Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

07.06.2012

 

 

 

 

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ქომაგებს ჯაბა დვალი განსაკუთრებით უყვართ. ვერ ვიხსენებთ შეხვედრას, რომელშიც ჯაბა ბოლომდე არ დახარჯულიყოს, თავი დაეზოგოს. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ჯერაც არ ეძლევა სანაკრებო შანსი, მაგრამ ისიცაა, მწვრთნელი თავად აკომპლექტებს გუნდს და ხშირად საზოგადოების გემოვნებას ნაკლებ ყურადღებას აქცევს.


დვალი და "ზესტაფონი" მალე ყურადღების ცენტრში მოექცევიან. მარგველებს საქართველოს პრესტიჟის დაცვა, ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ და აქედანვე ცხადია, რომ იმერელთა მეტოქეები მთავარ საფრთხეს სწორედ დვალისგან უნდა ელოდნენ.

 


- როგორ დაისვენეთ, ძალები მთლიანად აღიდგინეთ მომქანცველი სეზონის შემდეგ?
- კარგად დავისვენე, მაგრამ შვებულება ჯერ არ დამთავრებულა. კიდევ მაქვს დრო და მას ნაყოფიერად გამოვიყენებ. მალე ახალი სეზონი დაიწყება, ჩვენს წინ ახალი გამოწვევები დგას და არ გვაქვს უფლება, ცუდ ფორმაში ვიყოთ.


- გახდით საქართველოს ჩემპიონი, საუკეთესო ბომბარდირი, სუპერთასის მფლობელი - ალბათ ეს სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო თქვენს კარიერაში...
- ნამდვილად კარგი სეზონი გამოვიდა, გუნდურ ტიტულს ინდივიდუალურიც დაემატა, მაგრამ გული ძალიან მწყდება, რომ საქართველოს თასი ვერ მოვიგეთ. არ ვაბრალებ არავის არაფერს - ფეხბურთელმა წარუმატებლობის მიზეზი სულ თავის თავში უნდა ეძებოს, მეც ვერ გავამართლე იმედები, ჩავაგდე ის შეხვედრა.
მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით, როგორც გორის "დილას", ისე ევროთასებზე მოასპარეზე თითოეულ ქართულ გუნდს ვუსურვო წარმატება. "დილა" კარგი გუნდია, კიდევ უფრო გაძლიერდება. მიხარია, რომ მომავალ სეზონშიც რამდენიმე გუნდი იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისათვის.


- გასულ სეზონში ითამაშეთ, როგორც გამოკვეთილ ფორვარდად, ისე უკან დაწეულ თავდამსხმელად. რომელ პოზიციაზე გიადვილდებათ გარჯა?
- მთავარია, გუნდს სად დავჭირდები, პირადულ ინტერესებს ყოველთვის გვერდზე ვდებ, როდესაც მინდორზე გავდივარ. ვითამაშებ იქ, სადაც გია ჭიაბრიშვილი ჩათვლის საჭიროდ.


- წინ ევროტურნირებია - რა მიზანს ისახავს "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაზე?
- ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. ეს არის ურთულესი ამოცანა, მაგრამ დამეთანხმებით, თუ მივაღწიეთ, ძალიან ტკბილი გასახსენებელი იქნება. პროგრამა მინიმუმი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრაა.
შარშან ამის მშვენიერი შანსი გვქონდა, იყო უიღბლობა "შტურმთან". "ბრიუგესთან" პირველ მატჩში არბიტრმა ცუდად იმსაჯა, იმედია, წელს გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს, კარგად ვიცით რამხელა შანსი გვეძლევა და გვინდა ბოლომდე გამოვიყენოთ.


- ჩვენს ოპტიმიზმს ამყარებს ისიც, რომ "ზესტაფონი" ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილი იქნება...
- კი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს სერიოზულ მეტოქეებთან შეხვედრა. მინდა დავარწმუნო ქართველი გულშემატკივარი, რომ შიში ჩვენთვის უცხოა.


- დამაინც, შენი ასარჩევი რომ იყოს, რომელ მოწინააღმდეგეს ისურვებდით პირველ მეტოქედ?
- კარგი იქნება, ისეთი გუნდი თუ შეგვხვდება, რომელსაც დიდი ანგარიშით დავამარცხებთ. სეზონის დასაწყისია და გუნდი უკეთესად შევა ფორმაში. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა სან მარინოს ან ლუქსემბურგის ჩემპიონთან დაპირისპირება. შედარებით არასასურველ მეტოქეებად კი ნორვეგიული "მიოლდეს", ბულგარულ "ლუდოგორეცსა" და აზერბაიჯანულ "ნეფთჩის" დავასახელებდი. ჩვენი მიზანი მეორე ეტაპის უეჭველად გადალახვაა, თუნდაც არასასურველი მეტოქე შეგვხვდეს.


- საუბრის მიწურულს სანაკრებო თემაზეც ვთქვათ - ბევრი მიიჩნევს, რომ ჯაბა დვალი იმსახურებს ადგილს ქვეყნის პირველ გუნდში...
- აბსოლუტურად გულრწფელად გეუბნებით, მთავარია არა ის თუ რას ვფიქრობთ მე, თქვენ თუ საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ ნაკრების მთავარი მწვრთნელი. რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა, არ მეგულება ფეხბურთელი სხვანაირად რომ ფიქრობდეს, მაგრამ პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას, მაგრამ ვცდილობ, ხვალ უკეთ ვითამაში ვიდრე დღეს ვთამაშობ.



ალეკო კაკაურიძე, სპორტული გაზეთი "არენა"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005