გიორგი ჭიაბრიშვილი: "ჩვენი გაფუჭებული ჩვენვე უნდა გავაკეთოთ"
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება, დღეს "ზესტაფონმა" მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. ვარჯიშამდე კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა და გუნდის კაპიტანმა ზურა მამალაძემ ჟურნალიტთა შეკითხვებს უპასუხეს.
"თამაშისთვის ჩვეულ რეჟიმში ვემზადებოდით. მინდა ისევ პირველ შეხვედრას შევეხო, ეს იყო ყველაზე ცუდი და უსუსური მატჩი, რაც გუნდს უთამაშია. განსაკუთრებით გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენ ამხელა გზა გავიარეთ ამ თამაშამდე რომ მოვსულიყავით... სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა, თუმცა როგორც გასვლაზე შეიძლება ცუდი თამაში, ასევე შესაძლებელია შინ კარგად ვითამაშოთ. მე ჩემი გუნდის იმედი მაქვს და იმედი მაქვს ჩვენი გულშემატკივარის, არამარტო ზესტაფონელების და "ზესტაფონის" ქომაგების, არამედ სრულიად ქართველი ფებურთის მოყვარულების. ჩვენ ყოველთვის უდიდეს მუხტს ვგრძნობთ ჩვენი გულშემატკივრისგან განსაკუთრებით საპასუხიმგებლო თამაშების წინ. ერთად ყოველთვის ვაღწევდით წარმატებას და ხვალაც ამის მჯერა.
მადლობა ქართველ ჟურნალისტებს, პირველი თამაშის შემდეგ თავისუფლად შეგეძლოთ ათასგვარი რამ დაგეწერათ ჩვენზე, თუმცა ასეთი რამ არც მე და არც ჩემს ფეხბურთელებს არ გვიგვრძნია. მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის. გუნდი სრულად ჯანმრთელია, აფციაურიც სამედიცინო თვალსაზრისით მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის.
მეტოქეზე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი გუნდია, გამოყოფდი იმამვერდიევს, ახალგაზრდაა და საკმაოდ კარგი ნახევარმცველია. თუმცა როგორც გუნდი, ალბათ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ. ხვალაც, გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, ჩვენ წავალთ ვა-ბანკზე იმიტომ, რომ ერთი თამაში გვაქვს მოსაგები და თან დიდი ანგარიშით, ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს. სიტყვა "თუც" კი არ მინდა ვიხმარო. მიზანი მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გასვლაა, სხვა არანაირი გამარჯვება არ იქნება მისაღები. ჩვენი გაფუჭებული, ხვალ ჩვენვე უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.
ზურა მამალაძე: "პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს მოვუხადო ბოდიში, ამხელა გზა გამოიარეს და სამწუხაროდ ასე დასრულდა ყველაფერი. თუმცა ხვალ ისევ მათი იმედი გვაქვს, მათ გარეშე ხვალ არაფერი არ გამოვა. ერთი თხოვნა მაქვს, დავდგეთ ხვალ ერთად და მჯერა, რომ ჩვენ ერთად სასწაულს მოვახდენთ", - აღნიშნა ზესტაფონელთა გოლკიპერმა.
* * *
ზესტაფონელთა ვარჯიშის შემდეგ დავით აბაშიძეს "ნეფთჩი" ესტუმრა. ვარჯიშის დაწყებამდე კი საპრესკონფერენციო დარბაზში აზერბაიჯანელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი თარლან ახმედოვმა და გუნდის წამყვანმა მოთამაშემ იგორ მიტრესკიმ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს.
"3-0 ჯერ არაფერს ნიშნავს, მთავარია, შემდეგ ეტაპზე გასვლა. ჩვენ პირველ შეხვედრაშიც შედეგზე ვითამაშეთ და ხვალაც ამას ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ სანახაობრივი მატჩი გველის. გუნდი კარგად ემზადებოდა ამ მატჩისთვის. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თამაში ერთმა გუნდმა წააგო, მეორემ კი მოიგო. ეს ამიერკავკასიის ორი უძლიერესი გუნდის დაპირისპირება იყო და ასეთ თამაშებში ყოველთვის შედეგია მთავარი და არა ის თუ ვინ კარგად ითამაშა და ვინ არა.
ხშირად მეკითხებიან "ჟილინა" თუ "ჰაპოელი"? ორივე გუნდთან შეუძლიათ ჩემ ფეხბურთელებს თამაში, თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერ ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელი მატჩია - ახლა "ზესტაფონზე" ვფიქრობთ...
ადაპტაციის პროცესს გადიან გუნდის ახალწვეულები - ვობაი, პირველ თამაშში არ იყო მისი მაქსიმუმი, მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს...
რაც შეეხება ბატონ გაჯიევს, ის ძალიან აკლია გუნდს, მკურნალობის პროცესს გადის, იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და 10-15 დღეში გუნდს დაუბრუნდება...
იგორ მიტრესკი: "ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მართალია, აქტივში 3-0 გვაქვს, თუმცა თავიდანვე ვიცოდით, რომ მეტოქე კარგი გუნდი იყო, ასე რომ, ხვალ გუნდი სრული მობილიზებით გავა სათამაშოდ...
აზერბაიჯანის ჩემპიონატზე კი შემიძლია ის ვთქვა, რომ აშკარა პროგრესია, ვიდრე 2-3 წლის წინ. დღეს გუნდები გაცილებით გაძლიერდნენ, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და შედეგიც სახეზეა" ...