ჩემპიონი კვლავაც ჩემპიონობს
2011 წლის 14 დეკემბერს საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის გადადებული მატჩები გაიმართა. ”დავით აბაშიძეზე” ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამო” დაუპირისპირდნენ.
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და საქართველოში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტულის მფლობელი კლუბის შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ნულოვანი ფრითაც დასრულდა, საბოლოოდ სტუმართა რბევით დასრულდა... გარდა იმისა, რომ ზაალ ელიავას მიერ გატანილი გოლით მარგველებმა უმაღლესი ლიგის მატჩებში საკუთარი საგოლე მონაგარი 400-მდე გაზარდეს, დღევანდელ მატჩში მოპოვებული წარმატება ზესტაფონელთათვის თბილისის დინამოელებთან დაპირისპირებათა ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით დასრულებული გამარჯვება გახლავთ.
შეხვედრის პირველ ნახევარში სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე კი ანგარიში გაიხსნა - 51-ე წუთზე მასპინძელთაგან დღეს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, თეიმურაზ ღონღაძის სამაგალითო ფლანგური გარღვევა საჯარიმოს ცენტრში გაკეთებული გადაცემით გაგრძელდა, იქ კი ბურთთან პირველი შოთა გრიგალაშვილი გაჩნდა და დინამოელთა კარის ბადე აუღებელი დარტყმით შეარხია. 59-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - ზესტაფონელთა შეტევის მარჯვენა ფლანზე წამოწყებული კიდევ ერთი იერიში პირველი გოლის ავტორის საჯარიმოში შეჭრითა და უძლიერესი დარტყმით გაგრძელდა და მას შემდეგ, რაც ურთულესი ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია, თორნიკე გორგიაშვილის მახვილგონივრული საგოლე შეხებით დასრულდა. 71-ე წუთზე ანგარიში დიდამდე გაიზარდა. მას შემდეგ რაც თორნიკე აფციაურმა დინამოელებს ბურთი ჩაუჭრა, მას ნიკოლოზ გელაშვილი დაეუფლა და შეტევის ხაზში თავის მეწყვილე ჯაბა დვალი თბილისელთა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელმა კი ყველაფერი ცივსისხლიანად გააკეთა - 3-0.
მოვლენათა ასეთმა განვითარებამ სტუმრები აიძულა შეტევის ხაზში ეაქტიურათ და 85-ე წუთზე დავით ოდიკაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი თექთურმანიძემ თავი ლამაზი გოლით გამოიჩინა. ზესტაფონელებმა ანგარიშში სამბურთიანი სხვაობა ზუსტად სამ წუთში აღადგინეს - შოთა გრიგალაშვილმა დიდოსტატური გადაცემით დინამოელთა გოლკიპერის ”მოსანახულებლად” გაიყვანა ზაალ ელიავა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. მატჩის არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი გიორგი ლორიას დღევანდელი უსიამოვნებები მასთან პირისპირ ნიკოლოზ გელაშვილის გასვლით, გოლკიპერის მიერ მასპინძელთა ფორვარდის წესების დარღვევით შეჩერებით, მისი მოედნიდან გაძევებითა და ”დინამოს” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დასრულდა. პენალტის შესრულება თავად დაზარელებულმა ითავა და დინამოელთა განადგურებას წერტილიც დაუსვა - ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 5-1.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
ალექს გარსია (“დინამო”) – “პრინციპული თამაში გვქონდა და გამანადგურებელი ანგარიშით წავაგეთ. ამის შემდეგ ძნელია ისაუბრო დამარცხების მიზეზებზე. ესე ობიექტური ვიქნები და ვიტყვი, “ზესტაფონს” ჩვენზე უკეთესი შემსრულებლები ჰყავს”.
გია ჭიაბრიშვილი (“ზესტაფონი”) – “პირველი ტაიმიდან გამომდინარე ვერავინ ივარაუდებდა, რომ ეს შეხვედრა ასეთი ანგარიშით დასრულდებოდა. იღბალი დღეს ჩვენს მხარეზე იყო. მართალია პრინციპულ მეტოქესთან გავიმარჯვეთ, მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ”.
|
14.12.2011 - ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 5-1 |
დაწვრილებით:
|
შემდეგ მატჩს ზესტაფონელები კვირას, 18 დეკემბერს რუსთავში გამართავენ. ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” ესტუმრებიან.
|