Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
13.07.2012

 

 

 

 

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: დავლაგდით!

საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანის ჩემპიონთან მოგება მართებს

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნდა და იქაურ პერიპეტიებზე სასაუბროდ გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს მივმართეთ.

"ზესტაფონი" დამდეგ სეზონში გადასხვაფერებული იქნება და ცხადია, საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს.

მომავალ კვირაში გუნდს უკვე ძალიან სერიოზული გამოცდა ელის: ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე სტუმრად აზერბაიჯანის ჩემპიონს, ბაქოს "ნეფთჩის" ეთამაშება.


- ავსტრიაში ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ, საკმაოდ ძლიერ სპარინ-მეტოქეებს ვეთამაშეთ, იდეალურ პირობებში ვიყავით, ამინდებმაც ხელი შეგვიწყო. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ. ასე ვთქვათ, გუნდის დალაგება მოვახერხეთ, გარკვეული სახე მივიღეთ.

- ბოლო წინადადებაში კონკრეტულად რას გულისხმობდით?
- ყველაფერი შედარებითია. მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი მათი წასვლის შემდეგ დასაბალანსებელი იყო, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა გვიწევს.

თედო გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, გურამ სამუშია, ლუკა გუგუჩია, მიხეილ სარდალიშვილი - გამოჩნდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ პირველ გუნდში რიგიანად თამაში შეუძლიათ.

- "ზესტაფონი" დატოვა გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა შოთა გრიგალაშვილმა - ვინ იქნება მისი შემცვლელი?
- ამ ფეხბურთელის წასვლის შემდეგ სხვანაირი სისტემით მოგვიწევს თამაში, ძნელია, უცბად მოძებნო ზუსტად ისეთი მოთამაშე, როგორიც შოთა გრიგალაშვილია.

არიან ფეხბურთელები, რომელთა იდენტურად შეცვალა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ყველაფერი უკეთესად შეიცვალოს.

შუა ხაზში გვყავს სამუშია და გუგუჩია. თუ მაინცდამაინც შემცვლელზე მიდგა საქმე, შოთა გრიგალაშვილის მაგივრად ლევან შარიქაძე დადგება.

- უფრო რომელ განლაგებას დაეყრდობით: 4-4-2 თუ 4-3-3 ?
- თუ გახსოვთ, ბოლო დროს "ზესტაფონი" 4-4-2 სქემით თამაშობდა და უფრო ამ ვარიანტს დავეყრდობით.

- შეტევაში ჯაბა დვალისა და ოვონიკოკოს დუეტს თუ აირჩევთ, დავით მუჯირის ადგილს სად ხედავთ?
- მუჯირს უფრო თავდამსხმელად მოვიაზრებ, ვიდრე შუა ხაზის მოთამაშედ, ვისაც სპეციფიური ფუნქციები უნდა დაეკისროს. თავდამსხმელებსა და ნახევარმცველებს შორის მოქმედი შემტევი - ეს არის მუჯირის პოზიცია.

- თუ ჯაბა დვალი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ "ზესტაფონს" დატოვებს, გუნდს სერიოზული სიცარიელე არ შეექმნება?
- ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ევროსარბიელზე ვფიქრობთ. ისე კი, ვისაც წასვლა უნდა, კლუბი ხელს არ შეუშლის. თუ ფეხბურთელი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში გადავა და ეს "ზესტაფონისთვისაც" სარფიანი იქნება, შესაძლებელი გახდება, რომ ფეხბურთელი დავთმოთ.

"ზესტაფონისთვის" დიდი ძალა იყო ნიკა გელაშვილი, მაგრამ გამოჩნდა ხელსაყრელი ვარიანტი და ისიც სხვაგან გადავიდა. გელაშვილის შემცვლელად, მისი თამაშის მანერიდან გამომდინარე, ოვონიკოკო გვყავს.

- "ზესტაფონი" დაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ონიანმაც დატოვა - მის შემცვლელად გიორგი კაჭკაჭიშვილს მიიჩნევთ?
- კაჭკაჭიშვილი ძალიან კარგი მცველია, დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა შეკრებაზე გვიან შემოგვიერთდა და ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში, რის გამოც ფორსირებულად ვამზადებთ სეზონის დაწყებისთვის.

- "ნეფთჩისთან" მისი მოედანზე გასვლა ნაკლებად სავარაუდოა?
- მასეა, კაჭკაჭიშვილს "ნეფთჩისთან" თამაშის მცირე შანსი აქვს. საჯაია, თედო გრიგალაშვილი, კობახიძე და კაჭკაჭიშვილი - დაცვის ცენტრისთვის ეს ფეხბურთელები არიან "ზესტაფონის" განკარგულებაში.

- "ნეფთჩიც" ავსტრიაში იყო შეკრებაზე - გქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ აზრებაიჯანის ჩემპიონის საკონტროლო მატჩებს დასწრებოდით?
- ავსტრიაში "ნეფთჩის" ორ მატჩს დავესწარი, აზერბაიჯანელები კი "ზესტაფონის" სამ თამაშზე იყვნენ მოსულები.

- და რა შთაბეჭდილება დატოვა "ნეფთჩიმ" ავსტრიაში?
- მეკარეს და დაცვას თუ არ ჩავთვლით, ბაქოელებს წინა სეზონთან შედარებით ახალი გუნდი ჰყავთ. "ნეფთჩი" მაღალბიუჯეტიან გუნდს ჰგავს, ბევრი ლეგიონერი ჰყავს, შეტევაში დიდი პოტენციალი გააჩნია.

ასეთ მეტოქესთან ჩვენც გვაქვს გარკვეული უპირატესობა - ჩვენ, ასე ვთქვათ, გუნდი უფრო ვართ, გუნდურობა ჩვენი ძლიერი მხარეა. ამაზე "ზესტაფონს" წლობით უმუშავია, "ნეფთჩის" კი ამის გაკეთება მოკლე დროში გაუჭირდება.

ჩვენსა და "ნეფთჩის" შორის კლასში სხვაობას ვერ ვხედავ. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებიც თანაბარია, თუმცა ჩვენს საქართველოს ჩემპიონი ვართ და საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანს ჩემპიონთან მოგება მართებს...

 

დავით თავართქილაძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012