Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

17.07.2012

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ როინ კვასხვაძესთან

 

 

 

 

 

 

 

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" საიმედო მეკარე ჰყავს. 23 წლის როინ კვასხვაძე უკვე წლებია, სტაბილურად იცავს იმერელთა კარს და წლებთან ერთად უფრო დამაჯერებელი ხდება.

მას მოახლოებული ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ვესაუბრეთ:

 

 

- კენჭისყრის შემდეგ ბაქოს "ნეფთჩის" მწვრთნელი აცხადებდა, რომ მის გუნდს გაუმართლა, "ზესტაფონისნაირი" მეტოქე რომ შეხვდა. თქვენ რას იტყვით მეტოქეზე და მსგავსი განცხადებების გამო არ ფიქრობთ მეტოქის დასჯაზე?
- შანსებს 50/50-ზე შევაფასებ. რაც შეეხება მათ განცხადებებს, ჩვენზე ეს დადებითად მოქმედებს და ორმაგად მოტივირებულები გავალთ მოედანზე.

 

- ბაქოში ხელოვნურ საფარზე მოგიწევთ თამაში. ეს ხომ არ გაართულებს "ზესტაფონის" ამოცანას?
- ზესტაფონში მინდორზე გვიწევს თამაში და ვარჯიში; ავსტრიულ შეკრებაზეც მინდორზე ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით. ამიტომ ადვილი არ იქნება ბაქოში თამაში, შეჩვეულები არ ვართ, მაგრამ გავალთ და ვიბრძოლებთ.

 

- სატრანსფერო ბაზარზე "ზესტაფონს" არ უაქტიურია. იმ შემადგენლობას, რაც ახლა გუნდშია, რამდენად შეუძლია წარმატების მიღწევა?
- მწვრთნელის და ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია ტრანსფერების საკითხი. ვინც ვართ ახლა გუნდში, ყველა შეთამაშებულია; ვიცით, რასაც ვაკეთებთ და შეგვიძლია წარმატების მიღწევაც.

 

- ავსტრიულ შეკრებაზე, "სტიაუასთან" მატჩის დროს კომენტატორმა აღნიშნა, "ზესტაფონს" სუპერმეკარე ჰყავსო. ბოლო დროს მეტოქე ფეხბურთელებს უთამამდები და ორთაბრძოლაში ხშირად შედიხარ - თავდაჯერებული ხარ და იცი, რასაც აკეთებ?
- თავდაჯერება მეკარისთვის პირველი და აუცილებელი თვისებაა. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტები რისკთან ყოველთვისაა დაკავშირებული. ვეცდები, ხშირად აღარ გავრისკო.

 

- გუნდის პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმი ევროსარბიელზე რა არის?
- ჩვენი მაქსიმუმი ლიგის ჯგუფში შესვლაა, მინიმუმი კი - ორი ეტაპი უნდა გავიაროთ და უეფას ჯგუფში მაინც მოვხვდეთ.


მაგდა კლდიაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005