Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

25.06.2012

 

 

 

 

 

 

ჩვენი მეტოქე - ბაქოს “ნეფთჩი”

 

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს გამართულმა კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეტოქე გამოავლინა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქოს საფეხბურთო კლუბი ”ნეფთჩი” იქნება.

 

 

აზერბაიჯანის ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი კლუბი 1937 წელს დაარსდა, თუმცა 1968 წლამდე "ნეფტიანიკის" სახელით ასპარეზობდა. საშინაო თამაშებს გუნდი ტოფიკ ბახრამოვის სახელობის ბაქოს რესპუბლიკურ სტადიონზე ატარებს. გულშემატკივგრები ამ კლუბს “ფლაგმანს” უწოდებენ და “მენავთობეებადაც" მოიხსენიებენ.

 

1960-72 და 1977-88 წლებში "ნეფთჩი" ასპარეზობდა საკავშირო უმაღლეს ლიგაში, 1966 წელს გახლდათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. დედაქალაქური კლუბი დამოუკიდებლობის პერიოდშიც არ ღალატობს ჩვენი მეზობლების ფეხბურთის "ფლაგმანის" სტატუსს და აზერბაიჯანული "ოქროს" 7-გზის და ეროვნული თასის 4-გზის მოპოვებით იწონებს თავს. "ნეფთჩი" დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის თასის 2006 წლის გათამაშების გამარჯვებული გახლავთ.

 

მენავთობეთა მთავარი მწვრთნელი 54 წლის აზერბაიჯანელი სპეციალისტი ბეიუკაგა გაჯიევი გახლავთ. ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთან, გუნდის ღირსებას ბრაზილიელი, სერბი, მაკედონიელი, სიერა-ლეონელი, ჩილელი და უზბეკი ლეგიონერები იცავენ. ყველაზე სახელიანი ფეხბურთელი, რომელსაც ბაქოელთა რიგებში უასპარეზია, ბელგიელი ემილ მპენზა გახლავთ.

 

ბაქოელები ევროპულ საკლუბო ტურნირებში საკმაოდ ხშირად კი ასპარეზობენ, თუმცა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის სეზონში ინტერტოტოს თასის გათამაშებაში 2 რაუნდის გავლას, ევროარენაზე დიდი მიღწევებით არ გამოირჩევიან. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში "ნეფტჩი" ზაგრების "დინამოს" (ხორვატია) გადაეყარა და ორი მატჩის ჯამში (0-0; 0-3) დაამარცხდა.

 

ქართულ-აზერბაიჯანული "რანდევუს" პირველი შეხვედრა 17 ივლისს ბაქოში გაიმართება, ხოლო 24 ივლისს საპასუხო მატჩს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს.


 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005