16.12.2011

 

 

 

 

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: შემდგარი მწვრთნელი ტიტულოვანი მწვრთნელია

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ჭიაბრიშვილი. ფოტო საიტიდან www.sportall.ambebi.ge

როცა ტურის გამორჩეულ მატჩში რომელიმე გუნდი იმარჯვებს, ვცდილობთ, ინტერვიუ იმ ფეხბურთელს ჩამოვართვათ, რომელმაც ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული წილი დაიდო. "ზესტაფონისა" და "დინამოს" შთამბეჭდავ დაპირისპირებაში მასპინძელი გუნდის თითოეულმა წევრმა მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ, როცა ჩემპიონობის ერთი კანდიდატი მეორეს 5:1-ს უგებს, ეს, უპირველესად, მწვრთნელის დამსახურებაა.

 

შესაბამისად, "ლელოს" რესპონდენტიც "ზესტაფონის" 32 წლის თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილია, რომელთან ინტერვიუში "დინამოსთან" მატჩიც შევაფასეთ და სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შევეხეთ.

 

- პირველი ტაიმის შემდეგ ელოდით თუ არა, რომ შეხვედრის მიწურულს ტაბლოზე ასეთი ანგარიში ეწერებოდა?
- გამარჯვების იმედი ნამდვილად მქონდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, 5:1-ს ვერ წარმოვიდგენდი. პირველი ტაიმი ამას საერთოდ არ მოასწავებდა, რიგ ეპიზოდებში "დინამო" გვჯობდა კიდეც. შესვენების შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. "დინამო" აირია, ჩემს ფეხბურთელებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ.

- შესვენებაზე გუნდისთვის განსაკურებული დავალებები ხომ არ მიგიციათ?
- განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი. მეორე ტაიმშიც იგივე ამოცანები გვქონდა, რაც პირველში. ბიჭებს მხოლოდ ის დავავალე, უფრო მეტი ყურადღებითა და კონცენტრაციით ეთამაშათ.

- იყო თუ არა ეს საუკეთესო მატჩი თქვენი მთავარი მწვრთნელობის ხანმოკლე პერიოდში?
- საუკეთესოდ უფრო "ბრიუგესთან" თბილისში ჩატარებულ შეხვედრას მივიჩნევ, რომელშიც "ზესტაფონმა" თითქმის შეუძლებელი შეძლო და ფრედ დაასრულა თამაში, რომელსაც, ერთი შეხედვით, უიმედოდ აგებდა. მართალია, ბელგიური ბარიერი ვერ გადავლახეთ, მაგრამ ძალიან ძლიერ მეტოქესთან თავი არ შეგვირცხვენია.

"დინამოსთან" გამარჯვების მნიშვნელობას კი, ბუნებრივია, არ ვაკნინებ. ფსიქოლოგიური და პრაგმატული თვალსაზრისით, ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა მთავარი ბრძოლები, რა თქმა უნდა, გაზაფხულზე გველის.

- "დინამოს" ასეთი სუსტი თამაში თქვენთვის მოსალოდნელი იყო?
- რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ "დინამო" წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევდა, მაგრამ ამ გუნდის შესაძლებლობებზე მხოლოდ ბოლო მატჩით არ უნდა ვიმსჯელოთ. "დინამო" ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტად რჩება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

- გელა სანაიამ თქვა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდით როგორც მთავარი მწვრთნელი. თქვენ როდის იგრძენით ეს მომენტი?
- ამაზე ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა უნდა იმსჯელონ, მე კი ჩემი საქმის კეთებას გავაგრძელებ და მხოლოდ მაშინ მივიჩნევ თავს შემდგარ მწვრთნელად, როცა რაიმე ტიტულს მოვიგებ.

საქართველოს ჩემპიონობა უახლოესი ამოცანაა, თუმცა მეც და ჩემს გუნდსაც უფრო ამბიციური და, რაც მთავარია, საფუძვლიანი მიზნები გვაქვს, რაშიც, რასაკვირველია, ევროტურნირებზე წარმატებით ასპარეზობა იგულისხმება.

- ბევრი აღნიშნავს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" უფრო აქტიურად უტევს ფლანგებიდან.
- ფლანგებზე აქტიური თამაშისკენ სიტუაციამ გვიბიძგა. "ზესტაფონი" ყველამ კარგად შეისწავლა და იციან, რომ, თუ მოედნის ცენტრს საგულდაგულოდ გადაგვიკეტავენ, შეტევა გაგვიჭირდება. შესაბამისად, იერიშები გავამრავალფეროვნეთ და ჩვენს არსენალს კიდევ ერთი იარაღი შევმატეთ. ბუნებრივია, მაღალი დონის შემსრულებლების გარეშე ეს არ გამოგვივიდოდა.

- ვფიქრობ, უკვე შეიძლება, სეზონის პირველი ნახევარიც შეაჯამოთ.
- ამის გაკეთება უმჯობესი მაშინ იქნება, როცა რუსთავსა და მარტვილში რთულ გასვლებს მოვითავებთ, თუმცა ახლავე შემიძლია იმის თქმა, რომ "ზესტაფონმა" სეზონის პირველი ნახევრისთვის დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა - ჩემპიონატსაც ლიდერობს და თასისთვის ბრძოლასაც აგრძელებს. ერთადერთი სერიოზული უსიამოვნება, რაც გადავიტანეთ, "დილასთან" შინ განადგურებაა, სხვა მატჩების უმრავლესობაში კი გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა, თითოეული ფეხბურთელი, მწვრთნელები და კლუბის ყველა თანამშრომელი ერთ მუშტადაა შეკრული და ცოდნასა და ენერგიას არ იშურებენ საერთო წარმატებისთვის.

