც ლიდერი იყოს.
- გავრცელებული ინფორმაციით, დავით მუჯირი თქვენი სტაფის წევრი უნდა გახდეს. რა პოზიციას ჩააბარებთ მას?
- დავით მუჯირთან გვაქვს მოლაპარაკება. ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არ მოიაზრება, გამოცდილების მქონე ადამიანია, რომელსაც წინსვლა უნდა. მუჯირს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია კლუბისთვის. ბოლო თამაშმაც დაგვანახა, რომ დათო მუჯირი ისევ ფორმაშია. "ნეფთჩისთან" ბოლო თამაშის შემდეგ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი... მისნაირ ხალხს ფეხბურთში ამინდის შექმნა შეუძლია. ჩვენ მას მხოლოდ ხელს შევუწყობთ, ვხედავ მის ადგილს ჩვენს კლუბში, როგორც ფეხბურთელის და როგორც სტაფის აქტიურ წევრს, ეს მისი გადასაწყვეტია - დავსხდებით, დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ.
იბეჭდება სრული ვერსია (მცირე ცლილებებით) ... |