წარმატებული წლის ღირსეული დასასრული
2011 წლის 22 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის ერთი გადადებული მატჩი. მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი ”მერანი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.
როგორც ცნობილია, მარტვილელებთან ეს შეხვედრა 4 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ დასავლეთ საქართველოში უხვად მოსულ თოვლის გამო სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ ამ შეხვედრის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამიტომ მოუხდათ "მერანისა" და "ზესტაფონის" ფეხბურთელების 2011 წლის ბოლო მატჩის დღეს გამართვა.
უნდა ითქვას, რომ მარტვილის ცენტრალური სტადიონის მოედნის საფარი იდეალურისაგან შორს კი იყო, თუმცა აშკარად შესამჩნევი იყო ისიც, რომ მასპინძელ მხარეს სათამაშო "მართლკუთხედის" წესრიგში მოსაყვანად ძალ-ღონე არ დაუშურებია და გაზონზე მტკეპნის გადატარებაზეც იზრუნა ...
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი აკლდა. დისკვალიფიკაცირებული თორნიკე გორგიაშვილისა და ნიკა გელაშვილის არყოფნას კახა ალადაშვილის, შოთა გრიგალაშვილის, ალექსი ბენაშვილისა და გიორგი ონიანის ტრავმები დაემატა. სწორედ ამით აიხსნება სტუმართა განაცხადში გუნდის დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელის ყოფნა. მეტიც, დღეს ერთი დებიუტიც შედგა - ზესტაფონელმა ნოდარ კიკნაველიძემ უმაღლესი ლიგის შეხვედრაში პირველად იასპარეზა.
პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას “ზესტაფონი” ფლობდა. მართალია, კომბინაციური ფეხბურთის დემონსტრირება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა, მაგრამ "ფონს გასვლა" სტუმრებმა შორეული დარტყმებით სცადეს - პირველი ტაიმის შუაწელს მარტვილელთა მეკარე ჯონი შეროზიამ ირაკლი ძარიას და ჯაბა დვალის ძალიან სახიფათო გასროლებს გაუმკლავდა, ხოლო საჯარიმოს ფარგლებიდან ედიკ საჯაიას დარტყმისას მასპინძლებს აშკარად გაუღიმათ ბედმა.
ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაიხსნა - 53-ე წუთზე ზესტაფონელთა რიგებში თავი გოგა ფიფიამ გამოიჩინა. ის ბურთს შეტევის მარცხენა ფლანგზე დაეუფლა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ერთბაშად რამდენიმე მეტოქეს გასცდა და ჯონი შეროზიას აუღებელი დაურტყა. აღსანიშნავია, რომ გოგა ფიფიამ ზემოიმერული გუნდის როგებში თავი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა (ფეროელთა მაისურით წინა გოლი ფიფომ ბათუმის დინამოელთა კარში 2007 წლის 24 ნოემბერს გაიტანა).
72-ე წუთზე ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა - ამჯერად შოთა ბაბუნაშვილის მიერ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დარტყმულმა ბურთმა მიაღწია მიზანს. ორბურთიანი სხვაობით დაწინაურებულმა მარგველებმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანეს და ობიექტური მარტვილელი პუბლიკისაგან თავის წილი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს - ზესტაფონელთა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ანგარიშით 2-0.
მატჩის დასრულების იმერული კლუბის ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა გუნდში გატარებული წლებისათვის მადლობა გადაუხადეს და გზა დაულოცეს ირაკლი ძარიას, რომელიც თავის საფეხბურთო კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.
მატჩის შემდეგ (გაზეთი "ლელო") -
მალხაზ ჟვანია (მერანი): "ტაიმებს შორის განსხვავება აშკარა იყო. პირველ ნახევარში ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, მეორეში კი მდგომარეობა შეიცვალა. ალბათ, წინა ტურში "დინამოსთან" დამღლელმა თამაშმაც განაპირობა დღევანდელი მარცხი. ვულოცავ ჩემპიონებს გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს".
გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "თამაშითაც და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს. "მერანი" ძლიერი გუნდია, რაც მალხაზ ჟვანიას დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ჩვენ გავტეხეთ ნავსი და ამ არენაზე პირველებმა გავიმარეჯვეთ.
|
22.12.2011. ”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 0-2 |
დაწვრილებით:
|
|