26.06.2012
მარგველები ტიროლში დაბანაკდნენ
|
ზესტაფონელებმა "ალპინე რეზორტში" დაიდეს ბინა
|
მიმდინარე წლის 26 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, თბილისიდან მიუნხენამდე თითქმის ოთხსაათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას, ავსტრიის ტიროლის მხარის დაბა ფიბერბრუნში ჩავიდა.
დაბა ფიბერბრუნის ცენტრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარე სასტუმრო ”აუსტრია ტრენდ ალპინე რეზორტში ” დაბინავებისა და საათნახევრიანი დასვენების შემდეგ, გუნდი გაემგზავრა მახლობლად მდებარე სპორტული კომპლექს "ლემგრუბეს" საფეხბურთო მინდორზე, სადაც იმერლებმა ალპური შეკრების პირველი ვარჯიში გამართეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სტუმართმოყვარე მასპინძლები ძალიან გულთბილად შეეგებნენ ქართველთ ვარჯიშზე გამოჩენას.
”ზესტაფონის” ფეხბურთელთა უმრავლესობა ჯანმრთელადაა და ვარჯიშიც ძალიან საქმიან ატმოსფეროში წარიმართა, შეკრების პირველივე დღიდან გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდს ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში ამზადებს - დღეს საღამოს კიდევ ერთი ვარჯიში გაიმართება...
პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, 29 ივნისს, რუმინული პლოეშტის "ასტრას" წინააღმდეგ ადგილობრივი დროით 14:30 საათზე (თბილისის დროით - 16:30 საათი) გამართავს.
|