ირაკლი ძარია: "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოჯახიდან მივდივარ"
ირაკლი ძარიამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" არაერთი დაუვიწყარი წელი გაატარა. ვალმოხდილი ფეხბურთელი უკრაინაში გააგრძელებს კარიერას. მარგველთა რიგებში ძარიასთვის ბოლო მატჩი მარტვილში გამარჯვებას დაემთხვა. ამ შეხვედრის შემდეგ ირაკლი კლუბის გულშემატკივრებმა ხელში აყვანილი გამოიყვანეს მინდვრიდან და ასე გადაუხადეს მადლობა წლების განმავლობაში ნაჩვენები კარგი, უღალატო თამაშისთვის.
- ჩემთვის ძალიან ძნელია "ზესტაფონიდან" წასვლა. უკვე ექვსი წელია, კლუბში ვთამაშობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოჯახიდან მივდივარ. ჩვენი წარმატება ალბათ იმან განაპირობა, რომ ყველა ერთი მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებულნი. ყველას მადლობა, ვინც გვერდში მედგა, კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული დამლაგებლებით დამთავრებული. მე მათ ამაგს ვერასოდეს დავივიწყებ.
- საინტერესოა განვლილი სეზონის თქვენეული შეფასება.
- წარმატებული სეზონი იყო. ზამთრის ჩემპიონები გავხდით და თასზე ნახევარფინალში ვართ გასულები. თანაც ამ მიღწევას განსაკუთრებული ფასი აქვს, რადგან ყოველივე ეს გავაკეთეთ გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. ძალიან მინდა, "ზესტაფონი" ჩემპიონი გახდეს, ხოლო გია ჭიაბრიშვილი - საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი.
- კლუბის გულშემატკივრებზე რას იტყვით?
- ისინი ჩვენთვის მეთორმეტე ფეხბურთელის ფუნქციას ასრულებენ. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამაცილეს მარტვილში თამაშის შემდეგ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი ჩემი კარგი თამაშით გავახარო. კარგად ვიცი, რომ კვლავ გააგრძელებენ ჩემს გულშემატკივრობას.
- ვიცით, რომ კარიერას უკრაინაში აგრძელებ. რომელი გუნდებია თქვენით დაინტერესებული?
- ლვოვის "კარპატი", დონეცკის "მეტალურგი" და სიმფეროპოლის "ტავრია" - ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთში გავაგრძელებ კარიერას. კონკრეტულად რომელში, ეს უკვე იანვრის დასაწყისში მეცოდინება.
- იანვრამდე ფორმას როგორ შეინარჩუნებთ?
- რამდენიმე დღე დავისვენებ და მერე ვარჯიშს დავიწყებ. ფორმას შენარჩუნება სჭირდება, ეს კარგად ვიცი.
- უკრაინულ ფეხბურთზე რა წარმოდგენა გაქვთ?
- ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებული ფეხბურთელები არიან. შიშით ნამდვილად არ მეშინია, არა მგონია, დავიკარგო. რაც შეეხება ტექნიკურ მომზადებას, დარმწუნებული ვარ, ჩვენზე ბევრად უკეთ არ იქნებიან ამ კომპონენტში. ხომ გახსოვთ, ლვოვის "კარპატთან" ვითამაშეთ და საყოველთაო აზრით, თუ მეტოქეზე უკეთ არა, უარესად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით.
|