აზერბაიჯანის დედაქალაქის სტადიონ "დალღა-არენაზე" გუშინ საღამოს გამართულ ზესტაფონელთა ვარჯიშს წინ მატჩისწინა პრეს-კონფერენცია უძღოდა. ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა შეკითხვებს იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და გუნდის ფეხბურთელმა დავით მუჯირმა უპასუხეს ...
- როგორ ფორმაში ხვდება “ზესტაფონი” ხვალინდელ შეხვედრას?
- მოსამზადებელი ეტაპები საკმაოდ კარგად გავიარეთ და ვფიქრობ, მზად ვართ. “ნეფთჩი” კარგი გუნდია, მაგრამ იმედია, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ.
- ახლახან ერთ ინტერვიუში თქვით, თუ “ზესტაფონი” მეორე წრის მიღმა დარჩება, ეს კატასტროფა იქნებაო...
- ასეთი სიტყვები არც ერთი ჟურნალისტისთვის მითქვამს. სიტყვა – “კატასტროფა” არასოდეს არსად მიხსენებია. ამბიცია კი, ნამდვილად გვაქვს და ეს სავსებით ნორმალურია.
- “ნეფთჩის” მწვრთნელმა კი განაცხადა, რომ ყოველნაირად ეცდება, ყველაფერი პირველივე შეხვედრის შედეგით გადაწყვიტოს...
- ეს გამორიცხულია. ბრძოლა ორრაუნდიანია და ყველაფერი ზესტაფონში გამოჩნდება, ერთ კვირაში.
- მაინც რატომ უნდა გავიდეს “ზესტაფონი” შემდეგ წრეში?
- იმიტომ, რომ ეს წარმატება მთლიანად ქართულ ფეხბურთს სჭირდება. ჩვენი გუნდი უკვე წლებია, სტაბილურად ვითარდება, შარშან ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად გამოცდილება არ გვეყო. მიზნის მისაღწევად წლეულს უნდა ვიბრძოლოთ. ვფიქრობ, ამის ძალა შეგვწევს.
- ყველაზე მეტად “ნეფთჩის” რომელი ფეხბურთელის გეშინიათ?
- არავისი არ გვეშინია. ვიცით, რომ თქვენმა გუნდმა რამდენიმე ძლიერი მოთამაშე დაიმატა, მაგრამ თამაშს მთლიანი გუნდი იგებს და არა ცალკეული ფეხბურთელი.
მოკლე კომენტარი დავით მუჯირმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ წინ მძიმე შეხვედრები ელის და იქვე დასძინა, იმედია, ამ წყვილიდან მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას “ზესტაფონი” მოიპოვებსო.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო
ოთარ მაღლაკელიძე worldsport.ge-ს სპეციალური კორესპოდენტი ბაქოდან