13.06.2012
მონდომება, ცოტა იღბალი და ... შეუძლებელი არაფერია
“ზესტაფონის” ფეხბურთელები გულშემატკივარს სტადიონზე მისვლას სთხოვენ
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, ქვეყნის ჩემპიონმა “ზესტაფონმა” ბაქოში 3:0 დათმო. ამ მატჩის შემდეგ ძნელია იმის თქმა, რომ იმერლები მომდევნო ეტაპზე გავლენ, თუმცა ნიშანდობლივია, რომ კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ სიტყვა მისცა გულშემატკივრებს, რომ მომდევნო რაუნდში სწორედ “ზესტაფონი” და არა - “ნეფტჩი”.
როგორც კლუბის ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი, დავით მუჯირი ამბობს, თავიანთი გაფუჭებული საქმე, ისევ მათ უნდა გამოასწორონ და ბოლომდე ბრძოლით სასწაული მოახდინონ:
“ჩვენი პროფესიული ვალია, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, ფარ-ხმალი არ დავყაროთ. წინ 90 წუთია და მჯერა, სასწაულის მოხდენას მოვახერხებთ. აგრესიულები უნდა ვიყოთ და დაცვაში შეცდომები არ დავუშვათ”.
ბაქოში, “ზესტაფონის” საგულშემატკივროდ ერთგული ქომაგები ავტობუსით ჩავიდნენ. იმერელთა 10 ნომერი “ლელოს” საშუალებით მათ მადლობას უხდის: “მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ქომაგს, რომელიც ბაქოში ჩამოვიდა და მხარი დაგვიჭირა. სამწუხარო ისაა, რომ “ნეფთჩიშიც” ვერ დავინახე გუნდი, რომელსაც ჩვენთვის 3:0 უნდა მოეგო. ეს იმიტომ მოხდა, რომ “ზესტაფონმა” უჩვეულო შეცდომები დაუშვა. მესმის, რომ გულშემატკივარს ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს, მაგრამ, თუკი სასწაულის მოხდენას ვაპირებთ, მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და დაუდგნენ მხარში საქართველოს ჩემპიონს”.
მუჯირს ეთანხმებიან ჯაბა დვალი და ზურაბ მენთეშაშვილიც.
როგორც დვალი ამბობს, განმეორებითი შეხვედრა იქნება რთული, მაგრამ მიუღწეველი არაფერია: “0:3 გვაქვს წაგებული პირველი მატჩი და ვიცით, იოლი არ იქნება თამაში. მონდომება და ცოტა იღბალი - შეუძლებელი არაფერია. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მესმის, რომ შეიძლება ჩვენს თამაშზე მოსვლა არ უნდოდეს ხალხს და ძალით ვერავის მოვიყვანთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სტადიონი გაივსება და მხურვალე ქომაგობაც იქნება".
მენთეშაშვილის აზრით, კლუბის პრეზიდენტის განცხადება საფუძველს მოკლებული სულაც არაა და “ზესტაფონს” შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია: “ნეფთჩიმ” თუ სამი გოლი გაგვიტანა, ჩვენ არ შეგვიძლია ოთხი გოლის გატანა და შემდეგ ეტაპზე გასვლა?! გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე - ეს თხოვნა მექნება”.
იმერლებს სატრანსფერო ბაზარზე არ უაქტიურიათ და გულშემატკივრის ნაწილი ფიქრობს, რომ წარუმატებლობა სწორედ ამის ბრალიცაა, ვინაიდან რეალურად გუნდის გაძლიერება არ მომხდარა. მეორე ხელიშემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ხელოვნურსაფარიან მოედნაზე ითამაშა, რასაც შეჩვეულები არ არიან მარგველები, თუმცა “ზესტაფონის” გამოცდილი ნახევარმცველი ამბობს, რომ ამ მიზეზების გამო ნამდვილად არ წაუგია: “ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს - ნამდვილად შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა. წარუმატებლობას ამას ვერ დავაბრალებ. რაც შეეხება ხელოვნურ საფარს, ნამდვილად არსად მინახავს ასეთი კარგი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. არც მათ გულშემატკივარს შევუშინებივართ, შინ ვთამაშობთ, ოთხ გოლს გავიტანთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ".
ბაქოში განცდილი მარცხის შემდეგ, ყველაზე მეტი კრიტიკა “ზესტაფონის” დაცვის ხაზს დაატყდა. ზაალ ელიავა ამბობს, რომ რომელიმე კონკრეტულ სათამაშო რგოლზე რამის დაბრალება არასწორია: “ძალიან სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ვინ რას ამბობს და ვის აბრალებს წაგებას, ვერ გეტყვით, ეს თამაში წააგო გუნდმა და არა რომელიმე ხაზმა. მოუთმენლად ველოდებით განმეორებით შეხვედრას, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ეს იყო შემთხვევითობა”.
|