15.12.2011

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის გადადებული ტური

 

 

 

 

 

 

 

2011 წლის 15 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთხუთმეტე ტურის გადადებული მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: გიორგაძე, თ. გრიგალაშვილი, მნათობიშვილი, ლურსმანაშვილი, გაგოშიძე, გაჩეჩილაძე (საცერაძე, 82), კიკნაველიძე, შარვაძე (ფოცხვერაშვილი, 70), სარდალიშვილი, ხუჯაძე (ლომია, 55), ღირდალაძე.

 

დუბლიორთა ტურნირის ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” საწვრთნელმა ბაზამ უმასპინძლა, ძალიან სანახაობრივად და ამასთან ერთად დაძაბულად წარიმართა.

 

ზესტაფონელთა და დინამოელთა დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით და ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ტაიმის ბოლოსკენ მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა და 35-ე წუთზე ისინი ზურა ღირდალაძის გოლით დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა, სტუმართა პასუხმაც არ დაახანა - 44-ე წუთზე ალექსანდრე რეხვიაშვილმა ანგარიში საყაიმო გახადა.

 

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა. ორივე გუნდი შეტევაში ბევრ დროს ატარებდა და 61-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული საბა ლომიას გოლით წინ ისევ მასპინძლები გავიდნენ. 73-ე წუთზე კი დინამოელებმა ისევ გაათანაბრეს - ლაშა ჩაფიძემ მარგველთა ახალბედა გოლკიპერის ბორის გიორგაძის კარი შორიდან ლამაზი დარტყმით აიღო.

 

თამაშის სცენარი არც დარჩენილ დროში შეცვლილა - ორივე გუნდი გასამარჯვებლად იწევდა, თუმცა, საბოლოოდ დაფიქსირდა კანონზომიერი ფრე - 2-2.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005