16.07.2012
ქართველებმა ”დალღაზე” ივარჯიშეს
დღეს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბაქოში გაემგზავრა. 14:40 საათზე, ჩარტერული რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 50 წუთში ქართული გუნდი ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში ჩაფრინდა.
აეროპორტიდან ავტობუსით ათწუთიანი მგზავრობის შემდეგ, მარგველები ბაქოს გარეუბანში მდებარე სასტუმრო ”შერატონში” დაბინავდნენ. მართალია, გუნდის ბარგის დაკარგვა-ძიების ორი საათით გაწელილმა "ეპოპეამ" აზერბაიჯანის დედაქალაქთან "გაცნობისაგან" მიღებული პირველი შთაბეჭდილება ოდნავ გააფერმქრთალა, თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ "ზესტაფონის" ფეხბურთელები ბარგის პოვნის მომენტამდე კარგა ხნით ადრე სასტუმროში იმყოფებოდნენ და ყველაფრის ამის გამო განსაკუთრებული უხერხულობა არც უგრძვნიათ...
სასტუმრო "შერატონში" დასვენების შემდეგ, "ნეფთჩისთან" ხვალ გასამართი შეხვედრის დაწყების დროს (თბილისის დროით 20:00 საათზე), საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბაქოს სტადიონ "დალღა-არენაზე" (ქართულად "დალღა" ტალღას ნიშნავს) მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშმა ქართული და ადგილობრივი მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.
იმერელთა წვრთნამ ერთ საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა, ფეხბურთელებმა ბურთით ნაყოფიერად იმუშავეს და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტიც დახვეწეს. სასიხარულოა, რომ უპრინციპულესი მატჩის წინ აზერბაიჯანში ჩასული ცხრამეტივე ჩვენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.
როგორც მოგახსენეთ, ვარჯიშს ქართული და აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები მრავლად დაესწრნენ და წვრთნის პროცესის დაწყებამდე გამართულ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე იმერელთა მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს შთაბეჭდილებების გაზიარებაც სთხოვეს და ბევრი შეკითხვაც დაუსვეს.
შეგახსენებთ, რომ ”ნეფთჩი” - ”ზესტაფონის” ხვალინდელი შეხვედრა ადგილობრივი დროით 21:00, ხოლო თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
|