სეზონის ნომინანტები
დასაწყისი, დასასრული იხილეთ
გუშინ 2010-11 წლების ქართული საფეხბურთო სეზონი "ნამდვილად" დამთავრდა! ჰო, ჩემპიონატიც მორჩა, თასის ფინალიც ჩატარდა და პლეი ოფის ორი შეხვედრაც; მოკლედ, ახლა იმის დროც მოვიდა, გასული სეზონი რომ შევაჯამოთ და უახლოეს დღეებში უმაღლესი ლიგის თითოეული გუნდის ასპარეზობაზეც ვისაუბრებთ...
დღეს კი "ლელო" კიდევ ერთ ტრადიციულ რუბრიკას გთავაზობთ - "სეზონის ნომინანტებს"! თანაც, ამ შემთხვევაშიც ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენისთვის გარკვეული კრიტერიუმით ვიხელმძღვანელეთ; უფრო ზუსტად, ეროვნული ჩემპიონატის გარდა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების "ფაქტორიც" გავითვალისწინეთ; რაც მთავარია, კონკრეტულ ნომინაციაში გამარჯვებული ესა თუ ის ფეხბურთელი ერთი, კონკრეტული ჟურნალისტის არჩევანი კი არ ყოფილა, არამედ გაზეთ "ლელოს" ქართული ფეხბურთის განყოფილების თანამშრომელთა შორის გამოკითხვის შედეგები შეჯამდა და ყველაფერი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა...
მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (ზესტაფონი)
ამ ნომინაციაში, აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა და ვფიქრობთ, ყოველივე ეს მოულოდნელი არავისთვის იქნებოდა: საქართველოს ახალი ჩემპიონის, "ზესტაფონის" თავკაცი გია გეგუჩაძე სეზონის საუკეთესო მწვრთნელი დამსახურებულად გახდა! ანუ, ისე როგორც "ზესტაფონის" ტრიუმფი იყო კანონზომიერი და ლოგიკური, ასეთივე შეფასება გვინდა მივცეთ ამ ნომინაციაში გამარჯვებულ გია გეგუჩაძესაც - ფაქტია, რომ ამ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უდიდესი როლი შეასრულა იმერული გუნდის წარმატებაში.
ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ სეზონში უმაღლესი ლიგის მწვრთნელებიდან სწორედ გეგუჩაძე გახლდათ, ერთსა და იმავე გუნდში ყველაზე დიდხანს რომ მუშაობდა; ჰო, ჩვენთან ხომ რატომღაც ყველაფერი ერთი-ორ თვეში უნდათ და კლუბების ხელმძღვანელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამაც, სეზონის განმავლობაში, ლამის არის, სამი-ოთხი მწვრთნელი გამოიცვალოს.
საბედნიეროდ, სასიამოვნო გამონაკლისიც არსებობს და ეს, უპირველეს ყოვლისა, "ზესტაფონის" პრეზიდენტზე, ილია კოკაიაზე ითქმის: გეგუჩაძემ იმერული კლუბი 2008 წლის ნოემბრის ბოლო დღეებში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" ყოველ სეზონში აუმჯობესებდა თავის შედეგს. და აი, ნანატრი ოქროს მედლებიც, გეგუჩაძის სამწვრთნელო კარიერაში (დამოუკიდებელ მოღვაწეობას ვგულისხმობთ) პირველი რომ იყო...
ვიდრე "ზესტაფონში" მივიდოდა, გეგუჩაძემ თბილისის "დინამოშიც" წარმატებით იმუშავა: 2004 წელს საქართველოს თასი მოიპოვა, იმავე წლის შემოდგომაზე კი, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა! სხვათა შორის, გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" შარშანაც და შარშანწინაც სავსებით ღირსეულად იასპარეზა ევროტურნირებზე; ჰოდა ქართველ გულშემატკივრებს ახლაც გვეიმედება, რომ "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეული დებიუტი ექნება...
ფეხბურთელი - ბუბა დაუშვილი (ზესტაფონი)
წინა ჩემპიონატში ამ ნომინაციას უპირობო ფავორიტი ჰყავდა: "ოლიმპის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ანდერსონ აკინომ სეზონი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და საუკეთესო ბომბარდირიც დამსახურებულად გახდა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც! აი, ამ სეზონში კი, საუკეთესოს გამოვლენა, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა; უფრო ზუსტად, არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაგვეკეთებინა და, ალბათ, არავისთვის იქნებოდა გასაკვირვი, რომ ორივე ფეხბურთელი ჩემპიონი გუნდიდან იყო: ბუბა დაუშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გელაშვილი 18 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა; ამას გარდა, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელთაგან "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" ყველაზე მეტჯერ (ცამეტჯერ) სწორედ გელაშვილი დასახელდა. რაღა თქმა უნდა, 22 წლის ბუბა დაუშვილსაც შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა და ამ ახალგაზრდა საყრდენმა ნახევარმცველმა ლომის წილი შეიტანა "ზესტაფონის" წარმატებაში.
საერთოდაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაუშვილი "ზესტაფონის" შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა და გია გეგუჩაძის გუნდში უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრია. რაც მთავარია, ამ უშიშარი და მოუღლელი ნახევარმცველის აზრიანი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია თემურ ქეცბაიას - დროის სულ მოკლე პერიოდში ბუბა დაუშვილი საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა!
სხვათა შორის, დაუშვილის საუკეთესოობა სწორედ სანაკრებო ფაქტორმაც განაპირობა; ისე, ეტყობა, რომ არც ისეთი დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და ამას დაუშვილის მაგალითიც ადასტურებს - ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში დამსახურებულად და ღირსეულად დაიკავა თავისი ადგილი...
ლეგიონერი - ოვონიკოკო (გაგრა)
აღმოჩენა - ირაკლი მაისურაძე (ოლიმპი)
დებიუტანტი - ირაკლი ქობალია (ბაია)
იბეჭდება შემოკლებით ... |