01.06.2011

 

 

 

 

 

სეზონის ნომინანტები

დასასრული, დასაწყისი იხილეთ

 

 

 

 

 

კონკრეტულ ნომინაციაში გამარჯვებული ესა თუ ის ფეხბურთელი ერთი, კონკრეტული ჟურნალისტის არჩევანი კი არ ყოფილა, არამედ გაზეთ "ლელოს" ქართული ფეხბურთის განყოფილების თანამშრომელთა შორის გამოკითხვის შედეგები შეჯამდა და ყველაფერი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა...

 



მცველი - გიორგი ონიანი (ზესტაფონი)

 


როცა ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შემოგთავაზეთ, დაცვის ოთხეული ასე გამოიყურებოდა: თომაშვილი-რეხვიაშვილი-ჩიკვილაძე-ხმალაძე; მაშინაც აღვნიშნეთ, რომ ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ტურისა და თვის სიმბოლურ ნაკრებებს მივანიჭეთ. სამაგიეროდ, "ლელოში" ჩატარებულ "შიდა გამოკითხვაში" საუკეთესო მცველის ნომინაციაში "ზესტაფონის" უკანახაზელმა, მეორე ეტაპზე გუნდის კაპიტანმა, გიორგი ონიანმა გაიმარჯვა! 27 წლის ონიანი უმაღლეს ლიგაში 2002-03 წლების სეზონში გამოჩნდა; თბილისის "ლოკომოტივი", "ბათუმის "დინამო", რუსთავის "ოლიმპი", გერმანული "კარლ ცაისი",- "ზესტაფონში" ჩარიცხვამდე ონიანი ამ გუნდებშიც დაცვის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნეოდა; 2007 წელს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამოკითხვის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველადაც დაასახელეს და კლაუს ტოპმიოლერის დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრებოდა.

 

 


ნახევარმცველი - ბუბა დაუშვილი (ზესტაფონი)

 


XXII ჩემპიონატში არაერთი ნახევარმცველი იყო, მთელი სეზონი მეტ-ნაკლებად სტაბილურად რომ ჩაატარეს და თავიანთი გუნდის ერთ-ერთი ლიდერებიც რომ გახლდნენ: ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო"), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), რევაზ გეწაძე ("ოლიმპი"). მიზეზთა გამო ბევრი მატჩის გამოტოვება მოუხდა ვალერი ბოლქვაძეს, - არადა, "სპარტაკის" 23 წლის ნახევარმცველს სეზონი სრულად რომ ჩაეტარებინა, "ლელოს" ერთ-ერთ ნომინაციაში აუცილებლად გაიმარჯვებდა.

იმავეს ვიტყოდით XXII ჩემპიონატის ყველაზე "ცნობად სახეზეც" - 32 წლის დავით მუჯირი ეროვნულ ჩემპიონატს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა და დეკემბერში ისეთი ფორმაც "აკრიფა", სეზონი რომ აქ ჩაემთავრებინა, მხოლოდ საუკეთესო ნახევარმცველობაზე კი არა, საერთოდ, საუკეთესო ფეხბურთელობაზე ექნებოდა პრეტენზია. თუმცა, ამა წლის იანვრიდან მუჯირი თავის საკლუბო კარიერას... იაპონიაში აგრძელებს, სამაგიეროდ აქაური სეზონი სრულად, სტაბილურად და ასაკთან "შეუფერებლად" მაღალ დონეზე ჩაატარა "ზესტაფონის" 22 წლის ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ვერსიით დაუშვილი XXII ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელეთ და თანაამპლუელთა შორისაც საუკეთესოდ მას რომ მივიჩნევდით, ამას რა მიხვედრა სჭირდებოდა...

