17.12.2011

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ყიფიანთან

ევროპას აუცილებლად დავეწევით

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” დიდი ენთუზიაზმით მუშაობს ახალგაზრდა სამწვრთნელო შტაბი. გია ჭიაბრიშვილს გუნდის დამოძღვრაში გიორგი ყიფიანი ეხმარება. ახლო წარსულში შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელმაც სამწვრთნელო ასპარეზზეც მოასწრო თავისი სიტყვის თქმა - მთავარი მწვრთნელის რანგში შესანიშნავად ათამაშა ბოლნისის ”სიონი” და ისრაელშიც არ ჩაკარგულა.


გუშინ ყიფიანს დავუკავშირდით და არაერთ საინტერესო საკითხზე ველაპარაკეთ.

 

 


- გიორგი, უპირველეს ყოვლისა, როგორ აფასებთ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატს? ფაქტია, რომ სასაუბრო და საკამათო ბევრი დაგროვდა, თუნდაც ჩემპიონატის ჩატარების სისტემა.
- ძალიან ფართო თემაა. დაუსრულებლად შეიძლება ამაზე მსჯელობა. შევეცდები, ცოტა მოკლედ ვუპასუხო. ძალიან მიხარია, რომ ვხედავ პროგრესს, უპირველეს ყოვლისა, ფინანსურს - სახსრები იდება ”ზესტაფონში”, ”დინამოში”, ”ტორპედოში”, ”ვიტ ჯორჯიაში” და ”მეტალურგში”. ვისურვებდი, რომ ყველა გუნდს ჰქონდეს შესაბამისი პირობები. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დავეწევით ევროპას. გული მტკივა იმის გამო, რომ რამდენიმე კლუბში არანაირი პირობა არ არის. მაგალითად, ბოლნისის ”სიონში”, სადაც მთავარ მწვრთნელად მიმუშავია. კარგად ვიცი, იქ როგორ უყვართ ფეხბურთი.
”ზესტაფონის” ხელმძღვანელობის უდიდესი დამსახურებით გუნდი ყოველდღიურად ვითარდება. ხომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უახლოეს მომავალში უნდა გაკეთდეს. ქართული ფეხბურთის პროგრესი, მისი კეთილდღეობა პირდაპირაა მიბმული ფინანსურ კეთილდღეობასთან, ამას ვერავინ უარყოფს.


- ფაქტია, რომ ”ზესტაფონის” ახალ სამწვრთნელო შტაბს, გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, უდიდესი პასუხისმგებლობა დააწვა მხრებზე. გია გეგუჩაძესთან ერთად ”ზესტაფონმა” საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და კლუბი ევროპული მასშტაბითაც კონკურენტუნარიან ძალად იქცა.
- ბატონი გია არის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დღევანდელ საქართველოში ერუდიციით, ცოდნით, საფეხბურთო გემოვნებით. ეს ყველამ იცის. შემთხვევითი არ არის, რომ ”ტორპედოს” ასე მალე დაეტყო ახალი მწვრთნელის ხელი.

გია ჭიაბრიშვილთან ერთად მუშაობის პირველივე დღეს მივხვდი, რომ იგი მზადაა, იყოს მთავარი მწვრთნელი, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. კარგად დაწყებული საქმე ასევე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ცდასა და მონდომებას არ ვაკლებთ. რომ იტყვიან, 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე ვართ გადასულები. როცა ამხელა ხელშეწყობა გაქვს, როცა ხელმძღვანელობა ფეხბურთზეა გადამკვდარი და ხალხი ყველა თამაშზე სტადიონს ავსებს, არ გაქვს უფლება, მათ უმტყუნო. მწვრთნელი ყოველდღე უნდა განვითარდეს. ჩვენი მუშაობა უწყვეტი პროცესია. აქ სწავლის საშუალება გვეძლევა. გიაც და მეც ბევრს ვსწავლობთ ყოველდღიურად. გუნდიც ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებ. ჩვენ ერთმანეთის ტკივილი გვტკივა და სიხარული გვიხარია. ალბათ ესეცაა იმის მიზეზი, რომ მეორე ტაიმებში სულ სხვანაირ `ზესტაფონს~ ვხედავთ ხოლმე.


- ძალიან საინტერესოა, რა ხდებოდა ”ზესტაფონის” გასახდელში ”ბრიუგესთან” და ”დინამოსთან” მატჩების შესვენებაზე. ამ შეხვედრების მეორე ტაიმები ხომ კლუბის ისტორიის საუკეთესო მონაკვეთთაგანია...
- ”ბრიუგესთან” მატჩის დროს არ ვიყავი `ზესტაფონის~ მწვრთნელი, მაგრამ გასახდელში ალბათ ზუსტად იგივე ხდებოდა, რაც ”დინამოსთან” შესვენებისას. ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში ჩვენი დავალებები მაინცდამაინც კარგად ვერ შეასრულეს. შევეცადეთ, მათთვის უკეთესად აგვეხსნა ყველაფერი. მწვრთნელისთვის ერთი დიდი ბედნიერებაა, როცა გუნდი ბოლომდე უსმენს, როცა მწვრთნელი და ფეხბურთელი შერწყმულია. არამარტო მწვრთნელები და ფეხბურთელები, წარმატებაში თავისი წვლილი შეაქვს გუნდის თითოეულ თანამშრომელს, თვით, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მისიის შემსრულებელსაც კი. თუ ირღვევა ეს მთლიანობა, არ არის წარმატება, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა.


- ”ზესტაფონს” ტოვებენ ნიკა გელაშვილი და ირაკლი ძარია. უკვე აწარმოეთ გარკვეული სასელექციო მუშაობა. როგორ აფასებთ ამ პროცესს?

- როდესაც ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს კლუბისთვის და ამავე დროს მას აქვს კარიერის უკეთეს ჩემპიონატში გაგრძელების შანსი, ხელი არ უნდა შეუშალო. გელაშვილი და ძარია შესანიშნავი პიროვნებები, ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება, თუ ისინი გუნდში დარჩებიან. რაც შეეხება სელექციას, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებით ფეხბურთელებს, გუნდში შემთხვევით არავინ მოგვყავს. უკვე დაახლოებით სამი თვეა, ვაკვირდებით ამ ბიჭებს. დარწმუნებული ვარ, რომ გაგვაძლიერებენ.


- ალბათ ორი სიტყვით ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზეც უნდა ვთქვათ...
- როგორც ვიცით, გრძელდება ბაზის მშენებლობა. მალე გვექნება უფრო თანამედროვე სტადიონი. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმდენი რამის გაკეთება იგეგმება, რომ სულ სხვანაირ საფეხურზე გავალთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველა კლუბი უნდა გაერთიანდეს ქართული ფეხბურთის სამსახურში. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს სეპარატიზმი და ასე ყველა ერთიანად მივაღწევთ შედეგს.


- მოსამზადებელ პერიოდში უფრო ლეგიონერებს დაიმატებთ თუ ქართველ ფეხბურთელებს?
- დასამალი არაა, რომ აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთდება, თუმცა თუ ლეგიონერი დაგვჭირდა, უარს არ ვიტყვით.


- დაბოლოს, ”ზესტაფონის” მიზნებზეც...
- სამივე ტიტულის მოგება და ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობა. ეს არის ჩვენი მიზანი. კარგი ისაა, რომ ევროთასებისთვის ივლისში კი არ ვიწყებთ მომზადებას, არამედ მისთვის აქედანვე ვემზადებით.

 


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"

   
FC ZESTAFONI © 2005