Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

08.07.2012

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ დავით მუჯირთან

 

არა ფულითა ხოლო...

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ცოტაც და საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრაში, "დალღა არენაზე" აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს, ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდება. მატჩის მნიშვნელობაზე საუბარი გადაჭარბებულად გვეჩვენება...


შაბათს "ზესტაფონმა" ბუქარესტის "სტიაუასთან" ისპარინგა და პირველ ტაიმში, სანამ გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ მინდორზე, ტიტულოვანი რუმინული კლუბი ყველა კომპონენტში დაჩაგრა. მატჩის დასრულების შემდეგ, მარგველთა გამოცდილ შუახაზელს, დავით მუჯირს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:

 


- ავსტრიაში გამართული შეკრება გუნდს სამომავლოდ აუცილებლად წაადგება. დარწმუნებული ვარ, 17 ივლისს ჩვენი გუნდი ფორმის პიკში იქნება. დღეს სასარგებლო სპარინგი გვქონდა, 10 ივლისს გენერალური რეპეტიცია იქნება ჩეხეთის ჩემპიონ ლიბერეცის "სლოვანთან". ეს მატჩი ბევრს გვიჩვენებს, მაგრამ ისიცაა, რომ ოფიციალურ შეხვედრებში გამარჯვებას სულ სხვა გემო აქვს. თუ შეატყვეთ, დღეს მწვრთნელებმა ყველა ფეხბურთელი არ დატვირთეს ბოლომდე, ახლა ჩვენს გონებაში მხოლოდ "ნეფთჩია".


- კენჭისყრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანელთა "თავდაჯერებულ კომენტარებს" ბოლო არ უჩანს. პრინციპში, ფინანსურად წელგამართული "ნეფთჩი" ამბიციების ნაკლებობას არც უნდა უჩიოდეს. რა იქნება საქართველოს ჩემპიონის კოზირი ამ შემთხვევაში?
- უზომოდ მოტივირებულები ვართ, მეც ისე ვარ, თითქოს ახლა ვიწყებ საფეხბურთო კარიერას. ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ, ჩვენ თავს არ დავზოგავთ და დანარჩენი უფლის ნებაა. ყველაფერი მაინც მინდორზე გაირკვევა, ერთი კია - საწყენია, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონზე ფინანსურად ძლიერია, თუმცა, ფული ყოველთვის არ არის გადამწყვეტი. ჩვენი კოზირი ისიცაა, რომ განმეორებითი მატჩი სახლში გვაქვს. ფეხბურთია და შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მჯერა "ზესტაფონის" და ვფიქრობ, მესამე ეტაპზე სწორედ ჩვენი გუნდი გავა.


- ფაქტია, რომ "ზესტაფონში" ახლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. როგორ შეეწყვნენ ისინი გუნდს?
- ძალიან კარგად. ისე, როცა ასეთ პატარა ასაკში ხდები საქართველოს ჩემპიონი, ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა. ეს ბიჭები გაამართლებენ, რადგან თავიდანვე ეჩვევიან სწორად თამაშსა და ცხოვრებას.


- არ იქნება რუმინელ არბიტრზე, ავრამზე არ გკითხოთ - კარგად გვახსოვს, რომ მან იმსაჯა საქართველოსა და ჰოლანდიის 17-წლამდელების მატჩი ევროპის ჩემპიონატზე. სწორედ, ისაა პირველი მატჩის არბიტრი და ეს ფაქტორი თქვენზე ფსიქოლოგიურად ხომ არ იმოქმედებს?
- მეც უზომოდ ვიყავი იმედგაცრუებელი იმ მატჩის გამო და სიმართლე გითხრათ, ეს გრძნობა კარგა ხანს გამომყვა. მაგრამ, ბაქოში გასამართი თამაში სუფთა ფურცელია და ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ მას... ჩვენ მსაჯზე ვერ ვიფიქრებთ, რადგან თამაშია მოსაგები და ქართული საქმეა გასაკეთებელი. თუ პროფესიონალი ხარ, არც მსაჯის ვინაობას უნდა მიაქციო ყურადღება და არც იმას, თუ რა აჟიოტაჟია ატეხილი მატჩის წინ მსაჯთან დაკავშირებით.


- "ნეფთჩის" თამაში თუ ნახეთ და რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე მომავალმა მეტოქემ?
- რა თქმა უნდა, ინფორმაციას ვიძიებთ, ტექნიკური გუნდია, ძლიერი სამხრეთამერიკელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა. რამდენიმე წუთის წინ საკონტროლო შეხვედრაში ბუქარესტის "დინამო" დაამარცხეს.


- ხომ არაფერს დაამატებთ?
- მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით წარმატება ვუსურვო ყველა ქართულ კლუბს, რომელიც ევროთასებზე თამაშობს. დადგა ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი და ყველანი ვალდებულნი ვართ ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ.



ალეკო კაკაურიძე, სპორტული გაზეთი "არენა"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012