- "ზესტაფონის" რამდენიმე ფეხბურთელმა ზესტაფონში ბოლოჯერ ითამაშა.
- დიახ, დაზუსტებით ცნობილია, რომ გუნდს ნიკა გელაშვილი და ირაკლი ძარია დატოვებენ, აღარაფერს ვიტყვი ბუბა დაუშვილზე. გელაშვილისთვის აშკარად დროულია კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება, დანარჩენებმაც საკუთარი არჩევანი გააკეთეს და თითოეულ მათგანს მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რაც "ზესტაფონისთვის" გააკეთა.

- ახალწვეულებზეც ვთქვათ.
- როგორც იცით, დავით რაჟამაშვილმა და ლევან შარიქაძემ "ზესტაფონთან" კონტრაქტი უკვე გააფორმეს. შარიქაძესა და მის შესაძლებლობებს დიდი ხანია, ვიცნობ, "გაგრაში" ჩემი მწვრთნელობის დროსაც თამაშობდა და მჯერა, რომ საკუთარ სიტყვას "ზესტაფონშიც" იტყვის. ზუსტად ასევე მეიმედება რაჟამაშვილისაც, რომელმაც ამ სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია. ჩემთვის საფეხბურთო მონაცემებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ადამიანური თვისებებია და ამ მხრივ ორივე დადებითი პიროვნებაა, ისევე, როგორც ჩვენი სხვა სავარაუდო ახალწვეულები.

- რომ არა მძიმე ტრავმა, "ზესტაფონის" ახალწვეულებს შორის, ალბათ, ირაკლი ქობალიაც იქნებოდა.
- ჯერ კიდევ ტრავმამდე მის თაობაზე "ბაიასთან" მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და შევთანხმდით, რომ ურთიერთობას ზაფხულში განვაგრძობდით. ზაფხულამდე ირაკლი, ალბათ, მწყობრში ჩადგება და მის საკითხს იმ დროისთვის მივუბრუნდებით.

- ოვონიკოკოს "ზესტაფონში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილია?
- მას ჩვენთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ მხოლოდ ფორმალობებიღაა მოსაგვარებელი. ლეგიონერების მიმართ ჩემი დამოკიდებულება იცით - მათ აყვანას ვერიდები არა უცხოელობის გამო, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცი, აუღებენ თუ არა ალღოს ქართულ ფეხბურთს, აეწყობათ თუ არა ურთიერთობა თანაგუნდელებთან და ასე შემდეგ. ოვონიკოკო კი დიდი ხანია, საქართველოშია, ძლიერ თავდამსხმელადაც მიმაჩნია და ისიც ვიცი, რომ კარგი პიროვნებაა. ასე რომ, მას სიამოვნებით ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმაში დროულად ჩადგება.

- როგორც ვიცით, "ზესტაფონი" "ბაიადან" გუგუჩიასა და სამუშიას გადაყვანასაც აპირებს.
- ამ ფეხბურთელებითაც დაინტერესებულნი ვართ, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება და წინასწარ ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ წასულ ფეხბურთელებს სრულფასოვნად შევცვლით.

- წასულების სრულფასოვანი შემცვლელი, შესაძლოა, ზურაბ მენთეშაშვილიც აღმოჩნდეს.
- ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. ზურა გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და არ არის გამორიცხული, ახალ წლამდე ერთი ოფიციალური მატჩი მაინც ჩაატაროს. ეს მისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური სტიმული იქნება. არანაკლებ მეიმედება გიორგი ხიდეშელისა, რომელიც ჩვენთან ერთად შეკრებაზე წამოვა და მოედანსაც ახლო მომავალში დაუბრუნდება.

- ბოლოს ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზე გვითხარით.
- სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 8 იანვრიდან შევუდგებით და პირველ ეტაპზე აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთებთ. მირჩევნია, ეს პროცესი ზესტაფონში წარიმართოს, მაგრამ, თუ ამინდებმა ხელი არ შეგვიწყო, კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, თურქეთში გაგვიშვას. მთავარ შეკრებაზე კი, ტრადიციულად, ესპანეთში გავემგზავრებით, სადაც მარბელას ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას.

როგორც გახსოვთ, იქ გასულ ზამთარსაც ვითამაშეთ და ძლიერ გუნდებთან სპარინგით გამოცდილებაც გავიმდიდრეთ. ცნობილია, რომ მარბელაში კიევის "დინამო" და მოსკოვის ცსკა იასპარეზებენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსა" და პლზენის "ვიქტორიასთან". სხვა კლუბებიც არანაკლებ ძლიერები იქნებიან და მათთან ჭიდილში ყველაზე კარგად დავინახავთ, რომელ კომპონენტებში ვართ ძლიერები და რის გასაუმჯობესებლად დაგვჭირდება ყველაზე ბევრი შრომა.

 

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005