საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობს ვიდეოინტერვიუს გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილთან.
ინტერვიუში, რომელიც გუშინ გვიან საღამოსაა ( თბილისის დროით კი დღეს...) ჩაწერილი, საუბარი ავსტრიული შეკრების მიმდინარეობას, ალპებში გამართულ პირველ სპარინგ-მატჩს, აზერბაიჯანულ "ნეფტჩისთან" მოახლოებულ დაპირისპირებას, გუნდის მზადების პერიპეტიებს, სამომავლო გეგმებსა და სხვა მრავალ საინტერესო თემას ეხება ...
- უკვე მეხუთე დღეა, რაც გუნდი ავსტრიაშია და ემზადებით. პირველი შთაბეჭდილებები...
- საკმაოდ ნაყოფიერ მზადებას გავდივართ, კარგი პირობებია. ჯერ ისევ დატვირთვების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ რაც დღეები გადის, უფრო თამაშის დალაგებაზე ვმუშაობთ. ასე რომ, ყოველი ჩვენი დღე უკეთესი იქნება და II საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სრულიად მზად უნდა ვიყოთ.
- ფიზიკური დატვირთვები ახსენეთ. პირველ ტესტ-მატჩში (“ასტრასთან” 0:1) ჩანდა, რომ “ზესტაფონს” ფიზიკურ მომზადებაში მაინც ჰქონდა ხარვეზები.
- ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. მათ უკვე რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჰქონდათ გამართული და ჩვენზე მეტს მოძრაობდნენ მინდორზე. სხვა ეტაპზე იყვნენ გადასულნი. ამ ეტაპზე როგორც ვიყავით მომზადებულნი, ის მივიღეთ და მეტს არც მოველოდი გუნდისგან. სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. ხვალინდელი დღის იმედი გვაქვს. უკეთესი იქნებოდა, “ასტრა” დაგვემარცხებინა, მაგრამ ეს შედეგიც არაა კატასტროფული.
- ზოგი მიიჩნევს, რომ გუნდს სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება, ზოგის აზრით - ეს შემადგენლობაც ბრძოლისუნარიანია. საინტერესო მომენტია, რომ დღესდღეობით გუნდში ვეტერანებისა და ახალგაზრდების სიმბიოზია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- მე ასე არ დავყოფ - ვეტერანებად და ახალგაზრდებად. გუნდი გვყავს, რომელმაც ტიტულები მოიპოვა. ჩვენზე დიდ გუნდებს ესაჭიროებათ გაძლიერება, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ საკმაოდ კარგი კოლექტივი გვყავს. გაძლიერებაზე ვმუშაობთ, მაგრამ თუ ვერ გავძლიერდებით, ამ გუნდითაც შეგვიძლია იმ მიზნებისკენ სწრაფვა, რაც დაგეგმილი გვაქვს.
- კავკასიურ დერბიში, “ნეფთჩისთან” ყველა დაძაბულ ბრძოლას ელის. რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ “ზესტაფონი” პირველ მატჩს სტუმრად ატარებს.
- ჯერ მინდა ვთქვა, რომ “ნეფთჩის” სახით ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, კარგი ლეგიონერები ჰყავთ და მაღალბიუჯეტიანი კლუბია. თუმცა, არასდროს მითქვამს, რომ ფულია მთავარი. ამ ეტაპზე ვისაც არ უნდა შევხვედროდით, უნდა გადავლახოთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ეტაპის გავლა არ გვაქვს მიზნად. უბრალოდ, შეიძლებოდა, შედარებით სუსტი გუნდი შეგვხვედროდა, მაგრამ ისიც კარგია, რომ ძლიერს ვხვდებით და მოშვებულები არ ვიქნებით. “ნეფთჩის” დაძლევაც შეგვიძლია და შესაძლოა, დავმარცხდეთ კიდეც. შანსები თანაბარია.
- ბაქოში ზესტაფონელი ქომაგების დასწრება იგეგმება. სხვადასხვა ორგანიზაციები ამაზე მუშაობენ. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ბაქოს სტადიონზე ქართველი გულშემატკივრების ყოფნა და მხარდაჭერა?
- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ისეთი ქომაგები გვყავს, რომ მათ გარეშე ჩვენ უგულოდ ვრჩებით და წარმატებას არც აზრი აქვს და ვერც მივაღწევთ. აუცილებელია, რომ იქ იყვნენ, რომ მათი გულისცემა და შეძახილები გვესმოდეს.
- მორიგ ტესტ-მატჩში პლოვდივის “ლოკომოტივს” ვხვდებით. შემდეგ კიდევ 2 მატჩია. რას იტყვით “ლოკომოტივთან” თამაშზე?
- ჯერ ისევ დატვირთვების ფონზე ვითამაშებთ, მაგრამ ნელ-ნელა უკვე შედეგზეც იქნება აქცენტირება. ჩვენ იმ გეგმით მივდივართ, რომ “ნეფთჩისთან” თამაშებისთვის სრულად ვიყოთ მზად, ამიტომაც, გადახვევა არ გვინდა და ტესტ-მატჩებში შედეგს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. წინ მხოლოდ “ნეფთჩი” როდია, მთელი სეზონი გველის. დარწმუნებული ვარ, “ასტრას” დასვენებულები და შედეგზე ორიენტირებულები რომ შევხვდეთ, ათიდან ათ შეხვედრას მოვუგებთ. ამიტომაც, ქომაგს ვეუბნები, რომ რუმინელებთან წაგების გამო, ნუ ინერვიულებენ.