Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

10.07.2012

 

 

 

 

 

 

ავსტრიული შეკრების დასკვნითი სპარინგ-მატჩი

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 10 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” წლევანდელი ავსტრიული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე ჩეხეთის მოქმედი ჩემპიონი, ქალაქ ლიბერეცის საფეხბურთო კლუბი ”სლოვანი” გახლდათ.

 

შეხვედრა დაბა კირხდორფის სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 14:30 (თბილისის დროით - 16:30) საათზე დაიწყო. "სლოვანი" ჩეხური "ოქროს" სამგზის მფლობელი გახლავთ. "გამბრინუს ლიგის" პირველ გუნდს ჩეხი სპეციალისტი იაროსლავ სილხავი წვრთნის. გუნდის ღირსებას, ჩეხეთის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში მოასპარეზე ფეხბურთელთა მთელ ჯგუფთან ერთად, ბრაზილიელი, სლოვაკი, უკრაინელი, ხორვატი, სერბი და კონგოელი ლეგიონერები იცავენ...

 

პირველი ტაიმი ქართველთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და იომი ოვონიკოკოს, ჯაბა დვალსა და ლევან შარიქაძეს ჩეხთა კართან შექმნილი მომენტები რომ გამოეყენებინათ, ტაიმი აუცილებლად "ზესტაფონის" უპირატესობით დასრულდებოდა. თავის მხრივ, ლიბერეცელები ხიფათის შექმნას კონტრშეტევებზე ცდილობდნენ და რამდენიმე ეპიზოდში როინ კვასხვაძესაც მოუხდა ოსტატობის დემონსტრირება.

 

მეორე ტაიმის დებიუტში "ზესტაფონის" დაწინაურება ერთმანეთის მიყოლებით თორნიკე აფციაურსა, იომი ოვონიკოკოსა და ჯაბა დვალს მართებდათ, მაგრამ ვერც მათ მოახერხეს ძალიან მომენტების გამოყენება. სათამაშო დროის ერთი საათის გასვლის შემდეგ, გია ჭიაბრიშვილმა და მისმა კოლეგა იაროსლავ სილხავიმ ცვლილებებს მიმართეს... ზესტაფონელთა საკმაოდ დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, 72-ე წუთზე გოლი სწორედ მათ კარში გავიდა - ჩეხთა იშვიათი კონტრიერიში ზუსტი დარტყმით იან ბლაჟეკმა დაასრულა. საქართველოს ჩემპიონმა მატჩის გადარჩენა სცადა და მატჩის მიწურულს "სლოვანს" მთელი ძალებით შეუტია, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა.

 

"სლოვანთან" შეხვედრაში ზესტაფონელებმა შემდეგი შემდგენლობით იასპარეზეს: კვასხვაძე, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 72), კობახიძე (თედო გრიგალაშვილი , 80), საჯაია (კაჭკაჭიშვილი, 80), ელიავა, მენთეშაშვილი (სარდალიშვილი, 65), გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 72), აფციაური (მუჯირი, 65), შარიქაძე (რაჟამაშვილი, 80), ოვონიკოკო, დვალი.

 

10.07.2012 ”ზესტაფონი” - ”სლოვანი” (ლიბერეცი, ჩეხეთი) 0-1

 

 

11 ივლისს, დილით, მიუნხენი-თბილისის რეისით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012