Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

11.06.2012

 

 

 

 

 

 

ორგზის ჩემპიონთა პირველი ვარჯიში

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 11 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლების გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადებას შეუდგა. ორკვირიანი შვებულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა.

 

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა მიმდინარე წლის 25 ივნისს შვეიცარიულ ნიონში გაიმართება. მარგველებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა არ უწევთ, ხოლო მეორე ეტაპზე შეხვედრებს ზესტაფონელები 17-18 და 24-25 ივლისს გამართავენ ...

 

9 და 10 ივნისს, სამკურნალო სადიაგნოსტიკო სარეაბილიტაციო ცენტრ "მედიგარდში", საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთელებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისათვის მომზადების პირველი ეტაპი კი დღეიდან ზესტაფონში გაიმართება და 24 ივნისამდე გასტანს. ხოლო 25 ივნისს, მეორე მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც ოთხი საკონტროლო შეხვედრის გამართვა იგეგმება.

 

ზემო იმერეთი გუნდს ცხელი ამინდით შეეგება და ამის გამო პირველი ვარჯიში საკმაოდ გვიან (19:00 საათზე) დაინიშნა. ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა დღევანდელ ვარჯიშს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ლევან შარიქაძე და შოთა გრიგალაშვილი გამოაკლდნენ. ორივე ეს ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება. ასევე აკლდა ვარჯიშს რატი წინამძღვრიშვილიც, რომელიც დღესდღეობით საპატიო მიზეზის გამო საქართველოში არ იმყოფება...

 

გუნდს დაუბრუნდნენ მიხეილ სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე. ორივე ამ ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი საფეხბურთო კლუბ ”გაგრაში” გაატარა. მარგველთა სერბმა ფიზმომზადების მწვრთნელმა ივან ვუჩეტიჩმა, ფეხბურთელებმა შოთა ბაბუნაშვილმა და ალექს ბენაშვილმა ზესტაფონელებთან შრომითი კონტრაქტები თითო წლით გაახანგრძლივეს. რაც შეეხება ახალგაზრდა თევდორე გრიგალაშვილს, მან საკუთარი სპორტული კარიერა იმერლებს 5 წლით დაუკავშირა.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005