პრევიუ: ”მეტალურგი” - ”ზესტაფონი”
თუმცა დეკემბერი ხომ "საფეხბურთო თვედ" გადავაქციეთ და 22-ში კიდევ ერთი მატჩი გველოდება. ყოველ შემთხვევაში, თუ მართლაც განსაკუთრებული არაფერი მოხდა, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 12-ვე გუნდი კალენდრით გათვალისწინებულ 18-18 თამაშს წლეულსვე "ჩაამთავრებს".
რაც შეეხება პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ ოთხ ტურს, ეს მატჩები მომავალი წლის დასაწყისში ჩატარდება... თუმცა მანამდეც და 22 დეკემბერს დანიშნულ "მერანი" - "ზესტაფონის" მატჩამდე ხომ ხვალინდელი შეხვედრები გველოდება; თანაც, 2011 წლის ბოლო ტურის მატჩების შემდეგ ორივე ცხრილში ("ჩვეულებრივშიც" და "ვირტუალურშიც") სერიოზული კორექტივებიც შესაძლოა მოხდეს...
უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ტურის ცენტრალური დაპირისპირება უნდა ვახსენოთ: "ვირტუალური" ცხრილის ლიდერი "მეტალურგი" "ჩვეულებრივი" ცხრილის ლიდერს "ზესტაფონს" უმასპინძლებს! რა თქმა უნდა, აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურის ამ ცენტრალური მატჩის ხილვის საშუალება ფეხბურთის გულშემატკივრებს ტელევიზიის საშუალებითაც ექნებათ - "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ლიდერთა დაპირისპირებას ჩანაწერში შემოგვთავაზებს.
არადა, მოგეხსენებათ, რომ იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი სეზონის დასაწყისიდან მუდამ პირდაპირ რეპორტაჟებს გვთავაზობდა ხოლმე; თუმცა, რუსთავის სტადიონის მარადიულ პრობლემას საშველი ხომ არაფრით დაადგა: "ფოლადზე" პროჟექტორების სიმძლავრე იმდენად დაბალია, რომ მატჩების საღამოს საათებში ჩატარება შეუძლებელია!
თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ფაქტორი ამ შეხვედრისადმი ინტერესს სულაც არ შეანელებს: ბოლოს და ბოლოს, დიდი ალბათობით, ხვალ, შესაძლოა "ზამთრის ჩემპიონი" გაირკვეს! თუმცა, ვიდრე ყველა შესაძლო ვარიანტს შემოგთავაზებდეთ, ის მართლაც კურიოზული სიტუაციაც უნდა წარმოვიდგინოთ, ამ ტურს რომ შეიძლება მოჰყვეს; კერძოდ, იმას ვგულისხმობთ, რომ შესაძლოა, ერთდროულად ორი "ზამთრის ჩემპიონიც" გვყავდეს!
აი, ვთქვათ და "ტორპედომ" სტუმრად "ბაია" დაამარცხა (რაც, სავსებით რეალურად გვეჩვენება) და ამავდროულად, "მეტალურგმა" ქვეყნის ჩემპიონის ძლევამოსილი სვლის შეჩერება შეძლო, - ამ შემთხვევაში "ჩვეულებრივ" ცხრილში პირველ ადგილზე ქუთაისელები გადაინაცვლებენ, "ვირტუალურში" კი მომავალი წლის თებერვლამდე მიუწვდომლები უკვე რუსთაველები იქნებიან.
მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს კვლავაც რჩება "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულის მოპოვების შანსი, ოღონდ მხოლოდ ერთ ცხრილში ("ჩვეულებრივში"): როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, "ზესტაფონს" ოთხ დღეში კიდევ ერთი მატჩი ელოდება (სტუმრად - მარტვილში).
ეგ კი არა, მხოლოდ გუშინ გადაწყდა, რომ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა თუ მწვრთნელ-ფეხბურთელები ახალ წელს მოედანზე არ შეხვდებოდნენ: საბედნიეროდ, საღმა აზრმა იმძლავრა და სუპერთასი წლეულს აღარ ჩატარდება ...
მეტოქეთა ურთიერთშეხვედრები 16 მატჩს ითვლის, რომელთაგან შედეგი 15-ში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლების სეზონის გაზაფხულზე, ზესტაფონში გამართული მატჩი (89-ე წუთამდე 1:1 იყო) არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ სტადიონზე არასაფეხბურთო ვითარების გამო შეწყვიტა. ფედერაციაში მომხდარ ინცინდენტზე იმსჯელეს და ორივე გუნდს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს (“ოლიმპს” დამატებითი 3 ქულაც დააკლეს). დასრულებული მატჩების სტატისტიკაში, მოგებათა მხრივ მინიმალური უპირატესობა იმერელთა მხარესაა - 6:5. მცირე ფორას ფლობენ ყვირილისპირელები გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობის მხრივაც - 16:12 ...
|