Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

13.06.2012

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" მომავალი სეზონისთვის მზადებას 11 ივნისს, საკუთარ ბაზაზე შეუდგა. უდავოა, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ჩემპიონის ბანაკიდან ბევრ ახალ ამბავს შევიტყობთ. თუმცა, გარკვეული სიახლეებისა და გუნდის სამზადისის შესახებ "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვესაუბრეთ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ლელომ" იგი გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.



- როგორია "ზესტაფონის" მოსამზადებელი გრაფიკი?
- მზადების პირველ დღეებში აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთებთ, რის შემდეგაც ტესტ-მატჩს გავმართავთ და ბურთით ვარჯიშებზე გადავალთ.

24 ივნისს საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ, თუმცა მეტოქის ვინაობა ჯერ არ დაგვიზუსტებია. 26 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე გავემგზავრებით, სადაც ოთხ სპარინგს გავმართავთ. სავარაუდო მეტოქეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი ვინაობა უახლოეს დღეებში დადგინდება. ერთ-ერთი რეალური მოწინააღმდეგე ხორვატული "ჰაიდუკია".

- ფეხბურთელთა სადღეისო კონდიციები დამაკმაყოფილებელია?
- წესით, ორკვირიანი შვებულება ფეხბურთელის კონდიციებს დაღს არ უნდა ასვამდეს, მაგრამ ქართველები ვართ და მცირე პაუზაც ბევრს გვაკარგვინებს. სწორედ ამიტომ არის საჭირო რამდენიმედღიანი ინტენსიური ფიზმომზადება.

მოხარული ვარ, რომ ტრავმირებულები არ გვყავს. მხოლოდ ლევან შარიქაძეა მსუბუქად დაშავებული და მწყობრში ჩასადგომად სამიოდე დღე სჭირდება.

- "ზესტაფონიდან" წასული ფეხბურთელების სია საბოლოოდ დაზუსტდა?
- ბოლომდე ჯერ არ დაზუსტებულა, მაგრამ იმ სიახლეებს გეტყვით, რაც დღეისთვისაა ცნობილი: რატი წინამძღვრიშვილი ნორვეგიაშია და იქაურ "მიოლდესთან" ერთად ვარჯიშობს. მისი დატოვების დიდი სურვილი აქვთ და წესით კონტრაქტსაც გაუფორმებენ.

"ზესტაფონი" დატოვა გოგა ბერაიამ, საბა ლომიას კი სადმე გავანათხოვრებთ. კარგად ხნის წინ გადაწყდა, რომ გიორგი ონიანი კარიერას გორის "დილაში" განაგრძობს, შოთა გრიგალაშვილის საკითხი კი კვლავ ღიადაა. იგი ჯერჯერობით ჩვენთან ივარჯიშებს, მისი მომავალი კი მალე გაირკვევა.
გიორგი ჭანკოტაძე, რომელიც განათხოვრებით "სიონში" თამაშობდა, იქვე დარჩება.

ჩემი სურვილია, "ზესტაფონმა" გაფართოებული შემადგენლობით ივარჯიშოს და მხოლოდ ამის შემდეგ შევარჩევთ იმ 25 ფეხბურთელს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შევიყვანთ.

- რომელიმე ახალწვეულთან ხომ არ გაგიფორმებიათ კონტრაქტი?
- ჯერ არა, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი მაქვს, მათი საკითხი დადებითად გადაწყდება.

ჯერჯერობით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენთან ერთად ივარჯიშებენ მიხეილ სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე, რომლების იჯარით "გაგრაში" ასპარეზობდნენ. ალბათ დავიმატებთ ცენტრალურ მცველს გიორგი კაჭკაჭიშვილს, რომელიც "ზესტაფონში" ადრე თამაშობდა, ბოლოს კი "ბათუმში" იყო და თამაშის ხარისხს საგრძნობლად მოუმატა.

- როგორც ვიცით, "ზესტაფონი" დავით სირაძესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
- დიახ, მართალია. პირადად დიდი სურვილი მაქვს, რომ სირაძე დავიმატოთ. მისი გამოცდილება ევროთასებზეც დაგვეხმარება და საქართველოს ჩემიონატშიც და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სირაძის "ზესტაფონში" ჩარიცხვას.

სამწუხაროდ, მისი დონის სხვა ქართველი ლეგიონერების გადმობირების შანსი ნაკლებად გვაქვს, რადგან ზოგს საერთოდ არ სურს საქართველოში დაბრუნება, ზოგი კი უპირატესობას თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" ანიჭებს.

- უცხოელი ფეხბურთელის დამატებას გამორიცხავთ?
- არაფერს გამოვრიცხავ და ერთი კონკრეტული კანდიდატურაც გვყავს. ავსტრიულ შეკრებაზე ერთ სერბ ცენტრალურ მცველს დავაკვირდებით და თუ ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილა, კონტრაქტსაც გავუფორმებთ.

- რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. ალბათ უკვე განსაზღვრული გაქვთ იმ კლუბების კატეგორია, რომელთანაც შეხვედრას ისურვებდით?
- ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ვალდებულნი ვართ, ნებისმიერ მეტოქეს გავუმკლავდეთ.

რასაკვირველია, ნაკლებად ვისურვებდი ისრაელის, ბულგარეთისა და ნორვეგიის ჩემპიონებთან დაპირისპირებას და მირჩევნია არასაფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდეთ, თუმცა ვიმეორებ, წილისყრის შედეგებს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

მინუსი ერთი შეხედვით სუსტ გუნდთან თამაშსაც აქვს - გგონია, რომ მას იოლად დაჯაბნი, მაგრამ მეტოქის შეუფასებლობა და მოდუნება შეიძლება ძვირად დაგიჯდეს.

- ბოლოს ევროპის ჩემპიონატსად შევეხოთ. ვინ არის თქვენი ფავორიტი?
- იქიდან გამომდინარე, რომ "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, ჩემი სიმპათიები ესპანეთის ნაკრებისკენაა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ასევე ვქომაგობ გერმანიას, რომელსაც ძალიან მზარდი და შემოქმედებითი გუნდი ჰყავს.

არც სიურპრიზებს გამოვრიცხავ და სენსაციის პოტენციურ ავტორად რუსეთის ნაკრებს მივიჩნევ.

 

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005