23.12.2011

 

 

 

 

ნიკა გელაშვილი მსოფლიო გოლეადორებში

 

 

 

 

 

 

 

ნიკოლოზ გელაშვილი

65-ე - სწორედ ეს პოზიცია უჭირავს ნიკა გელაშვილს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ გამოქვეყნებულ ბომბარდირთა რეიტინგში, რომელსაც ასეთი პრინციპით ადგენენ: ფედერაციამ შეარჩია მსოფლიოს საუკეთესო 60 ლიგა (რომელშიც ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიც შედის) და 2011 წელს გატანილი გოლების მიხედვით გოლეადორთა სია შეადგინა.

"ზესტაფონის" თავდამსხმელმა წლეულს საქართველოს ჩემპიონატებში (წინას მეორე და ახლანდელის პირველი ეტაპები) 18 გოლი გაიტანა, რაც მსოფლიოში 65-ე შედეგია... - (ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო").

 

ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ღირსებას 2008 წლის იანვრიდან იცავს, ფეროელთა მაისურით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 107 შეხვედრაში იასპარეზა და თავი 63 გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

 

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ ნიკას ანგარიშზე 9 შეხვედრა და 4 გატანილი გოლია.

 

შედეგიანად ასპარეზობს ეროვნული ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი ევროპულ ასპარეზზეც - ამის დასტური ევროპულ საკლუბო ტურნირებში მარგველთა რიგებში ჩატარებულ 18 შეხვედრაში გატანილი 10 გოლი გახლავთ.

 

საერთო ჯამში, ნიკოლოზ გელაშვილმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შემადგენლობაში 135 (ზემოთნახსენებ მატჩებს 2008 წლის 3 დეკემბერს თბილისის "დინამოსთან" გამართული სუპერთასისათვის დაპირისპირება ემატება) ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ გუნდს 77 გატანილი გოლით შეეწია - (საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური).

 


   
FC ZESTAFONI © 2005