Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

09.07.2012

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ თორნიკე გორგიაშვილთან

 

წინასწარ ლაპარაკით თამაშს ვერ მოიგებ ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბურთით თორნიკე გორგიაშვილია

“ზესტაფონი” ავსტრიაში შეკრებას აგრძელებს და სამი ტესტ-მატჩიც გამართა: რუმინულ “ასტრასთან” 0:1 წააგო, ბულგარულ პლოვდივის “ლოკომოტივს” 3:2 სძლია, ხოლო შემდეგ ისევ რუმინელებს სახელოვან “სტიაუას” შეხვდა და 0:0 ითამაშა. ახლოვდება ბაქოს “ნეფთჩისთან” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩიც და “მსოფლიო სპორტი” ზესტაფონელთა ერთ-ერთ წამყვან ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილს ესაუბრა.

 


- რამდენად ნაყოფიერი შეკრებაა და როგორ შეაფასებდით?
- ყველაფერი კარგად მიდის. ფიზიკური დარვირთვებიდან ტაქტიკურ-ტექნიკურ მზადებაზე გადავედით, თამაში დავალაგეთ და ეს ბოლო ორ საკონტროლო მატჩშიც დაგვეტყო.


- ბოლოს “სტიაუას” ეთამაშეთ. უფრო ვრცლად გვითხარით ამ შეხვედრაზე - რაში აჯობეთ მეტოქეს, ან რაში ჩამორჩით?
- ვფიქრობ, პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით ჩატარდა, ბურთს ვფლობდით და მწვავე შეტევები გვქონდა. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ვფიქრობ, ფრე მაინც ლოგიკური შედეგი იყო. “სტიაუა” ძლიერი გუნდია და მართალია, ბევრი საგოლე მომენტი არ შეუქმნია, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძლიერია. ახლა ერთი თამაში დაგვრჩა: ჩეხეთის “ლიბერეცს” ვხვდებით და შემდეგ ზესტაფონში წამოვალთ. 11 ივლისს დილით უკვე საქართველოში ვიქნებით.


- “ნეფთჩის” თამაშების ვიდეოფირი ნახეთ?
- “ნეფთჩიც” ავსტრიაშია და მწვრთნელები დაესწრნენ მათ თამაშს. ფეხბურთელებს ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ბაქოში წასვლამდე, რა თქმა უნდა, ვნახავთ და ანალიზიც გაკეთდება. როგორც ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ამბობს, საკმაოდ კარგი გუნდია “ნეფთჩი”.


- ისე, კენჭისყრის დღიდან მოყოლებული, ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ...
- ეს ვიცი და მინდორზე უნდა ვაჩვენოთ, ვის რა შეუძლია. წინასწარ ლაპარაკით თამაშს ვერ მოიგებ.


- შეადარეთ შარშანდელი და წლევანდელი ‘ზესტაფონი”...
- შარშან შეტევაში მეტი შედეგიანობა იგრძნობოდა. გოლებიც მეტი გაგვქონდა, წინ ჯაბა დვალი და ნიკა გელაშვილი იყვნენ. ამასთან, რატი წინამძღვრიშვილიც. ახლა მთლიანად დვალზეა აქცენტი გადატანილი. თუმცა, ნახევარდაცვა უფრო აქტიურად ეხმარება დვალს. მეც გავიტანე გოლები, თორნიკე აფციაურმაც, სხვებმაც. თუმცა, სტილი არ შეგვიცვლია. შეტევას ვანიჭებთ უპირატესობას.


- რეალურად, შეუძლია “ზესტაფონს” შარშანდელზე უკეთ გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე?
- ამას თამაშები გვაჩვენებს. რატომაც არ შეგვიძლია?! ჩვენი მიზანი სწორედ ევროპაზე ღირსეული გამოსვლაა.


- თქვენს თამაშზე ცალკე: ბოლო სეზონში აშკარად მოუმატეთ და თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში რამდენჯერმე გამოგიძახათ. შეიძლება ითქვას, სწრაფი პროგრესი გაქვთ. რის ხარჯზე?
- ჩემი აზრით, მწვრთნელისგან ნდობა დიდ როლს თამაშობს. რაც უფრო მეტად გენდობიან და გათამაშებენ, მით უფრო გემატება თავდაჯერება. თამამად თამაშობ და ლიდერად ყალიბდები. თუმცა, ამაზე შეჩერებას არ ვაპირებ. იმედია, მოვა დრო და უცხოეთში გავაგრძელებ კარიერას.


- წლეულს გსურს წასვლა თუ სამომავლოდ იგულისხმე?
- სამომავლოდ. წლეულს ჯერ მთლიანად “ნეფთჩისთან” თამაშებზე ვფიქრობ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თუ შევედით, სადღა უნდა მომინდეს წასვლა... ჯერ თუმცა, მანამდე შორია: ჯერ “ნეფთჩის” ბარიერი უნდა გადავლახოთ.

 


ილია ნანობაშვილი, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012