თავდამსხმელი - ნიკოლოზ გელაშვილი

 


ამ ნომინაციაში გამარჯვების უპირველესი კანდიდატი "ზესტაფონის" 25 წლის ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი უნდა ყოფილიყო და ვფიქრობთ, "ლელოს" არჩევანი საკამათო არავისთვის იქნება. გელაშვილი "ზესტაფონში" 2008 წლის დასაწყისში ჩაირიცხა და სულ მოკლე დროში იმერული კლუბის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მართლაც არ არის პატარა ამბავი, როცა ფეხბურთელი ბოლო სამ სეზონში ორჯერ ხდება ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: პირველად ასეთ მიღწევას გელაშვილმა 2008-09 წლების სეზონში მიაღწია, მეორედ კი ახლახან დასრულებულ ჩემპიონატში.

არც ის იყო შემთხვევით, რომ გასული სეზონის მიხედვით "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" (13-ჯერ) და "თვის სიმბოლურ ნაკრებშიც" (ოთხჯერ) ყველაზე მეტჯერ სწორედ გელაშვილი იყო დასახელებული.

გასულ სეზონში ოთხმა ფეხბურთელმა მოახერხა "ჰეთ-თრიქის" შესრულება: ირაკლი მოდებაძემ, ზვიად მეტრეველმა და რევაზ გოცირიძემ თითო-თითოჯერ თუ შეძლეს ერთ მატჩში სამი გოლის გატანა, გელაშვილის ანგარიშზე ორი "ჰეთ-თრიქია".

...გუშინაც აღვნიშნეთ, რომ საუკეთესო თავდამსხმელობის გარდა, გელაშვილს საერთოდ, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზეც უნდა ჰქონოდა სავსებით სამართლიანი პრეტენზია. თუმცა, როგორც გუშინ განვმარტეთ, გადამწყვეტი სანაკრებო ფაქტორი გამოდგა: "ზესტაფონში" თანაგუნდელ ბუბა დაუშვილისგან განსხვავებით, გელაშვილი საქართველოს ნაკრების ძირითად ფეხბურთელად არ მიიჩნევა; თუმცა, მოდი, ისიც ვაღიაროთ, რომ როცა კი ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირს ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ეძლეოდა, თითქმის უმრავლეს შემთხვევაში... სხვა პოზიციაზე უწევდა თამაში.

რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი გუნდის წინა თუ ახლანდელმა მწვრთნელებმა ყველაზე უკეთ იციან თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გაგვაჩნია (გნებავთ, სუბიექტური დაარქვით): გელაშვილი გამოკვეთილ თავდამსხმელად უფრო წარმოგვიდგენია, ვიდრე მარცხენა გარემარბად, ანდა... მთლიანად, ფლანგის გამკონტროლებელ ფეხბურთელად.

საუკეთესო შემცვლელი - რატი წინამძღვრიშვილი

 


2007-08 წლების სეზონში თბილისის "ამერის" (გახსოვთ, ეს, მართლაც გამორჩეული გუნდი?) საუკეთესო ბომბარდირი 13 გოლით დიმიტრი ტატანაშვილი გახდა; ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ტატანაშვილმა ამ 13 გოლიდან 10... შეცვლებზე შემოსულმა გაიტანა! მომდევნო სეზონში თითქმის ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა თბილისის "დინამოს" ჩერნოგორიელ ლეგიონერს ილია სპასოევიჩს - ჩემპიონატში 13-ჯერ ისახელა თავი და აქედან 8 გოლი შეცვლაზე შემოსულმა გაიტანა. თუმცა, ამ სეზონში ყველა რეკორდი დაემხო: "ზესტაფონის" 23 წლის თავდამსხმელმა რატი წინამძღვრიშვილმა მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა და ეს, ცამეტივეჯერ შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა!

