როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩებისათვის მზადების საწყის ეტაპს დაასრულებს და ავსტრიის რესპუბლიკაში დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრება. კარგად ნაცნობ ტიროლის მხარეში საქართველოს ჩემპიონები 26 ივნისს გაემგავრებიან და ბინას კიტცბიუელის ოლქის დაბა ფიბერბრუნში დაიდებენ.
ალპურ შეკრებაზე გასამართ პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინული ფეხბურთის წარმომადგენელ, ქალაქ პლოეშტის "ასტრასთან" ითამაშებს. რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ პლოეშტელებთან იმერლების დაპირისპირება 29 ივნისს გაიმართება და ადგილობრივი დროით 14:30 საათზე (თბილისის დროით - 16:30 საათი) დაიწყება.
თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 2 ივლისსჩაატარებენ. ამჯერად მათი მეტოქე ბულგარული ფეხბურთის წარმომადგენელი პლოვდივის "ლოკომოტივი" იქნება. საინტერესოა, რომ ეს პლოვდიველთა და ზესტაფონელთა პირველი შეხვედრა არ იქნება. ამ კლუბების "გაცნობა" 2011 წელს მოხდა - მარბელიას თასის გათამაშების ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში გამარჯვება ანგარიშით 3-0 ქართველებმა იზეიმეს.
ტიროლში გასამართ მესამე შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინული ფეხბურთის უტიტულოვანესი კლუბის - ბუქარესტის "სტიაუას" წინააღმდეგ 7 ივლისს გამართავს, ხოლო წლევანდელ ავსტრიულ შეკრებაზე თავის დასკვნით მატჩს იმერლები 10 ივლისს გამართავენ. ქართველთა მეტოქე ჩეხეთის მოქმედი ჩემპიონი ლიბერეცის "სლოვანი" იქნება.