16.12.2011

 

 

 

 

 

ინერცია კი არა, ნოვაცია...

 

 

 

 

 

 

ფაქტი უდავოა: ქართულ ფეხბურთში გამოჩნდა სპეციალისტი, რომელიც აუცილებლად იტყვის (ამბობს კიდეც!) თავის არცთუ მოკრძალებულ სიტყვას. ნებისმიერი ახალგაზრდა მწვრთნელის ასპარეზზე გამოსვლა დიდ რისკს უკავშირდება. ასე იყო გიორგი ჭიაბრიშვილის შემთხვევაშიც.

 


კარგად გვახსოვს პირველი საშინაო მატჩი ბელგიურ "ბრიუგესთან". მაშინ "ზესტაფონი" ნამდვილი კატასტროფის წინაშე იდგა და მეორე ტაიმმა ჩვენი მწუხარება ზეიმით შეცვალა - რა თქმა უნდა, უდიდესი იყო ფეხბურთელების როლი, მაგრამ მთავარი მაინც მწვრთნელის ხასიათი, მისი პიროვნული თვისებები გახლდათ. იმ თამაშს ბევრი ნამდვილად ვერ მოატრიალებდა, გია ჭიაბრიშვილმა კი ეს შეძლო.


"ზესტაფონში" ჭიაბრიშვილი ცოტა ხანია, მუშაობს, მაგრამ სათქმელი გვარიანად დაგროვდა. უპირველეს ყოვლისა, კატეგორიულად უნდა გავემიჯნოთ იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ინერციით თამაშობს.

 

არამც და არამც! ჭიაბრიშვილი თავისი ახალი იდეებით გამოჩნდა სამწვრთნელო ასპარეზზე და ვინც მარგველთა თამაშს ხშირად უყურებს, ამაში უდავოდ დაგვეთანხმება.

რა თქმა უნდა, "ზესტაფონის" წინაშე ძალიან დიდია გია გეგუჩაძის ღვაწლი. უბრალოდ იმის თქმა გვსურს, რომ ჭიაბრიშვილი არ არის გეგუჩაძის კლონი. თუ ადრე "ზესტაფონი" ძირითადად ცენტრიდან უტევდა მეტოქის კარს და აშკარად უჭირდა დაცვაში ჩამჯდარი გუნდების წინააღმდეგ თამაში (ძირითადად ფავორიტებს სწორედ ასეთ კლუბებთან უწევთ გამკლავება საქართველოს ჩემპიონატში), ახლა სურათი შეიცვალა. თავისი დივიდენდები მოაქვს გაშლილ ფეხბურთს, ფლანგების მაქსიმალურ გამოყენებას.


არ ვიცი, დამეთანხმებიან თუ არა "ზესტაფონის" ფეხბურთელები, მაგრამ ტრიბუნიდან ისე ჩანს, რომ გუნდის ხასიათი ახლა უფრო მტკიცეა, ვიდრე ამ ცოტა ხნის წინ. "ზესტაფონმა" ცუდ მინდორზე მეტოქისთვის გამარჯვების გამოგლეჯაც ისწავლა...


რა თქმა უნდა, გია ჭიაბრიშვილს სამწვრთნელო ასპარეზზე ჯერ ყველაფერი წინ აქვს. იგი ნამდვილად არ არის ის კაცი, ღრუბლებში ფრენა დაიწყოს. ჩვენ კი უნდა მივესალმოთ კარგი ქართველი კაცის შესანიშნავ სამწვრთნელო დებიუტს. ოდინდელი ჭეშმარიტებაა, რომ ფეხბურთი, პირველ რიგში, ქომაგებისთვის არსებობს. ჰოდა, ჩვენც ძალიან გვინდა, ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" კიდევ დიდხანს ისმოდეს შეძახილი: "ჭია! ჭია!"


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"

   
FC ZESTAFONI © 2005