Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

07.07.2012

 

 

 

 

 

 

შეხვედრა რუმინულ "ვარსკვლავთან"

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 7 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მესამე საკონტროლო მატჩი გამართა. მარგველთა მეტოქე ერთ დროს რუმინული ფეხბურთის ფლაგმანი, ახლანდელი ჩემპიონთა ლიგის წინამორბედი უეფას ჩემპიონთა თასის 1986 წლის გათამაშების გამარჯვებული, ქალაქ ბუქარესტის საფეხბურთო კლუბი ”სტიაუა” (რუმინულად - "ვარსკვლავი") გახლდათ.

 

 

შეხვედრა დაბა უტენდორფის სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 18:00 (თბილისის დროით - 20:00) საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ "სტიაუა" ბოლო 6 წლის მანძილზე ვერ ახერხებს "რუმინული ოქროს" დაუფლებას, ბუქარესტის "ვარსკვლავი" დღესაც საკუთარი ქვეყნის უტიტულოვანესი კლუბი გახლავთ. რუმინეთის 23-გზის ჩემპიონებსა, თასის 21-გზის და სუპერთასის 5-გზის, უეფას ჩემპიონთა თასისა და ევროპის სუპერთასის 1986 წლის მფლობელებს დღესდღეობით რუმინელი სპეციალისტი ლაურენტიუ რეგეკამპფი წვრთნის. გუნდში ბრაზილიელი, მაკედონიელი, სერბი და ჩერნოგორიელი ლეგიონერები და რუმინეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ირიცხებიან.

 

ზესტაფონელთა და ბუქარესტელთა "გაცნობა" 2011 წლის 23 ივნისს შედგა და კარპატელთა ბრაზილიელი ლეგიონერის ლეანდრო ტატუს ერთადერთი გოლის წყალობით, რუმინელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა. დაძაბულად გამოდგა დღევანდელი მატჩიც. უნდა ითქვას, რომ თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ქართველები ფლობდნენ შესამჩნევ ტერიტორიულ უპირატესობას და მიზანსწრაფულად ცდილობდნენ ბუქარესტელთა კარისათვის "გასაღების მორგებას". "სტიაუას" ფეხბურთელები კი თავის ბედს სწრაფ კონტრშეტებში ეძიებდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ გოლის გატანის შესაძლებლობები ორივე მხარეს მიეცა, თუმცა საბოლოდ მატჩი უგოლოდ - 0-0 დასრულდა.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ასეთი შემდგენლობით იასპარეზეს: კვასხვაძე (მამალაძე, 69), ღონღაძე (ბენაშვილი, 69), კობახიძე (კაჭკაჭიშვილი, 69), საჯაია (თედო გრიგალაშვილი , 46), ელიავა (თორნიკე გრიგალაშვილი, 69), მენთეშაშვილი (მუჯირი, 46), გორგიაშვილი (რაჟამაშვილი, 72), აფციაური (ბაბუნაშვილი, 62), შარიქაძე (სამუშია, 75), ოვონიკოკო (სარდალიშვილი, 62), დვალი (გუგუჩია, 62).

 

 

 

07.07.2012 ”ზესტაფონი” - ”სტიაუა” (ბუქარესტი, რუმინეთი) 0-0

 

 

ავსტრიული შეკრების დასკვნით სპარინგ-მატჩს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 10 ივლისს გამართავს. საქართველოს პირველი გუნდი ჩეხეთის ჩემპიონ ლიბერეცის "სლოვანს" დაუპირისპირდება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012