გაზეთი "ლელო" - XV ტურის მიმოხილვა
კომფორტიც, კვალიფიკაციაც და კლასიც!
|
"ზესტაფონი" - "დინამო" 5-1. ფოტო საიტიდან www.uefa.com
|
გამოტოვებული კი არა, მართლაც განსაკუთრებული უნდა ვუწოდოთ XV ტურს; თანაც ამ ტურში ხელმოცარული გუნდების მწვრთნელებსა თუ ხელმძღვანელებს, ალბათ, ვერც მსაჯებთან ექნებათ პრეტენზია და ვერც უამინდობასთან - ხუთივე მატჩი ხომ დეკემბრის კვალობაზე აშკარად "მისაღებ" კლიმატურ პირობებში ჩატარდა.
თუმცა, ამ ტურის შემდეგ ამა თუ იმ გუნდში აშკარად სხვადასხვა განწყობა რომ იქნება, ფაქტია და ყოველივე ზემოთქმულის დამადასტურებლად სატურნირო ცხრილიც გამოდგება. თანაც, როგორც ვივარაუდეთ, ეგრეთ წოდებული ვირტუალური ცხრილი "თავდაყირა" არ დამდგარა, სამაგიეროდ გარკვეული (თანაც, არცთუ უმნიშვნელო) გადაადგილებები კი ნამდვილად მოხდა...
საჩემპიონო განაცხადი
"ჩვეულებრივ" ცხრილში პირველ ადგილზე ყოფნა და მეტოქეებთან შედარებით ერთით ნაკლები ჩატარებული მატჩი, "ვირტუალურ" ცხრილში მეორე ადგილზე ყოფნა და კონკურენტებთან ორით ნაკლები ჩატარებული მატჩი, - დღესდღეობით ყველაზე კომფორტულ სიტუაციაში "ზესტაფონი" რომ იმყოფება, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება;
თუმცა, მხოლოდ ცხრილებსა თუ ციფრებში როდია საქმე: თასზეც და პირველობაზეც "ზესტაფონი" ისეთ თამაშს უჩვენებს, წესითა და რიგით, მეტოქეთა ქომაგებისგანაც ეკუთვნის კომპლიმენტები! ტურისა და, ალბათ, პირველი ეტაპის ცენტრალურ დაპირისპირებას "ზესტაფონსა" და "დინამოს" შორის ტელევიზიის საშუალებით თვალს ბევრი მიადევნებდა და ამ მართლაც გამორჩეული შეხვედრის პერიპეტიებზე დაწვრილებით აღარ ვისაუბრებთ; არც იმ ორ "უცნაური" ტაიმზე: პირველში რომ დინამოელები მძლავრობდნენ და მეორეში კი, მასპინძლებმა რომ გაილაღეს!
როცა ერთმანეთს ჩემპიონობის ორი ფავორიტი ხვდება, წინასამატჩო პროგნოზის გაკეთებას აზრი არა აქვს; მით უფრო, რომ ორივე გუნდის მწვრთნელებმა, გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, წინა ტურში თავიანთი გუნდის შემადგენლობებში როტაციაც მოახდინეს და წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალებაც მისცეს. ამის მიუხედავად, მართლაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა მოვლენების ისეთი განვითარება, ერთი გუნდი მეორეს ასეთი სხვაობით თუ დაამარცხებდა.
კი, ბატონო - ერთი-ორჯერ ადრეც მომხდარა, როცა "ზესტაფონს" ან "დინამოს" ერთმანეთში ჩატარებულ მატჩში ოთხი ბურთი გაუტანიათ, მაგრამ ასეთი უპირატესობა რომ ჰქონოდა რომელიმეს, რაღაც ვერ გაგვიხსენებია!
"ზესტაფონმა" მეორე ტაიმში, როგორც იტყვიან, წალეკა მეტოქე და ერთი-მეორეზე ეფექტური და გააზრებული შეტევები დაატეხა თავს! კიდევ ვიმეორებთ: ამ მატჩის დეტალურ აღწერას აღარ შევუდგებით, უბრალოდ მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვებით "ზესტაფონმა" ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთა საჩემპიონო განაცხადი! იმაზე ხომ, საერთოდ, აღარაფერს ვამბობთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში დღესდღეობით ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ "ზესტაფონი" უჩვენებს;
სხვათა შორის, ქვემოთმოყვანილი ორი ფაქტორიც არ უნდა იყოს ვინმესთვის საკამათო: ჯერ ერთი, ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რომ "ზესტაფონში" ბევრად უფრო კვალიფიციური ფეხბურთელები (გნებავთ, შემსრულებლები) თამაშობენ, ვიდრე "დინამოში"; ამას გარდა, თვალშისაცემი იყო სამწვრთნელო "დუელიც": ახალგაზრდა სპეციალისტმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის ესპანელ კოლეგას აშკარა უპირატესობით აჯობა!
... დაბოლოს, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "ზესტაფონმა" პირველად შეძლო "დინამოს" კარში 5 გოლის გატანა; საერთოდ კი, "დინამომ" ხუთი ბურთი უკანასკნელად 2004 წლის 25 ოქტომბერს გაუშვა: ავლაბარში, სკა-ს სტადიონზე, გიორგი დევდარიანის "თბილისმა" 5:0 მოუგო ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია - დინამოელთა კარში მაშინაც ხუთ სხვადასხვა ფეხბურთელს გაჰქონდა გოლები...
P.S. 2009 წლის 29 აგვისტოს "ზესტაფონმა" 4:1 მოუგო თბილისის "დინამოს", - აი, აქამდე ეს ითვლებოდა იმერული კლუბისთვის სარეკორდო გამარჯვებად პრინციპულ მეტოქესთან. თუმცა, ამ შემთხვევაში ორი წლისწინანდელ მატჩს სხვა რამის გამო ვიხსენებთ, უფრო ზუსტად, იმდროინდელი და ახლანდელი შემადგენლობების შედარება გვინდა. ისე, მართლაც საინტერესო ფაქტია: "ზესტაფონის" დღევანდელ შემადგენლობაში 9(!) ფეხბურთელი (ჯაბა დვალი, ზაალ ელიავა, ნიკა გელაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, გიორგი ონიანი), ორი წლის წინაც რომ მონაწილეობდა ფავორიტთა დაპირისპირებაში, "დინამოს" კი, მხოლოდ და მხოლოდ, გიორგი ლორია შემორჩა; და, ყოველ ნახევარ წელიწადში "ახალი გუნდის კეთებას" კი რა შედეგ(ებ)ი მოაქვს, ამას "ჩვეულებრივი" და "ვირტუალური" ცხრილები მოწმობენ.
იბეჭდება შემოკლებით ...
|