Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

12.07.2012

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განცხადება

 

 

 

 

 

 

ამ ბოლო დღეებში ქართულმა სპორტულმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” და ამავე კლუბის ყოფილ ფეხბურთელ სოსო გრიშიკაშვილს შორის დატრიალებულ ამბებს.

 

ამ თემასთან დაკავშირებით პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თვალყურს ყურადღებით ადევნებდნენ და ამ თემაზე დისკუსიის მსვლელობისას მასობრივი ინფორმაციის ზოგ საშუალებებში არაკორექტული განცხადებების გაჟღერების შემდეგ კლუბის პრეს-სამსახური უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

 

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი" არაა ინფორმირებული თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოსა” და სოსო გრიშიკაშვილს შორის მიმდინარე დავის დეტალების შესახებ და ამის გამო თავიდანვე ემიჯნება მოცემულ სიტუაციაში მტყუან-მართლის გარკვევის ყოველგვარ მცდელობას.

 

სამაგიეროდ, მოვალედ ვთვლით თავს, დავაფიქსიროთ ჩვენი კლუბის პოზიცია საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ხელმძღვანელის, ბატონი რომან ფიფიას მისამართით გაჟღერებულ არაკორექტულ განცხადებებთან დაკავშირებით.

 

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა (შეიძლება ითქვას, "მოდურიც" კი გახდა) ქართულ საფეხბურთო კლუბებში ინვესტიციების განმხორციელებელი პირების მისამართით გაკეთებული "მწვავე" ხასიათის განცხადებები. ჩვენი ღრმა რწმენით, ასეთი "პროპაგანდისტული კომპანიის" დაწყებას ხელი დიდწილად შეუწყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირთა მხრიდან გაკეთებულმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა (გავიხსენოთ თუნდაც "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ფედერაციის ხელმძღვანელის მიერ გაჟღერებული აზრი იმის შესახებ, რომ ინვესტორთა ფეხბურთში ყოფნის ძირითადი მიზანი საკუთარი თავის უკეთ "გაპიარება" გახლავთ).

 

ასეთი "აგდებული" დამოკიდებულების შედეგად, "თავის "PR"-ით დაკავებული ბიზნესმენების" მამხილებელი ჩინოვნიკის მიერ გადაწოდებული "ესტაფეტის ჯოხი" ზოგმა ჟურნალისტმაც აიტაცა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყოველივე ეს მიზანმიმართული აქციის ხასიათს ატარებს. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” აბსოლუტურად მიუღებელ რამედ მივიჩნევთ იმას, როდესაც ვიღაც ასე მოურიდებლად ეხება ადამიანის პირად ღირსებას და ბავშვობის დროინდელი მისი სახელისა თუ ზედმეტსახელის მოძიება-გაქილიქებითაა დაკავებული.

 

წლების განმავლობაში საქართველოში ფეხბურთის "სიკვდილისაგან" ხსნა მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმენისა და ბიზნეს-ჯგუფის აქტიური ჩარევის მეშვეობით ხერხდებოდა, საბედნიეროდ, დღეს, ამ ბიზნესმენებისა და ბიზნეს-ჯგუფების გარდა, ფეხბურთს სერიოზულ ყურადღებას აქცევს ქართული სახელმწიფო. შედეგად, ქვეყანაში რემონტდება სტადიონები, იქმნება აქამდე არარსებული ხარისხის ინფრასტრუქტურა, ინერგება მრავალი ტექნოლოგიური და სამედიცინო სიახლე - კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ მოხერხდეს ევროპის სტადიონებზე ქართული დროშის ღირსეულად ტარება.

 

დღეს ხშირად გაიგონებ საუბარს იმაზე, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელმა გარკვეული ანაზღაურების საფასურად თავის კლუბისათვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ არასდროს აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ ფეხბურთელის შრომა გახლავთ თავად ფეხბურთელისა და მასთან ერთად, მთელი კლუბის მხრიდან გაწეული კოლოსალური მოცულობის შრომის შედეგი, ხოლო მისთვის ანაზღაურების სახით გაცემული თანხა გახლავთ სულ რაღაც 15-20 პროცენტი მთელი იმ ხარჯისა, რომელიც კლუბს, შრომის ანაზღაურებასთან ერთად, მის აღზრდაზე, ფეხბურთელად და პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, მის ტექნიკურ და სამედიცინო მომსახურეობაზეა გაწეული. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ, სამწუხაროდ, კლუბის და პრეზიდენტის შრომა და მათი მხრიდან გაწეული ხარჯები ყველაზე ნაკლებად ჩანს...

 

ნამდვილად შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ინვესტორის მხრიდან გაწეული ხარჯები მას ნებისმიერ შემთხვევაში ათავისუფლებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ფეხბურთში კაპიტალის დამბანდებელი ადამიანი არ არის ღირსი, მისი პერსონა ვიღაცის საქილიქო გახდეს. ჩვენი მოკრძალებული აზრით, ეს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასაც, რომელიც ქვეყანაში საფეხბურთო აღმშენებლობის პროცესის ხელშეწყობით უნდა იყოს დაკავებული და იმ ჟურნალისტსაც, რომელიც ამ სპორტის განვითარება-პოპულარიზაციითაა დაინტერესებული, ერთნაირად უნდა ახსოვდეთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012