Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

18.07.2012

 

 

 

 

 

დავით მუჯირი: "დღეს "ნეფთჩის" არ მოუგია, "ზესტაფონმა" წააგო"

 

 

 

 

 

 

 

 

ერთ-ერთმა პოპულარულმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ, azerisport.com-მა “ზესტაფონის” ნახევარმცველ დავით მუჯირის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგაა ჩაწერილი. მუჯირი ბაქოელ ჟურნალისტს განვლილი და საპასუხო შეხვედრების შესახებ ესაუბრება.


შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ზესტაფონი” სტუმრად, ბაქოს “ნეფთჩისთან 0:3 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა კი იმერეთში 24 ივლისს გაიმართება.

 


- როგორ ახსნით დიდი ანგარიშით წაგებას?
- ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდით. შეტევაში აგრესია გვაკლდა, დაცვაში კი ბავშვური შეცდომები დავუშვით, რომლებიც მეტოქემ არ გვაპატია. პირველ გოლამდე ნორმალურად ვითამაშეთ, მაგრამ მცველის უხეშმა შეცდომამ ყველაფერი გააფუჭა.


- იქნებ საქართველოს ჩემპიონმა “ნეფთჩი” სათანადოდ ვერ შეაფასა? თქვენი გუნდის წევრების წინასამატჩო კომენტარებში ზედმეტი თავდაჯერებულობა იგრძნობოდა...
-
რაღაც ასეთი რამ არ მახსენდება. მახსოვს, რომ ოპტიმისტურად ვემზადებოდით მატჩისთვის და წარმატების გვეიმედებოდა. თამაშამდე გუნდების შანსებს თანაბრად ვაფასებდით. ახლა რა თქმა უნდა სიტუაცია შეიცვალა, უკვე ფავორიტი ჩვენი მეტოქეა და ცალი ფეხით შემდეგ ეტაპზეა.


- საპასუხო მატჩისგან რას ელით?
- ერთი რამ ნათელია, ამოცანა ძალიან გავირთულეთ. მატჩი უკვე დასრულებულია და ვეღარაფერს შეცვლი. შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ თვითონ გავაფუჭეთ ყველაფერი და თავადვე უნდა გამოვასწოროთ. თუკი “ნეფთჩიმ” საკუთარ კედლებში სამი გოლი გაგვიტანა, რატომ არ შეგვიძლია, ზესტაფონში იგივე ჩვენც გავაკეთოთ? ბოლომდე ვიბრძოლებთ.


- 0:3-ის შემოტრიალებას იშვიათად ახერხებენ. რამდენად რეალურია, რომ ამას შეძლებთ?
- დიახ, ჩვენ თავი კუთხეში მივიმწყვდიეთ. ამ სიტუაციიდან გამოსვლა ძალიან ძნელია, მაგრამ ყველაფერი ჩვენსავე ხელთაა. პირველ თამაშში მხოლოდ ჩვენი შეცდომები დავინახე, რომლებიც მოწინააღმდეგემ არ გვაპატია.


- ეს შეცდომები შეიძლება მომავალ შეხვედრაშიც შეიძლება განმეორდეს და “ნეფთჩიმ” ზესტაფონშიც მოიგოს...
- არამგონია ზედიზედ ორ თამაშში ამდენი შეცდომა დავუშვათ. მით უმეტეს, რომ საპასუხო შეხვედრა ჩვენს მოედანზე გაიმართება. გეთანხმებით, სამბურთიანი უპირატესობა თითქმის შემდეგ რაუნდში გასვლას ნიშნავს, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.


- “ნეფთჩიზე” თითქმის არაფერი გითქვამთ...
- თქვენმა გუნდმა ცივსისხლიანად გამოიყენა მომენტები, რაც მის კლასზე მეტყველებს. ბაქოელებმა თავიანთი საუკეთესო თამაში აჩვენეს. ჩვენ კი პირველ ყოვლისა საკუთარ თავთან დავმარცხდით. “ნეფთჩი” ნამდვილად არაა ის ბარიერი, რომლის დაძლევაც შეუძლებელია. ოღონდ არა იმ თამაშით, რომელიც პირველ მატჩში ვაჩვენეთ. დღეს “ნეფთჩის” არ მოუგია. “ზესტაფონმა” წააგო.


- რა მოხდება, თუკი საქართველოს ჩემპიონი ამ ეტაპს ვერ გადალახავს?
- მე მინდა, რომ გავიდეთ, მაგრამ თუ ასე არ იქნება, “ნეფთჩის” მომავალ თამაშებში წარმატებას ვუსურვებ. თუმცა საპასუხო მატჩის წინ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გავაანალიზებთ ამ თამაშს, ვიპოვით მეტოქე გუნდის სუსტ წერტილებს და ამით ვისარგებლებთ.

 

მოამზადა ოთარ მაღლაკელიძემ, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012