Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

19.07.2012

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონური" მუხამბაზი

 

 

 

 

 

 

 

 

ბაქოური შთაბეჭდილებების წერა დაწყებული მქონდა, როცა „ზესტაფონის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გულშემატკივრისადმი გაკეთებული განცხადება გამოქვეყნდა. შესაბამისად, სხვა მიმართულებით წასვლა იქნება უპრიანი - მოსახდენი მოხდა და „მკვდრის გაცოცხლებას" ნუღარ შევეცდებით.

 


არა მგონია, იმერლებს ამ ჟესტით „ნოუ-ჰაუზე" ჰქონდეთ პრეტენზია, მაგრამ ფაქტია - კლუბს (მით უფრო, ნაკრებს) რომ ნაჩვენები შედეგისთვის საქვეყნოდ ბოდიში მოეხადა, ასეთი რამ ქართულ სინამდვილეში ჯერ არ მომხდარა.


გულშემატკივრის რამდენიმე კატეგორია არსებობს, თუმცა ის, ვინც ავტობუსით 16 საათის განმავლობაში იმგზავრებს, რათა საყვარელი გუნდის თამაში „ცოცხლად" იხილოს, განსაკუთრებული ფენომენია. ამხელა გზის გამვლელი კაცისგან, მერე ისიც არ უნდა გაგიკვირდეს, ლოგიკურ თუ ალოგიკურ სიტუაციაში გაშვებული გოლის შემდეგ, თვალზე ცრემლი რომ ვერ შეიკავოს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცეცხლი იელვებდა მის გულში მას შემდეგ, როცა მეტოქე 3:0 დაწინაურდებოდა.


მერწმუნეთ, ზოგადად, ეს ის ქომაგია, ვისაც საქართველოში პატივს ყოველთვის სცემდნენ, მაგრამ საქვეყნო და დამსახურებული ბოდიშით არასდროს დაუფასებიათ. ჰოდა, გილოცავთ, დააფასეს!


ბოლო კვირაში, მეორე „საბჭოური" ქვეყნის საევროტურნირო მიზეზით მონახულება მომიწია - ჯერ ყაზახეთის, ახლა აზერბაიჯანის. ორივეგან ლეგიონერებით ცდილობენ შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას და მერწმუნეთ, ისინი სხვაგვარად ფონს გასვლას ვერც შეძლებენ. მართალია ის, ვინც იმას გაიძახის - ამათთან როგორ უნდა ვაგებდეთო... მაგრამ მხოლოდ ადგილობრივ კადრებთან მიმართებაში.


ბაქოელ „მენავთობეებს", მინდორზე ერთბაშად 6 ლეგიონერი ჰყავდა, რომელთაგან ვერცერთზე იტყვის კაცი საშუალოზე დაბალი დონისააო. არც ისე გულუბრყვილო და მილიონების წყალში გადამყრელები ჩანან, მათთვის თვიურად ათეულათასობით დოლარის (სიერალეონელი ჯულიუს ვობაისთვის, ეს თანხა 50 ათასს შეადგენს) გადამხდელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენები. პარაგვაელმა რამოსმა, ზესტაფონელთა მთავარი იმედი ჯაბა დვალი გუნდისთვის უსარგებლოდ აქცია, ჩილელმა კანალესმა, საგოლე პასს „ნაჩუქარი" გოლიც მიუმატა, დასავლეთაფრიკელმა ვობაიმ კი, პრაქტიკულად ერთმა დაიპყრო ქართველების ორივე ფლანგი.


ყველაფრის მიუხედავად, ამ „ნეფტჩის" საკმარისად დამარცხებაც შეიძლება. საამისოდ, ერთბაშად ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა „ამუშავდეს" - კლასი, იღბალი, კეთილგანწყობილი თუ არა, ნეიტრალური მსაჯი მაინც, მეტოქემაც ისე წაგვეხმაროს, როგორც „ფეროელი" მცველები 17-ში წაეხმარნენ (იქნებ „აზერებსაც" აქვთ განაგონი, ვალს რომ გასტუმრება ამშვენებს) და აუცილებლად ქომაგი.


ყოფილა ფეხბურთში შემთხვევები, როცა ყველა ზემოთ ნახსენები ფაქტორი ერთად ამოქმედებულა. მაგრამ არაერთხელ გვსმენია ისიც, როცა ყველაფერს მხოლოდ ქომაგი გადაწონის, ოღონდ მინდორზე ფეხბურთელებმაც უნდა აუწყონ ფეხი.
სიმღერის ცნობილი ქართველი გენიოსის, ჯანსუღ კახიძისეულ მუხამბაზში ითქმება - „მიექიმე მოდი სანახავადა, ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა". ზესტაფონელმა ქომაგმა ყველაზე უკეთ იცის რა ჭირს „პაციენტს" და ჩვენც სწორედ იმის იმედი გვაქვს, რომ ისინი ერთმანეთს კარგად გაუგებენ. და იქნებ, სხვასაც გააგებინონ.

 

ფრიდონ კერვალიშვილი, "ჯი-ეიჩ-ენი"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012