20.12.2011

 

 

 

 

დავით რაჟამაშვილი ”ზესტაფონის” ფეხბურთელია

 

 

 

 

 

დავით რაჟამაშვილი. ფოტო საიტიდან www.worldsport.ge

წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად სამართლიანად მიიჩნევენ "დილას" ნახევარმცველ დავით რაჟამაშვილს. გორელთა გუნდში ის წამყვან მობურთალთაგანი გახლდათ.

მას განსაკუთრებით მოედნის ხედვა, დრიბლინგი და პასის კულტურა გამოარჩევს. ცოტა ხნის წინ რაჟამაშვილის მიმართ ინტერესი მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" გამოიჩინა და კონტრაქტიც გაუფორმა 23 წლის გორელ შუახაზელს. დავითთან ეს საუბარიც მას შემდეგ ჩავწერეთ ...

 

 

- "ზესტაფონში" შენი გადასვლა საბოლოოდ გადაწყდა?
- დიახ, სამწლიან კონტრაქტს უკვე მოვაწერე ხელი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დავტოვებ "დილას".

- წლეულს განსაკუთრებით კარგი სეზონი გქონდა, ამიტომაც ბევრი ფიქრობდა, რომ "დილადან" მალე წახვიდოდი და ეს ვარაუდი გამართლდა კიდეც. "ზესტაფონის" გარდა, სხვა კლუბიც ხომ არ ცდილობოდა შენს მიწვევას?
- იყო ლაპარაკი სხვა გუნდებზეც, ოღონდ "ზესტაფონივით" რეალურად მხოლოდ ერთი ქართული კლუბი მთავაზობდა გადასვლას. საბოლოოდ, მოქმედ ჩემპიონებთან გადასვლა ვამჯობინე. "ზესტაფონი" ჩემთვის სასურველი, შემტევი სტილის მიმდევარია. რამდენიმე წელია, ამ გუნდის თამაში მომწონს, თან, რაც უნდა იყოს, ჩემპიონია და, შესაბამისად, სულ სხვა სიმაღლეა.

- ... და სულ სხვა მოთხოვნებიც. ვგულისხმობ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის სირთულეს.
- რასაკვირველია, იქ ადგილის დამკვიდრება იოლი არ იქნება. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ხომ სერიოზული გამოწვევაცაა ჩემთვის. უნდა ვიბრძოლო, რომ მწვრთნელებმა მნიშვნელოვან მოთამაშედ მიმიჩნიონ. ახალი ასპარეზი და ევროტურნირებზე თამაშის პერსპექტივა გამიჩნდა და ამას გამოყენება უნდა ...

 

იბეჭდება შემოკლებით ...


ვასილ ბალახაძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005