20.06.2012
ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან
ჩემი გუნდის მჯერა!
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის კარსმომდგარი ბატალიებისთვის ემზადება. გუნდი მალე გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, მანამდე კი მარგველები მშობლიურ ბაზაზე ემზადებიან.
ცხადია, სამშობლოს ღირსების დაცვა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე "ზესტაფონს" უდიდეს პასუხისმგებლობას ანიჭებს. გუშინ, მარგველთა ახალგაზრდა თავკაცს, გია ჭიაბრიშვილს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ:
- ვემზადებით მომავალი სეზონისათვის. როგორც იცით, 25 ივნისს მივემგზავრებით ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც ძირითად ყურადღებას ტაქტიკურ ნიუანსებზე გავამახვილებთ, გავმართავთ ოთხ საკონტროლო შეხვედრას. ხვალ მოგვივა დასტური, მაგრამ აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მეტოქე იქნება ზაგრების "დინამო" - ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების მონაწილე. ასევე სლოვენიის ჩემპიონი "მარიბორი". იყო მიუნხენის "ბაიერნთან" გაჯიბრების შანსი, მაგრამ "ბაიერნს" ნაკრებში მივლინებული ფეხბურთელების გარეშე უნდა ეთამაშა და ეს მაინცდამაინც სასურველი არ იყო. პრაქტიკულად მეორე გუნდთან თამაში გამოდიოდა.
- არაერთხელ გვისაუბრია იმის თაობაზე, რომ "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგისათვის გაძლიერება სჭირდება. ამ მხრივ ახალი ხომ არაფერია?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ რაც დაგეგმილი გვქონდა, არ გამოგვივიდა. მაღალი დონის ფეხბურთელებს, რომელთა დამატებაც გვინდოდა ამ ეტაპზე, სხვა გეგმები აქვთ, ვისაც სურვილი ჰქონდა ჩვენთან თამაშის, ჩავთვალე, რომ ისინი ვერ გაგვაძლიერებდნენ.
ძირითადი კონტიგენტი არ შეიცვლება. ვიცი, რომ უდიდესი შრომა დაგვჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეული თამაშისათვის, მაგრამ ეს გამოწვევა არ გვაშინებს. მიზანი ლიგის, ან უკიდურეს შემთხვევაში ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა იქნება.
- დავით სირაძის დამატება საბოლოოდ გამოირიცხა?
- კლუბმა თავისი პირობები უთხრა ფეხბურთელს, სირაძისგან უარყოფითი პასუხი მოგვივიდა. ასე, რომ ეს საკითხი გამორიცხულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
- და მაინც, გუნდს სჭირდება სულ მცირე ორი მცველი და ერთი თავდამსხმელი...
- გაძლიერებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ არის ერთი მომენტიც - ჩვენთან ვარჯიშობს მცველი კალანდაძე, ასევე ველოდებით შეკრებაზე სერბ მცველს. შტეფან დეაკის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. არ დაგიმალავთ, მირჩევნია ახალგაზრდა ქართველებს მიეცეს შანსი. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვნახავთ შეკრებაზე და საბოლოო გადაწყვეტილებასაც შემდეგ მივიღებთ.
- როგორ გგონიათ, გუნდი ბოლომდე შეხვდება მზად ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას?
- ძალიან დიდ თავდადებას ვხედავ ბიჭებისგან, მჯერა ჩემი გუნდის. იმედი მაქვს მოვახერხებთ მთელი საქართველოს გახარებას.
- დაბოლოს, რა ხდება რატი წინამძღვრიშვილთან დაკავშირებით, რჩება იგი "მიოლდეში"?
- ნორვეგიიდან კლუბში დარეკეს და თქვეს, რომ რატის თამაში ძალიან მოსწონთ. თავად წინამძღვრიშვილიც კმაყოფილია ნორვეგიით და სურს იქ დარჩენა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
|