საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს უეფას ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობისათვის მზადებას. გუშინ, დილის ვარჯიშის შემდეგ, ზემოიმერლები ზალცბურგს გაემგზავრნენ და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მშობლიური ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს. დღეს კი გუნდმა ორჯერ ივარჯიშა. აღსანიშნავია ის, რომ გუნდთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს 21 წლის მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ზესტაფონელთა რიგებში 2008-2010 წლებში უასპარეზია. ხვალ მარგველები ალპური შეკრების მორიგ სპარინგ-მატჩს გამართავენ - საქართველოს ჩემპიონი რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანეს გუნდს, ბუქარესტის ”სტიაუას” დაბა უტენდორფში დაუპირისპირდება. მატჩი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) დაიწყება და ერთ-ერთი რუმინული ტელეკომპანიის მიერ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.