ინტერვიუ დავით რაჟამაშვილთან
იშვიათი გამონაკლისი - მხოლოდ ნიჭით დამკვიდრებული
გოლზე მეტად საგოლე პასი მსიამოვნებს
|
დავით რაჟამაშვილი. ფოტო საიტიდან www.worldsport.ge
|
დავით რაჟამაშვილი 23 წლისაა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. გორის "დილას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა, ქართული ფეხბურთის გრანდების თვალთახედვის არეში უმალ მოექცა და მან არჩევანი "ზესტაფონის" სასარგებლოდ გააკეთა - რაჟამაშვილი უკვე ფეროელთა გუნდის წევრია.
გადავწყვიტეთ, ნიჭიერი გორელი შუახაზელი მკითველს უფრო ახლოს გავაცნოთ და მისი წარსულისა და სამომავლო გეგმების შესახებ შევიტყოთ.
- ალბათ, დამეთანხმები, რომ უმაღლეს ლიგაში დებიუტი დაგიგვიანდა.
- რაღა თქმა უნდა, დამიგვიანდა, მაგრამ კარიერაში იმდენი იმედგაცრუება გადამიტანია, არცთუ დიდი ხნის წინ უმაღლეს ლიგაზე ვერც ვიოცნებებდი.
- იმედგაცრუება რამ მოგიტანა?
- საქართველოში ხომ ასეა – თუ ”პატრონი” არ გყავს, უმცირესი შანსი გაქვს იმისა, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო. ”უპატრონობის” სიმწარე არაერთხელ ვიწვნიე და თავის დასამკვიდრებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა. ბევრი ვინმე და რამ მიშლიდა ხელს – ვითომ მწვრთნელები, ვითომ აგენტები და ვითომ ”კეთილისმყოფელები”, რომლებიც ტყუილად მაიმედებდნენ რომელიმე ნორმალურ კლუბში გადაყვანით, მაგრამ რაც იყო, იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა და ჩემი ირწმუნა. თამაშის გაგრძელება კი, გულისხმიერი ხალხის გარდა, შეუპოვარი ხასიათისა და შრომისმოყვარეობის წყალობით შევძელი. გორში დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემზე არანაკლებ ნიჭიერი ბიჭებიც იყვნენ, მაგრამ ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო დღეს მათ ფეხბურთთან აღარაფერი აკავშირებთ.
- ”დილას” ძირითად შემადგენლობამდე რა გზა გაიარე?
- თამაში 10 წლისამ დავიწყე გორის ~ორბში”. მერე იყო ტინისხიდის ”ანცი”, საიდანაც 15 წლისა ”ცხინვალში” მოვხვდი. ცოტა ხანი პირველი ლიგის ბინადარ ტყიბულის ”მეშახტეში” გავატარე, ბოლოს კი ”დილაში” თამაშიც მეღირსა. მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ბევრი ვიბრძოლეთ და გია ცეცაძის დამსახურებით უმაღლეს ლიგაშიც გადმოვედით.
- გადამწყვეტ მატჩში ”დილამ” შენი დუბლის წყალობით იმარჯვა.
- დიახ, ”სამტრედიას” ორი გოლი გავუტანე და ჯერჯერობით ეს შეხვედრა საუკეთესოა ჩემს კარიერაში. თუმცა მჯერა, უკეთესებიც მელის.
- ”ზესტაფონს” ”დილასთან” შედარებით მეტი გასაქანი აქვს, მაგრამ, ალბათ, ისიც გესმის, რომ იქ დასამკვიდრებლად დიდი ბრძოლა დაგჭირდება.
- ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ და ამ გამოცდისთვის მზად ვარ. ცხოვრებასა და კარიერაში ბევრი დაბრკოლება გადამილახავს და ვიმედოვნებ, ახალ გამოწვევასაც გავუმკლავდები. იმისთვისაც მზად ვარ, რომ, შესაძლოა, ”ზესტაფონის” ძირითად შემადგენლობაში თავიდან იშვიათად მათამაშონ, მაგრამ ახალ გუნდში ჩემი სიტყვის თქმას ეტაპობრივად შევეცდები.
- ცნობილია, რომ სხვა კლუბებიც გიწვევდნენ. რატომ აირჩიე ”ზესტაფონი”?
- ”ზესტაფონის” გარდა, ქუთაისის ”ტორპედოც” მიწვევდა, მაგრამ ”ზესტაფონი” უფრო ძლიერ კლუბად მიმაჩნია და გადავწყვიტე, ძალები იქ მეცადა. თანაც, ეს გუნდი საჩემო ფეხბურთს თამაშობს – შემტევს და კომბინაციურს. გიორგი ჭიაბრიშვილი კლუბის გეგმებზე ბევრს მელაპარაკა, მითხრა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს. ასე რომ, ისღა დამრჩენია, მოვინდომო და მისი და ზესტაფონელი გულშემატკივრების იმედები გავამართლო. ”ზესტაფონი” ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტია და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ახალი კლუბის ჩემპიონობაში წვლილს შევიტან.
- წინადადება რომ მიგეღო ”ზესტაფონთან” შედარებით სუსტი გუნდიდან, მაგრამ უკეთესი ფინანსური პირობებით, დათანხმდებოდი?
- მე მხოლოდ 23 წლის ვარ და ჩემთვის დამღუპველი იქნებოდა, არჩევანი ფულის სასარგებლოდ გამეკეთებინა. ფეხბურთელი, რომელიც აზერბაიჯანში ან მსგავს ქვეყნებში მიდის, გასაგებია, რომ ფეხბურთზე ნაკლებად ფიქრობს და აქცენტს შემოსავალზე აკეთებს. ამაში ვერავის გავამტყუნებ, მაგრამ უმჯობესია, ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთელმა მას შემდეგ მიიღოს, 30-ს რომ გადააბიჯებს.
- სეზონის დაწყებამდე წარმოიდგენდი, რომ ამ დროისთვის შენზე ასეთი მოთხოვნა იქნებოდა?
- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა სეზონის დაწყებისთანავე აღმოვაჩინე, რომ უმაღლეს ლიგაში თამაში არ მიჭირდა. ალბათ, ჩემი ხასიათის გამოა, რომ მოედანზე ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავდიოდი და ვაკეთებდი იმას, რაც შემეძლო. თუ როგორ დონეზე ვაკეთებდი, ეს უკვე ჟურნალისტებმა და ქომაგებმა უნდა განსაჯონ.
- შენთვის იდეალური ამპლუა რომელია?
- გია ცეცაძემ მარჯვენა ნახევარმცველად გამამწესა, მანამდე კი თავდამსხმელების უკან ვთამაშობდი. ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. თანამედროვე ფეხბურთელი უნივერსალი უნდა იყოს და ეს კარგად მესმის. შეტევების წამოწყების გარდა, ნორმალურად გამომდის მოედნის ცენტრში ბრძოლა და ართმევაზე თამაშიც. უამისოდ დღეს ნახევარმცველს ფასი არ აქვს.
- საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას იტყვი?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კომპონენტში განსაკუთრებულად მოვიკოჭლებ. სასურველია, პროგრესი ყველაფერში მქონდეს, უფრო მეტად – ფიზიკურ მომზადებასა და სისწრაფეში. დარწმუნებული ვარ, ~ზესტაფონში” ყოველგვარ მცირე პრობლემას დავძლევ. ვისურვებდი, რომ გადამწყვეტ მომენტებში უფრო თამამად მივიღო გადაწყვეტილება და საჭირო დროს თავად ვცადო კარში დარტყმა. საერთოდ კი, კარგი საგოლე პასის გაკეთება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე გოლის გატანა.
|