ჰო, მართლაც უჩვეულო შედეგია და, ალბათ, დიდი დრო უნდა გავიდეს, ტრავმებისაგან გაწამებული და დიდ ფეხბურთში "ზესტაფონის" მიერ დაბრუნებული წინამძღვრიშვილის ეს მაჩვენებელი ვინმემ გააუმჯობესოს. სხვათა შორის, წინამძღვრიშვილს კიდევ ერთი სარეკორდო მაჩვენებლითაც შეუძლია თავი მოიწონოს: გასულ სეზონში ყველაზე მეტი (4) "დუბლი" სწორედ მან შეასრულა! ისე, როგორი საქმეა: ზოგიერთი ჩვენი თავდამსხმელი თითქმის ყველა მატჩს ძირითადში იწყებდა და სეზონის განმავლობაში 4-5 გოლი თუ გაჰქონდა; აი, წინამძღვრიშვილი კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდებოდა ხოლმე და "დუბლის" შესასრულებლად ხშირად... 5-10 წუთიც "ჰყოფნიდა"!

 

მეკარე - გიორგი ლორია


უმაღლეს ლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი როინ კვასხვაძემ ("ზესტაფონი") და ომარ მიგინეიშვილმა ("ტორპედო") გაუშვეს, თუმცა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ "ლელომ" თბილისის "დინამოს" კარის დარაჯი, 25 წლის გიორგი ლორია მიიჩნია!

ბოლო ორი სეზონია, ლორია უაღრესად სტაბილურად ასპარეზობს და არავის გაუკვირდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩი რომ ჩაატარა; ამას გარდა, არც ის არის პატარა ამბავი, მეკარე რომ თავისი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა,- სწორედ ასეთი სიტუაციაა ლორიას შემთხვევაში და არც არავინ უარყოფს, ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე ეს მეკარე ბოლო 2 წლის განმავლობაში "დინამოს" ლიდერად რომ ჩამოყალიბდა!



მოვლენა - "გაგრას" ტრიუმფი


უკვე მერამდენე წელიწადია, "ლელო" სეზონის ნომინანტებს ასახელებს და მხოლოდ ახლაა ისეთი შემთხვევა, როცა სეზონის გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის... პირველი ლიგის წარმომადგენლებიც არიან. გუშინვე შეიტყობდით, რომ სეზონის საუკეთესო ლეგიონერად "გაგრას" შემტევი, 18 წლის აბაიომი ოვონიკოკო მივიჩნიეთ; დღეს კი, სეზონის მოვლენად გვინდა საერთოდ, ამ გუნდის ტრიუმფული ასპარეზობა დავასახელოთ: პირველ ლიგაში "გაგრამ" ფავორიტის სტატუსიც გაამართლა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს! თუმცა, ამ გუნდმა ბევრად უფრო დიდ წარმატებას საქართველოს თასის გათამაშებაში მიაღწია: მეოთხედფინალში ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს, თბილისის "დინამოს" აჯობა, ნახევარფინალის ორივე შეხვედრაში პირწმინდად დაჯაბნა იმ დროისათვის თასის მოქმედი მფლობელი "ვიტ ჯორჯია" და ფინალში გასვლით ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც შევიდა!

ჰო, აქამდე ხომ არასდროს მომხდარა, პირველი ლიგის გუნდი ფინალში რომ გასულიყო, თუმცა "გაგრას" იმ მართლაც ტრიუმფულ სვლას სულაც ზღაპრული ეპილოგი ჰქონდა: გუნდმა საქართველოს თასი და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა! ამ ახალგაზრდული გუნდის წარმატებაში თითოეულმა ფეხბურთელმა უდიდესი წვლილი შეტანა, ისე როგორც კლუბის ყველა მუშაკმა; თუმცა, განსაკუთრებით გვინდა ორი პიროვნების ღვაწლი აღვნიშნოთ: დაარსების დღიდან კლუბის უცვლელმა პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ "გაგრას" სახით ქართულ ფეხბურთს ერთი, მართლაც საკუთარი ხელწერის მქონე გუნდი აჩუქა, ხოლო გამოცდილმა უკრაინელმა სპეციალისტმა, ანატოლი პისკოვეცმა მაღალი მიზნებისათვის მებრძოლი კოლექტივი ჩამოაყალიბა და ფეხბურთელებს თავდაჯერება და მოტივაცია შემატა...

 

  გია ტუხაშვილი, გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005