2012 წლის 2 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ქართველთა მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი, თავის ქვეყნის თასის ბოლო გათამაშების ფინალისტი, ქალაქ პლოვდივის საფეხბურთო კლუბი ”ლოკომოტივი” გახლდათ.
პლოვდივის ”ლოკომოტივი” ბულგარეთის ერთ-ერთი წამყვანი და ტრადიციული კლუბია. რკინიგზელთა გუნდი 2004 წელს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელიც გახლდათ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ზესტაფონელთა და პლოვდიველთა პირველი შეხვედრა არ გახლდათ - 2011 წლის 8 თებერვალს ”მარბელიას თასის” გათამაშების მეშვიდე ადგილისათვის გამართულ შეხვედრაში, რატი წინამძღვრიშვილის, შოთა გრიგალაშვილის გოლებისა და იორდან ტოდოროვის ავტოგოლის წყალობით, ქართველებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.
მატჩი ზესტაფონელთა "დისლოკაციის ადგილას", დაბა ფიბერბრუნში გაიმართა და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს ჩემპიონთა დღევანდელ შეხვედრას უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში იმერელთა მეტოქე ბაქოს "ნეფტჩის" მთავარი მწვრთნელი და მისი შტაბის წარმომადგენელი დაესწრნენ. თამაში ქართველთა აქტიურობით დაიწყო და უკვე 10-ე წუთზე საჯარიმოდან ზუსტად და უძლიერესად დარტყმულით ანგარიში ჯაბა დვალმა გახსნა. ბულგარელებმა ზუსტად 3 წუთში გაათანაბრეს - პლოვდიველთა კაპიტანი ზდრავკო ლაზაროვი ზესტაფონელთა საჯარიმოში შეიჭრა და როინ კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა.
ზესტაფონელები ბურთსაც და ტერიტორიასაც აკონტროლებდნენ, მომენტებსაც ჰქმნიდნენ, თუმცა დაწინაურება მხოლოდ მეორე ტაიმის დებიუტში შეძლეს - 54-ე წუთზე ზესტაფონელებმა კარგი იერიში წამოიწყეს, რომელიც ჯაბა დვალის საჯარიმოს ხაზიდან უძლიერესი დარტყმითა და რკინიგზელთა კარის აღებით დასრულდა. მალე თავის გუნდის უპირატესობის კიდევ უფრო განმტკიცება შეეძლო იომი ოვონიკოკოს, რომელმაც ყველაფერი კარგად გააკეთა, დამაგვირგვინებელ დარტყმას თუ არ ჩავთვლით. 76-ე წუთზე ზესტაფონელებმა მაინც მოახერხეს ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურება - გოლი შოთა ბაბუნაშვილის ანგარიშზეა.
80-ე წუთზე ქართველთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის მოგერიებაც ზურაბ მამალაძემ შეძლო, მაგრამ დამატებაზე ყველას ბულგარელმა ილიან იორდანოვმა დაასწრო და დღევანდელ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - ქართულ-ბულგარული დაპირისპირება ამჯერადაც ზესტაფონელთა გამარჯვებით, ოღონდ ამჯერად ანგარიშით 3-2 დასრულდა.
შემდეგ სპარინგ-მატჩს "ზესტაფონი" 7 ივლისს რუმინული ფეხბურთის ფლაგმან ბუქარესტის ”სტიაუსთან” გამართავს. მატჩი უტენდორფში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.