2012 წლის 29 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინული ფეხბურთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ქალაქ პლოეშტის საფეხბურთო კლუბი ”ასტრა” გახლდათ.
შეხვედრა ქალაქ შვაცის (რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული სახელგანთქმულია, როგორც ვერცხლის მომპოვებელი ინდუსტრიის მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი) სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 17:00 (თბილისის დროით - 19:00) საათზე დაიწყო. რუმინულმა კლუბმა, რომელსაც დღესდღეობით ახლო წარსულში რუმინეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი ბოგდან სტელია წვრთნის, რუმინეთის ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში მეთორმეტე ადგილი დაიკავა. გუნდში ბრაზილიელი, მაკედონიელი, იაპონელი, ტუნისელი, განელი, ზამბიელი და ნიგერიელი ლეგიონერები ასპარეზობენ.
ანგარიში რუმინული კლუბის ბრაზილიელმა ლეგიონერმა უილიამ დე ამორიმმა შეხვედრის 19 წუთზე გახსნა. ზესტაფონელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და დღევანდელი დაპირისპირება კარპატელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა...
შემდეგ სპარინგ-შეხვდრას გუნდი 2 ივლისს ბულგარულ პლოვდივის ”ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დაბა ფიბერბრუნში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.