”ზესტაფონი” - ზამთრის ჩემპიონია
2011 წლის 18 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ ”ფოლადზე” ერთმანეთს ადგილობრივი ”მეტალურგი” და საქართველოს ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ შეხვედრაში ერთმანეთს დაპირისპირებული ორივე გუნდი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლებისათვის ბრძოლაში გახლავთ ჩართული.
მატჩის პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი, რომ პირველ ნახევარში სტუმრებიც და მასპინძლებიც შედეგზე მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებული და მარგველთა გარკვეული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ტაიმი უგოლოდ დასრულდა. საკუთარი გუნდის დაწინაურებასთან ახლოს ჯაბა დვალი და თორნიკე გორგიაშვილი კი იყვნენ, თუმცა ზესტაფონელთა შემტევთა დარტყმებს ორივე ამ ეპიზოდში სიზუსტე დააკლდა.
მატჩის პირველ ნახევარში დაცვიდან მოასპარეზე მასპინძლებმა მეორე ნახევარში შეტევით აქციებზე ფიქრს უმატეს და ამან შეხვედრა უფრო სწრაფი და სანახაობრივი გახადა. გუნდებმა აქტიურად შეუტიეს ერთმანეთს და ისეთი თამაში გაჩაღდა, რომლის ბედის გადაწყვეტაც ერთ შეცდომას ან ერთ გატანილ გოლს შეეძლო. ზესტაფონელებმა მატჩის მოსაგებად გაიწიეს და ბოლო წუთები მათ შეტევებში გაილია, თუმცა, საბოლოოდ, დღევანდელ დაპირისპირებაში ალბათ მაინც კანონზომიერი უგოლო ფრე დაფიქსირდა - 0-0.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
კობა ჟორჟიკაშვილი: “მეორე ნომრად თამაში ავირჩიეთ. ვიცით “ზესტაფონის” მანერა, მათ თამაშს “დინამოსთან” ვუყურეთ და გავითვალისწინეთ, რომ მეტოქისთვის სივრცეები არ მიგვეცა, ხოლო ჩვენ როცა მოგვეცემოდა, კონტრშეტევაზე გვეთამაშა. ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია”.
გია ჭიაბრიშვილი: “რთული მატჩი იყო. უშუალო კონკურენტთან გვქონდა შეხვედრა. გადატვირთული კალენდრის გამო, გუნდი ცოტა დაღლილი ჩანდა და ის მატჩი ვერ ჩავატარეთ, როგორიც გვინდოდა. ფრე ნამდვილად არ მაკმაყოფილებს, რადგან ლიდერები ვართ და ქულების დაკარგვა გეგმებში არ შედის. სანახაობრივი მხარე არ იყო და ამიტომ მწყდება გული, თორემ ფეხბურთელებმა იბრძოლეს და ამ მხრივ სასაყვედურო არაფერია”.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ზესტაფონი” ზამთრის შესვენებას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის რანგში ხვდება. გარდა ამისა, ზესტაფონელები ჩემპიონატის II-ე ეტაპის სადღეისო მდგომარეობით არსებულ ცხრილსაც დამაჯერებლად ლიდერობენ.
2011 წელს გასამართ ბოლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 22 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის გადადებულ მატჩში მარგველები მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდებიან. მატჩის დასაწყისი - 14:00 საათზე.
|
18.12.2011. ”მეტალურგი” (რუსთავი) - ”ზესტაფონი” 0-0 |
დაწვრილებით:
|
|